"იმედი მქონდა, რაიმე საიმედოს იტყოდა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"იმედი მქონდა, რაიმე საიმედოს იტყოდა, მაგრამ..."

ჩვენს მაღაზიებში კილოგრამი სულგუნი 13 ლარი ღირს, ყველი - 12, ჩვენს სოფელს კი ამის ნახევარ ფასად შეუძლია რძის ნაწარმით მთელი საქართველოს რჩენა, მაგრამ ვერ არჩენს. რატომ? ეს თქვენც იცით და ჩვენც, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, თუ ხელისუფლებამ არ იცის!

ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში თქვენს გაზეთში წავიკითხე სტატია სათაურით "გლეხები რძეს კანალიზაციაში აქცევენ". მაშინ იმედი ჩამესახა, რომ მთავრობა დაინახავდა და გამოასწორებდა წინა წლებში დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ, სამწუხაროდ, სანუგეშო არაფერი მომხდარა. ახლახან ტელევიზიით სოფლის მეურნეობის მინისტრს ვუყურე, ანგარიშით რომ წარდგა პარლამენტის წინაშე, იმედი მქონდა, რაიმე საიმედოს იტყოდა, მაგრამ  შენც არ მომიკვდე!..

ამ წერილს იმ იმედით გწერთ, რომ ჩვენი ხელისუფლება იქნებ ახლა მაინც გამოგვეხმაუროს. გაზაფხული კრიტიკული პერიოდია მეცხოველეობისთვის, განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვის, სადაც წინა თვეებში ინფექციური დაავადება იყო გავრცელებული. ამ საკითხის იგნორირება დამღუპველია აგრარული ქვეყნის  მოსახლეობისთვის, რომელიც მცირე გლეხური მეურნეობების წყალობით ირჩენს თავს.

Gგასულ წელს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მეცხოველეობას თურქულის“ ტალღამ გადაუარა. მხოლოდ ბორჯომის რაიონში, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის უფროსის  მონაცემებით, 70%- მდე პირუტყვი აუცრელი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს, თუ პრევენციული ღონისძიებები არ ჩატარდება, დაავადება უფრო მასშტაბურად იფეთქებს. Dდასამალი არც ის არის, რომ შარშან გაცილებით უფრო საშიში დაავადების - ჯილეხის (ციმბირის წყლული) რამდენიმე კერა გაჩნდა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ამ დაავადების ბაცილა 50 წელს ძლებს ნიადაგში, რომ არაფერი ვთქვათ, ცოფზე, ბრუცელოზსა და ტუბერკულოზზე.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად არის დასაქმებული, წარმოიდგინეთ, რა ზარალი მიადგება ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ გლეხს 2-3 წლის შრომის პროდუქტის განადგურება მოუწევს (მთელი რიგი დაავადებების შედეგად რძე, ხორცი უნდა განადგურდეს, რაც დამატებით ხარჯს მოითხოვს).

- პრევენციული ღონისძიებები სასწრაფოდ არის გასატარებელი. რამდენიმე საკითხის მოგვარებამ, შესაძლებელია, სოფლად ბევრი პრობლემა გადაწყვიტოს. პირუტყვი რომ არ დაავადდეს, საჭიროა აცრების გეგმურად ჩატარება, ამასთან, აAცრებს უნდა ატარებდეს კვალიფიციური პერსონალი. ვაქცინა უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ სტანდარტებს, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იგი საჭირო რაოდენობით და დროულად უნდა შემოიტანოს  მწარმოებელი ქვეყნიდან და გააკონტროლოს მისი ხარისხი; შესაძლებელი უნდა იყოს სოფლად ფასიანი ვეტერინარული უბნების გახსნაც.

- სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზოგიერთ თანამშრომელს შევახსენებთ, რომ პრობლემის მოგვარება მათ ევალებათ და ის არგუმენტი, თითქოს არაფერი იციან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თურქულის გავრცელების შესახებ, მათ საქმიანობას დადებითად ვერ აფასებს. უმორჩილესად გთხოვთ, გამოასწოროთ მდგომარეობა, გაითვალისწინოთ, რომ "კვირის პალიტრას" საქართველოს ყველა კუთხეში კითხულობენ და განსაცდელში მყოფ გლეხებს იმით მაინც გაუწიოთ თანადგომა, რომ გაზეთის მეშვეობით აცნობოთ ამ საკითხთან დაკავშირებული თქვენი გეგმების შესახებ.

კონსტანტინე ვაშაკიძე, დაბა ბაკურიანი