"105 წლისა ოდიდან გადმოვარდა, თორემ კიდევ დიდხანს იცოცხლებდა" - კვირის პალიტრა

"105 წლისა ოდიდან გადმოვარდა, თორემ კიდევ დიდხანს იცოცხლებდა"

ამ წერილს ერთი ბიჭი გწერთ, მამუკა. მაგრად მიყვარს ძველი ნივთები და სადმე თუ წავაწყდები, პატრონს აუცილებლად მოვაყოლებ ხოლმე მათზე რამე საინტერესოს.

ნაძალადევში მეზობლად ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი გვყავს  - გვარად ვაჩეიშვილები არიან. ამას წინათ შოთა ბაბუამ სურათი მაჩვენა, - საუკუნის წინ არის გადაღებული, ბაბუაჩემი სიმონ ვაჩეიშვილი, აქ 105 წლის არისო.

იმ სურათზე სიმონ ბაბუას  ისეთი მაგარი ხანჯალი ჰკიდია, ახლა ალბათ მილიონიც ეღირება. მერე მითხრა,  იქნებ მიშუამდგომლო, - ძალიან მინდა, ეს სურათი ჩემს საყვარელ "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდოსო.  მაგას რა ნაცნობობა უნდა-მეთქი, დავამშვიდე მოხუცი, იმედი მაქვს დაინტერესდებით  ამ ფოტოთი  და შოთა ბაბუასაც არ გააწბილებთ. თუ შეეხმიანებით თავისი ბაბუის შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებათ.

მამუკა ქევხიშვილი

კარგი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ჩვენში ასი წლის ბაბუაც კი თავის წინაპარზე ფიქრობს, არამედ ისიც, რომ ასეთ ამბებში მამუკასთანა ბიჭებიც ერევიან. ამიტომ ბატონ შოთა ვაჩეიშვილს დავუკავშირდით (96 წლისა ყოფილა!) და მშვენიერი ამბავი მოვისმინეთ "ლომ ვაჩეიშვილზე", რომელიც ერთმეტრიან ხანჯალს 105 წლისაც კი არ იშორებდა და არა მხოლოდ სილამაზისთვის... მოკლედ, აი, როგორები იყვნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენ?

- ბატონო შოთა, მართლა ასე გინდოდათ ბაბუათქვენის ფოტო "კვირის პალიტრაში" მოხვედრილიყო?

- აბა, კაცო! თქვენს გაზეთს ხომ მთელი საქართველო კითხულობს, მინდა ჩემი ბაბუის ამბავიც იცოდნენ! ბაბუაჩემი მართლა ძალიან მაგარი კაცი იყო. ჩოხატაურში სოფელი იანეული გაგიგიათ? იქაური გახლავართ. ბაბუაჩემიც, სიმონ ვაჩეიშვილიც იქ დაიბადა და იქვე აღესრულა.

- არადა, ალბათ თავისი ხანჯლით, რუსეთის იმპერიის ომებშიც კი იბრძოდა.

- კი ბატონო, მაგრამ მოათავებდა იმ ომს და იანეულში ბრუნდებოდა. ეგ კი არა, ბაბუას შვილებიც იბრძოდნენ პირველ მსოფლიო ომში. მე დამრჩა ამ ომიდან ჩამოტანილი ხიშტი.

- თუ ბაბუათქვენი ჩვენთან გამოგზავნილ ფოტოზე მართლა 105 წლის არის, კაციც ეგ ყოფილა, წელში ლარივით არის გამართული, სახეზე ერთი ნაოჭი არა აქვს და თანაც, ხანჯალიც საკმაოდ მძიმე იქნება...

- კი ბატონო, მართლა ლამაზი კაცი იყო, ქალებსაც უყვარდათ თურმე.

ბაბუა ოდების მშენებელი იყო. საუკუნეს მიღწეულ კაცს ოდა ამოჰყავდა და მაინც ბუზღუნებდა - სიბერემ დამრია ხელიო. 105 წლისა ოდიდან გადმოვარდა, თორემ კიდევ დიდხანს იცოცხლებდა.

- "ლომი ვაჩეიშვილი" რატომ შეარქვეს?

- ჯერ იმას გეტყვით, ჩემო ბატონო, რომ "ლელო" გაგეგონებათ ალბათ. აი, ეგ ლელობურთი ისე არ ჩატარდებოდა თურმე, თუ ბაბუაჩემი არ იქნებოდა გუნდის თავი. სიმკვირცხლე არ აკლდა და ძალა, ბურთს ვერავინ ააცლიდა ხელიდან. ხმა კი  ისეთი ჰქონდა, ერთს დაიბუხუნებდა და ჩოხატაურის მთები ექოს აძლევდა - ის ექო ახლაც ჩამესმის ხოლმე. ბახმაროს მთებთან, თურქეთის საზღვარზე, ერთი სოფელია, ზოტი. ამ ზოტიდან თურქეთიდან გადმოსული ყაჩაღები  მოედებოდნენ გურიას და პირუტყვს იტაცებდნენ.

ატყდებოდა სოფელში განგაში, მიადგებოდნენ ბაბუაჩემს, - გვიშველეო. ბაბუა დაუძახებდა თავის ძმას, ექვთიმეს, - გამომყევიო და ეს ორი კაცი გაედევნებოდა ყაჩაღებს. თან ბაბუა გზადაგზა ყიჟინას დასცემდა თურმე. ყოფილა - თათრებს ამ ხმის გაგონებაზეც მიუტოვებიათ ნაყაჩაღარი და გაქცეულან - ხმაზე სცნობდნენ, ლომი ვაჩეიშვილია, თუ დაგვეწია, შავ დღეს დაგვაყრისო! გუშინდელივით მახსოვს, ჭილოფზე ვეჯექი ეზოში  ბაბუას, ქალები გამოივლიდნენ და დალოცავდნენ.

- ალბათ გულმოწყალეც იყო და იმიტომაც ლოცავდნენ.

- აბა, არა? გაჭირვება მარტო ახლა კი არ არის, მაშინაც იყო, ჩამატარებდა ხოლმე ბაბუა სოფლის გზაზე და ჩუმად დამანახებდა ვინმეს ოჯახს, - აი კაცი, ბაბუა, გაჭირვებულია, თუ შემთხვევა მოგეცეს, დახმარებაზე უარს ნუ ეტყვიო. ბევრისთვის თავადაც უგროშ-კაპიკოდ აუშენებია ოდა.

- თქვენც ხომ ისე იცხოვრეთ, ბატონო შოთა, როგორც ბაბუამ დაგიბარათ?

- ერთ შემთხვევას გეტყვი, შვილო, და მერე გაიგებ, როგორ ვიცხოვრე. ჩემსობას რეზინის ხელთათმანები არ იყო. ჩემი ამხანაგი აძვრა დენის ბოძზე - დენი გაფუჭდა, უნდა გავაკეთოო. არ იყო იმის გამკეთებელი. დენმა დაარტყა და აბღავლდა, - მიშველეთო. ვერ გეტყვი, იმ ბოძზე რანაირად გავჩნდი. ის კაცი მხრებზე დავისვი და ისე ჩამოვედი ქვევით.  ბევრი რამ დამავიწყდა, მაგრამ ეს ამბავი მაინც მახსოვს - სიკეთე ხომ ამ ქვეყანასა და იმ ქვეყანას შორის გადებული ხიდია.

P.S. თქვენც ხიდი ხართ, ბატონო შოთა და ის თქვენი მეზობელი მამუკაც. თქვენ - წინაპრებსა და აწმყოს შორის, მამუკა - აწმყოსა და მომავალს შორის. ღმერთმა ორივე გაგაძლიეროთ!