"იქნებ ამ სენს გადავაჩვიოთ!" - კვირის პალიტრა

"იქნებ ამ სენს გადავაჩვიოთ!"

გამარჯობა "კვირის პალიტრავ". მართალია, წერას "სკაიპში ჯდომას" ვამჯობინებთ, მაგრამ ჩვენები "კვირის პალიტრას" რომ მოიტანენ, მაშინვე გადავშლით - თქვენ "სხვა მუღამი" გაქვთ, სხვათა შორის, ჩვენთვისაც ბევრ საინტერესო რამეს ბეჭდავთ.

იმასაც დავკვირვებივართ - არასოდეს ხმარობთ ცუდ გამოთქმებს. ამიტომაც გწერთ ამ თემაზე. დარწმუნებული ვართ, ჩვენსავით სხვა ჩვენს ტოლებსაც გაურბით თვალი "კვირის პალიტრისკენ" და ამ წერილს წაიკითხავენ. მათ შორის, ისინიც, ვისაც ენის წვერზე გამარჯობასავით აკერია "ჩემი დედა". შვიდი-რვა წლის ბავშვები დედის მიმართ უცენზურო სიტყვებს ისე ხმარობენ, თითქოს ეფერებოდნენ, - დედიკო, მიყვარხარო. ეს ყველას ესმის, მაგრამ ყველა ისე იქცევა, თითქოს დაყრუვდნენო.

ალბათ, გვკითხავთ, თუ ყველა ასეთია, თქვენ როგორღა გაგიჩნდათ პროტესტის გრძნობაო! წერილსაც სწორედ მაგიტომ გწერთ. გვინდა  ყველამ იცოდეს: თუ ვიღაცას ჰგონია, რომ მათ ტოლებს მოსწონთ ასეთი გამოთქმები და მაგარ ბიჭობაში ეთვლებათ, ძალიან ცდებიან. ბევრ გოგოს და ბიჭს აღიზიანებს "ჩემი დედას" გაგონება. უბრალოდ, ფიქრობენ, რომ ამის მთქმელებთან დალაპარაკება არ ღირს. საკუთარ დედას ეკლესიური ადამიანი არ შეაგინებს, ეკლესიაში კი ძალიან ბევრი დადის - შაბათ-კვირას რომელ ტაძარშიც უნდა შეხვიდე, სავსეა ახალგაზრდებით.

ეს საშინელი "ჩვევა" ალბათ, ისევ ჩვენი თაობის მოსაშორებელია - ეს ჩვენ უკეთ გამოგვივა, ოღონდ არ უნდა დავიზაროთ და უარყოფითი რეაქცია ისე გამოვხატოთ, როგორც შეგვიძლია.

ამას წინათ ასეთი რამ შემემთხვა: ჩვენს ეზოში, სტადიონზე, შვიდი-რვა წლის ბიჭები თამაშობდნენ. ერთი ყოველი ბურთის დარტყმაზე ისე გაჰყვიროდა, "ბიჭო, ბურთი მომიტანე, ჩემი დედაო", ყველას ხმას ფარავდა. ჩვენ კი ვიდექით და ვლაპარაკობდით, ანუ ზუსტად ისე ვიქცეოდით, როგორც ყველა. მაგრამ... მოიცაო - თაკო ადგილს მოსწყდა და სტადიონისკენ გაიქცა. ბურთს ფეხი დაადო და, "ჩემ დედას" რომ გაჰყვიროდა, იმ ბიჭს ანიშნა, მოდიო. ისიც წინ დაუდგა. რას ეუბნებოდა, არ გვესმოდა. მერე ვკითხეთ, რა უთხარიო და, -  არაფერი, ვკითხე, - ასეთ ცუდ სიტყვებს რატომ ამბობ-მეთქი. თავი ჩაღუნა, მეც გავთამამდი და ვუთხარი, - შენ რა, ბიჭო, დედა ასე გძულს? არაფერი მითხრა და უსიტყვოდ შებრუნდა.

- მერე იმედი გაქვს, რომ აღარ გაიმეორებს? - ერთხმად ვკითხეთ მეგობარს.

- თუ არ დავყრუვდებით და  საკადრის პასუხს გავცემთ, იმედია ოდესმე მაინც დაფიქრდებიან თავიანთ საქციელზე, - გვიპასუხა მან.

თუ თქვენც ასე ფიქრობთ, გთხოვთ, ეს წერილი გამოაქვეყნოთ.

სოფიო შალამბერიძე, დადუნა ღოღობერიძე