"ჩვენი სახნავი მიწები ისევ წყალშია ჩაძირული" - კვირის პალიტრა

"ჩვენი სახნავი მიწები ისევ წყალშია ჩაძირული"

გადაუჭრელ პრობლემებზე გამუდმებული საუბარი არც ჩვენ გვინდა, მკითხველო, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ თუ არ ვიბრძოლეთ, ჩვენს ქვეყანას  სხვანაირად  არ ეშველება.

ჩვენც ვცდილობთ. მოდი და ნუ ეცდები, - ჩვენი სოფელი მრავალი წელია ეხვეწება ხელისუფლებას, მიწა უწყლობით გვეხრჩობა, წყალი მოგვაწოდეთო, მაგრამ წყლის მომწოდებელი არავინ ჩანს. მაშ, როგორღა ვიარსებოთ, ისევ სამათხოვროდ გაწვდილი ხელით?

პატივცემულო "კვირის პალიტრავ", უკანასკნელი წლებია, ბევრი გვესმის და გულიც გვეწურება, როცა სარწყავი წყლის გარეშე დატოვებული ქართლ-კახეთის, განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას ვუსმენთ: სარწყავი წყალი ხომ მტერმა წაართვა, არც ბუნებამ აღირსა წვიმის წვეთი და არც ხელისუფლებამ - ახალი არხები. ნამდვილად გმირია ეს ხალხი, ამ გახრიოკებულ მიწაზე მაინც რომ შრომობს. მათ შემხედვარეს ისიც გვიფიქრია, სირცხვილია, იმიერ საქართველოს სოფლებმაც ვიწუწუნოთო, მაგრამ არც ჩვენ ვართ უკეთეს დღეში, ოღონდაც სხვა მიზეზით.

ხობის რაიონში ვცხოვრობ. თუ ლიხსიქითა საქართველოს მიწები უწყლოდ გაყამირდა, ჩვენი მიწები, პირიქით, ჭარბწყლიანობამ აქცია უნაყოფოდ. ყოველი წვიმისას ისე იტბორება, სახნავ-სათესად უვარგისი გახდა, - ჭაობში ხვნა-თესვა გაგონილა? მოკლედ, ფორმაა სხვადასხვა, შინაარსი კი ერთი. ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი ახალი უფრო პროგრესული უნდა იყოს, ამიტომაც ძალიან სამწუხაროა, რომ ამ თემაზე ძველი ხელისუფლება თურმე უფრო ფიქრობდა, ვიდრე დღევანდელი.

ძველმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართო მსოფლიო ბანკი, რომელმაც 2002 წელს 90 მლნ დოლარი გამოყო საქართველოს ირიგაციისა და სადრენაჟე სისტემისათვის. სიხარულით ცას ვეწიეთ, როცა პირველ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების სიაში მოხვდა ჩემი სოფელი ჭალადიდი და მისი მიმდებარე ფოთისა და საგვიჩიოს მიწები.

სამუშაოებიც მაშინვე დაიწყო - ამ ტერიტორიაზე აღნიშნული სისტემის გაყვანა 2005 წელს უნდა დამთავრებულიყო. მაგრამ... სამუშაოები გაჩერდა და ჩვენი სახნავი მიწებიც ისევ წყალშია ჩაძირული ყოველი წვიმისას.

ახლა ვეკითხებით ხელისუფლებას, როგორ მოვიქცეთ? გვქონდეს მათი იმედი თუ?..