"აფხაზეთი მხოლოდ ფოტოებსა და საიტებზე მინახავს" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთი მხოლოდ ფოტოებსა და საიტებზე მინახავს"

გამარჯობათ. ძალიან მიყვარხართ, ბევრჯერ დავუფიქრებივარ თქვენს წერილებს ქვეყნის ბედზე. აუცილებლად უნდა მომეწერა - ჩემი თაობა ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება არ ჩანს, მაგრამ მართლა აკეთებს საქმეს. ერთ გოგონაზე უნდა მოგწეროთ.

ერთმა ჩემმა ახლობელმა ისეთი წიგნი დაწერა აფხაზეთზე, რომ უკვე ამერიკაშიც იყიდება, გერმანიასა და ინგლისშიც. და როგორ გგონიათ, რამდენი წლის არის ეს ჩემი ახლობელი? 25-ის! გვარსა და სახელსაც გეტყვით - შორენა ნიკოლეიშვილი. შეგიძლიათ მასზე ინტერნეტშიც მოიძიოთ ცნობები და ყველაფერს ისედაც გაიგებთ. დარწმუნებული ვარ, ასეთ ადამიანზე ყველამ უნდა გაიგოს.

ანასტასია ლობჟანიძე

ანასტასია, შენი თაობა რომ ქვეყნისთვის მართლა აკეთებს საქმეს, ჩვენც ძალიან კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ მომავალში კიდევ ბევრის გაკეთება მოგიწევთ. მაგრამ რაც მოგვწერე, ჩვეულებრივი ამბავი მართლა არ არის, ამიტომ დიდი სიამოვნებით გადავათვალიერე ინტერნეტში ინფორმაცია შორენა ნიკოლეიშვილზე. ეს ხომ გაგვიხარდა და ისიც ამაზე ნაკლებ არ გაგვხარებია, რომ შორენა ახლა უცხოეთში კი არა, აქ, სამშობლოშია და აქვე აპირებს ცხოვრებას. მადლობა შენც და მადლობას ვუხდით შორენასაც, რომ გამოგვეხმაურა.

- შორენა, უკვე ვიცით, რომ შენი წიგნი მსოფლიოს სამ უდიდეს ქვეყანაში იყიდება და წარმატებითაც. ხომ მოგვიყვები, 25 წლის ასაკში ეს როგორ შეძელი?

- ჯერ მითხარით, ვინ შეგატყობინათ?

- მოდი, სიურპრიზად დავტოვოთ, როცა ჩვენი გაზეთის ახალი ნომერი გამოვა, მაშინ გაიგებ.

- მაშინ სხვა რაღა დამრჩენია... მოკლედ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ჯერ ბაკალავრიატი და მერე მაგისტრატურა. მერე ვმუშაობდი და თან ვცდილობდი, კიდევ რაიმე მესწავლა. ჯერ ჰააგის საერთაშორისო კურსები დავამთავრე, მერე, ადამიანის უფლებების კურსები გერმანიაში, შემდეგ რიგის უნივერსიტეტმა გამოაცხადა მაგისტრანტების კონკურსი. ერთი წელიწადი ვსწავლობდი რიგის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. იქ ასეა, ყველა სტუდენტი თავისი ქვეყნის შესახებ ნაშრომს წარადგენს. ამიტომ გადავწყვიტე, სამაგისტრო ნაშრომი აფხაზეთზე დამეწერა.

- სამართლებრივ წიგნებში სუბიექტური ვერ იქნები, მოვლენებს მესამე პირის თვალით უნდა უყურო.

- ეგ მართლა ყველაზე რთული აღმოჩნდა. მე ქართველი ვარ, ჩემი გული და ემოცია ბუნებრივად იხრება ჩემი ხალხისკენ. წაიკითხავდა თუ არა უკვე დაწერილ მონაკვეთებს ჩემი ხელმძღვანელი, მეტყოდა, - შორენა, სულ ქართველებისკენ ნუ იხრები, ნუ იცავო... მოკლედ, მივხვდი, რომ მუშაობა რიგაში არ გამომივიდოდა, ამიტომ აფხაზეთის ომის შესახებ  საერთაშორისო სამართლის შეფასებები წამოვიღე და თბილისში სამი თვე ვმუშაობდი - სამშობლოდან უკეთ ჩანს, რა როგორ არის.

მაშინ სულაც არ მიფიქრია, რომ რასაც ვწერდი, წიგნად გამოვიდოდა. რიგის უნივერსიტეტში ნაშრომების დაცვას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობითი კომისიები ისმენენ. მათ შორის გერმანელებიც იყვნენ. სწორედ გერმანელებმა შემომთავაზეს, თქვენი ნაშრომი წიგნად ხომ არ გამოგვეცაო. რა თქმა უნდა, ეს რიგის უნივერსიტეტის რეკომენდაციაც იყო.

- ეტყობა, ამ უნივერსიტეტის რჩეული იყავი.

- მგონი კი. ხუთი კაცი გაგვგზავნა ევროპარლამენტში, სადაც სამი თვე სტაჟიორად ვმუშაობდი.

- ყოფილხარ აფხაზეთში?

- აბა, საიდან? მე იქ არ დავბადებულვარ. ომიც ბუნდოვნად მახსოვს. ბიძაჩემი იბრძოდა და დედა და ბებია სულ ტიროდნენ, გული უსკდებოდათ, ვაითუ, ცოცხალი აღარ დაბრუნდესო. აფხაზეთი მხოლოდ ფოტოებსა და საიტებზე მინახავს, მაგრამ დამერწმუნეთ, აფხაზეთი ჩემს თაობას ისევე სტკივა, როგორც იმ ადამიანებს, ვინც ამ ჩვენი ძირძველი მიწიდან გამოყარეს და მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი არ დაგვიკარგავს, ის ჩვენია!