"ხუთი წლის ბავშვს სკოლაში რა უნდა!" - კვირის პალიტრა

"ხუთი წლის ბავშვს სკოლაში რა უნდა!"

ცხოვრება თვალის დახამხამებაში იცვლება, თავად ადამიანი ცვლის. მაგრამ ვიცვლებით თუ არა ჩვენ? ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო?ბუნების  წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს გააწყობს, - დაეთანხმებით თუ არა ფსიქოლოგის ამ აზრს, თქვენი ნებაა, თუმცა აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, რადგან საქმე ჩვენი შვილების მომავალს ეხება.

რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა თქვა და მთელმა განათლების სამინისტრომ აიტაცა 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანის იდეა. ახალ სასწავლო წლამდე ბევრი დრო არ დარჩა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს გააზრებული არა აქვს პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე. მე კი, როგორც ფსიქოლოგი, გავიმეორებ რა ფსიქოლოგთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს ამ საკითხზე, სრული პასუხისმგებლობით, კატეგორიულად ვამბობ, - არა, ხუთი წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა არ შეიძლება!

ჩვენ ერთხელ უკვე დავუშვით შეცდომა, როდესაც თეორიული და პრაქტიკული გააზრების, სპეციალური მომზადების გარეშე, 6 წლის ბავშვები შევიყვანეთ პირველ კლასში, იქ, სადაც ადრე შვიდწლიანები სწავლობდნენ. ამ შეცდომის ნაყოფს დღემდე ვიმკით. მოგახსენებთ, რატომაც: 6 წლის ბავშვი როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე პიროვნულად თვისებრივად განსხვავდება 7 წლის ბავშვისაგან.

6 წლის ბავშვის სტიქია თამაშია, მას თამაშის ენით უნდა ელაპარაკო. ამიტომაც ვერ გაუსწორეს თვალი ამ ბავშვებმა სწავლის იმ პროცესს, რომელიც მათ სკოლაში დახვდათ და სკოლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც გაუჩნდათ. ჩვენი სკოლების სწავლება მეხსიერებაზეა ორიენტირებული, დაზეპირება უფროა, ვიდრე გააზრება, განათლების სამინისტრო კი, სამწუხაროდ, იმ სახელმძღვანელოებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც სწავლების ასეთ წესს აკანონებს.

ერთი სიტყვით, უკან დასახევი გზა აღარ დარჩა და ბავშვების ბედით დაინტერესებულმა ხალხმა გამოსავლის ძებნა დაიწყო. ის ორი სახით წარმოჩნდა: რეპეტიტორების აყვანა პირველივე კლასიდან და სასწავლო პროცესში თამაშის ელემენტების შეტანა. ცხადია, ვერც ერთმა საქმეს ვერ უშველა, - ვერაფრით მოხერხდა თამაშისა და სწავლის ურთიერთშეჯერება. ბავშვები ხან თამაშობდნენ, ხან სწავლობდნენ, გაკვეთილი იშლებოდა. თამაში და სწავლა სრულიად განსხვავებული ქცევაა! თამაში ვირტუალური სამყაროა. იქ ძირითადი "ძრავა" ბავშვის სურვილია, რომელიც ყველაფერს გადაასხვაფერებს და გარდაქმნის:

ქვა შეიძლება ნამცხვარი გახდეს, ხის ნაჭერი - კურდღელი და ა.შ. ფრთები ესხმება წარმოსახვას, მირაჟებსა და ზღაპრებს. ბავშვი თავის სამყაროს ქმნის და იქ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მაგრამ როცა პატარას 7 წელი უსრულდება, ის თანდათან რეალისტი ხდება, უკვე განასხვავებს ტყუილსა და მართალს, ხედავს ნამდვილი, რეალური სამყაროს კონტურებს, სწადია იქ შეღწევა, მისი შესწავლა და მასთან შეგუება. იცის, რომ თამაშისაგან განსხვავებით, სწავლა სერიოზული საქმიანობაა, რომელიც შეიძლება სახალისოც იყოს და საინტერესოც.

მაგრამ უკვე ჩვენზე, მოზრდილებზეა დამოკიდებული, როგორ დავანახებთ პატარას სწავლის პროცესს, როგორ ვაქცევთ მას ჭეშმარიტების აღმომჩენად. ანუ ჩვენ ბავშვი გადაგვყავს განვითარების ახალ საფეხურზე. იმ შემთხვევაში კი, როცა იძულებული ვართ, ვათამაშოთ, პატარას უკან ვექაჩებით.

ახლა ერთმანეთს შევადაროთ 5 და 6 წლის ბავშვები და დავინახავთ, რომ მათ შორის ბევრი რამაა საერთო. შესაძლებელია, ისინი ერთად დავსვათ და საერთო ღონისძიება ჩავუტაროთ. თუმცა ეს არამც და არამც არ უნდა იყოს არა ახლანდელი პირველი კლასი, არამედ ახალი, საბავშვო ბაღსა და სკოლას შორის გარდამავალი სტრუქტურა, რომელიც განთავსდება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

და თუ როგორი უნდა იყოს ეს სტრუქტურა, ამას კვლევა დასჭირდება, მაგრამ გვერწმუნეთ, რომ ამით ჩვენს მომავალს უსათუოდ დავაყენებთ იმ გზაზე, რომელზეც ნამდვილად შეიძლება სწავლა. ზოგიერთი რამ ამის შესახებ უკვე მოფიქრებული გვაქვს და თუკი განათლების სამინისტრო დაინტერესდება, მომავალში ბავშვებიც, მათი მშობლებიც და ქვეყანაც მოგებული დარჩებიან.

დასასრულს მინდა მივმართო ჩვენს პატარა ხუთწლიანებს: წადით წელსაც საბავშვო ბაღებში, ნუ აჩქარდებით, ისწავლეთ ბეჯითად, როცა თქვენი სკოლაში შესვლის დრო ნამდვილად მოვა!

იათამზე კოტეტიშვილი,

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი