ერმინე, ნუ გაცვლი აფხაზეთს სამ ლარზე და ოთხ ცალ პურზე... - კვირის პალიტრა

ერმინე, ნუ გაცვლი აფხაზეთს სამ ლარზე და ოთხ ცალ პურზე...

"შარშან, რუსთაველის პროსპექტზე, ჩემს თანამემამულეს, მეურნე კაცს აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ პირველად შევხვდი. ჩვენს შეხვედრას მამაკაცური ცრემლი ახლდა. ორივეს დრო გვქონდა, იქვე ჩამოვსხედით და მიტოვებულ სახლ-კარზე, მშობლიურ კუთხესა და ჩვენს ტკივილზე ვილაპარაკეთ. ჩემ წინ ის კაცი იჯდა, რომელიც მთელი სიცოცხლე ხნავდა და თესავდა, რგავდა და მოსავალს იღებდა, ხალიჩასავით ჰქონდა მოქარგული ეზო-კარი. ყველაფერი ეს ძმათა მკვლელმა ომმა წაართვა და თბილისში გამოდევნა. უმწეო და უხალისო - ავადმყოფს ჰგავდა. როცა დავშორდით, გავიფიქრე: - მე ამ კაცს, ალბათ, ცოცხალს აწი ვეღარ ვნახავ, დიდხანს ვეღარ გაუძლებს უმუშევრობას და აუტანელ დარდს-მეთქი.

მაგრამ გავიდა დრო და ცოტა ხნის წინ, საღამო ჟამს, ისევ რუსთაველის პროსპექტზე მხნე ნაბიჯებით მიმავალი ჩემი თანამემამულე ერმინე შევნიშნე. თვალს ვერ დავუჯერე, სხვაში ხომ არ შემეშალა-მეთქი, მაგრამ არა, ის იყო...

მერე ისევ ვისაუბრეთ აფხაზეთზე, მშობლიურ კუთხეში დაბრუნებაზე, მაგრამ რატომღაც მის ხმაში ძველი მონატრება აღარ იყო. წყენა არ შევიმჩნიე და ვკითხე, ახლა რას საქმიანობ-მეთქი. მეორე წელია, რაც პურის საცხობში მუშად მოვეწყვე. ვმუშაობ დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე, დღის ბოლოს მეპატრონისაგან ვიღებ სამ ლარს, ოთხ ცალ პურსა და ცხელ შხაპს. ყველაფერ ამას ზედ "ვაყოლებ" ბოთლ ღვინოს. ასე ვარჩენ, ჩემო ძმაო, ოჯახსა და საკუთარ თავსო... მერე აფხაზეთი და მიწა-მეთქი? რას ლაპარაკობ, სულელი ვყოფილვარ, მიწას რომ ვაკლავდი თავს, ცხოვრება ისედაც შეიძლება, როცა პირში ლუკმა გაქვს. მე იქ დამბრუნებელი აღარ ვარო. მერე დამემშვიდობა და თავისი ცხოვრებით უზომოდ კმაყოფილი მეტროსკენ ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას. გავოგნდი და მერე, თითქოს ერმინეს ველაპარაკებოდი, ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი: როგორ დავიჯერო, რომ საკუთარ ეზოში, ცვრით დანამულ მინდორზე ფეხშიშველა გავლა, ჭის ცივი წყლის დალევა, საღამოს ნიავი, "ჩვენებური" თოვლი და წვიმა, შენი ყვავილებიანი შუკა არ გენატრება-მეთქი?! და თუ არ გენატრება, თუ წარსულის ექო და მიწის ყივილი არ გესმის, იცოდე, რომ გვამი ხარ და უსულო სხეული-მეთქი. ახლა კი აქედან მივმართავ: - ძმაო, ერმინე, შენ რა გგონია, დევნილთა უმეტესობას არსებობისთვის ბრძოლა არ გვიხდება? განა ჩვენ არ ვაცხობთ და არ ვყიდით ქუჩაში პურს, ფენოვან ხაჭაპურს, განა არ ვემსახურებით ძლიერთა ამა ქვეყნისათა, მაგრამ რაც უფრო გვიჭირს და ვიბრძვით, მით უფრო ღრმავდება ჩვენში მშობლიური კუთხისადმი სიყვარული და მოწიწება. მით უფრო მტკიცდება რწმენა იმისა, რომ ადრე თუ გვიან დავბრუნდებით და ჩვეულ ცხოვრებას გავაგრძელებთ. ჩვენ სხეულის გადარჩენას სულის გადარჩენა ვარჩიეთ. დაფიქრდი, სანამ დროა, ჩემო გზააბნეულო მეგობარო, უმკურნალე შენს გადაგვარებულ სულს. ღვთის ნაბოძები მიწის უარყოფას, მის უპატრონოდ მიტოვებასა და მიგდებას, იცოდე, თვით უსაზღვროდ სულგრძელი და მიმტევებელი უფალიც ვერ გაპატიებს!

ქრისტესმიერი სიყვარულით - ომარ შარია,

დევნილი აფხაზეთიდან"