რატომ ამერიკული და არა ქართული სიმინდი? - კვირის პალიტრა

რატომ ამერიკული და არა ქართული სიმინდი?

ეს თემა არახალია, მაგრამ არახალი ჭეშმარიტებაა ისიც, რომ ადამიანი საკვების გარეშე ვერ ძლებს და ქვეყნად მოვლინებიდან დღემდე მარადიულად იბრძვის ლუკმაპურის მოსაპოვებლად - სწავლობს და გამოჰყავს ის ჯიშები, რომელმაც უნდა აცოცხლოს.

ქართველმა კაცმაც საუკუნეების მანძილზე ისეთი ჯიშები შექმნა, რითაც ნებისმიერ უცხოელს განვაცვიფრებთ. ჩვენი მიწა თავისი, საკუთარი გემოთი ატკბობდა და ატკბობს თვით დედამიწის უშორესი წერტილიდან გადმონერგილ მცენარეთა ნაყოფს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ქართველი კაცი სხვებთან შედარებით უფრო უნდობლად ხვდება გენეტიკური ინჟინერიით მიღებულ პროდუქტებს - მან (და არც კაცობრიობამ!) ჯერ არ იცის, რას მოუტანს ეს სიახლე.

თუმცაღა, გვავიწყდება  ერთი ნიუანსი, რაც უმეტესწილად განაპირობებს ჩვენში ასეთი პროდუქტების შემოტანას - ეს სიზარმაცეა. რაც წინაპრებმა გადმოგვცეს, მას ვერ ვუვლით. თუმცა იმ იმედით, რომ ამაზე დავფიქრდებით, მაინც შევეცდებით კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ, თუ რით სჯობია, მაგალითად, ჩვენს მიწაზე გამოყვანილი სიმინდის ჯიშები ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის მოსავალს.

ძვირფასო რედაქციავ, აგრონომი კაცი ვარ და ბოლო დროს მეც ხშირად მიჩნდება კითხვა, თუ რამდენად აუცილებელია საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოტანა. როგორც აგრონომი, ძალიან კარგად ვიცნობ მესიმინდეობის დარგს და შემიძლია მოგაწოდოთ რამდენიმე მონაცემი, მერე კი თავად განსაჯეთ. პირველი:

ქვეყანაში ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი დაახლოებით 15 ჯიშის სიმინდი არსებობს, რომელიც მოსავლიანობით ამერიკულს არ ჩამოუვარდება.

მაგალითად, "ქართული კრუგი" (ყვითელი სიმინდი) ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰა-ზე 10-12 ტ მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობებში კი - 12-14 ტონას. "გეგუთის ყვითელი", ასევე ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰა-ზე 7-8 ტონა სიმინდის მოსავალს იძლევა, "აბაშის ყვითელი" - 7-8 ტონას, "აჯამეთის თეთრი" - 7-8-ს, "პაპალაშვილის თეთრი" (თეთრი და ყვითელი) - 12-14 ტონას და ასე შემდეგ. დავამატებ იმას, რომ ქართული სიმინდის ყველა ჯიშს სასურსათო დანიშნულება აქვს, სუფრაზე სიმდიდრე და სილამაზეც არის და მაღალი გემოვნებით გამოირჩევა.

გვაქვს ქართული ჰიბრიდებიც. მათზე სელექციონერი ზურაბ ჯინჯიხაძე მუშაობდა. ისინი ასევე რამდენიმე სახისაა და საკმაოდ მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. მაგალითად, ქართული ჰიბრიდებია: "წეროვანი-1", რომელიც ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 12-14 ტონა მოსავალს იძლევა, ამდენსვე იძლევა "წეროვანი-2"-იც. ამასთან, ქართული სათესლე სიმინდი 1 კგ 3 ლარი ღირს, ამერიკული - 17 ლარი. გარდა ამისა, 1 ჰექტარზე ჩვენი ჯიში რომ დათესო, 18 კილოგრამია საჭირო, ამერიკული - 22 კგ.

ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის თესლი იმითაა გამორჩეული, რომ მაღალმოსავლიანია, მაგრამ მისი თესლად გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ ფერმერი თუ გლეხი ყოველ წელს, თუ სიმინდის დათესვას გადაწყვეტს, თესლი ისევ იმპორტიორი კომპანიისგან უნდა შეიძინოს. ახლა თავად განსაჯეთ, რა სჯობია, რასაკვირველია, თუკი მუშაობის სურვილი და გული გექნებათ.