"თუ კაცი გქვია, ტყუილი ერთ კაცსაც კი არ უნდა უთხრა" - კვირის პალიტრა

"თუ კაცი გქვია, ტყუილი ერთ კაცსაც კი არ უნდა უთხრა"

მე ის კაცი გახლავართ, რომელსაც 2008 წლის ომმა თავზე გადაუარა. იმ საშინელ დღეებში მხოლოდ სიცოცხლეზე ვფიქრობდით. ჩემს სახლთან რომ ბომბი ჩამოაგდეს, დავკეტე კარი და ოჯახით დუშეთში, სოფელ ჩრდილიაანთკარში დასთან გადავედი.

მადლობას ვწირავ უფალს, რომ ჩემი სახლ-კარი გადაბუგვას მაინც გადაურჩა. თვალს რომ გავახელ, ავად თუ კარგად, ისევ ჩემს კედლებს შევცქერი, ჩემს ნაშრომ მამულში ვარ. კაცი სანამ ცოცხალია, ცდილობს, როგორმე ფეხზე წამოდგეს და გაიმართოს. მეც ჩემს დაქცეულ და გაძარცულ სახლში (რუსებმა და ოსებმა რაც სახლში დოვლათი გვქონდა, სულ წაიღეს) ისევ შრომას შევუდექი.

სიმართლე გითხრათ, ჩვენი ხელისუფლების იმედით, თორემ დღეს, თანაც საზღვრისპირა სოფელში  ბომბებით დაბზარულ-დამსხვრეული კედელ-სახურავის თუ სხვა რამის აღდგენას მხოლოდ საკუთარი თავის იმედად როგორ ვიფიქრებდი. არადა, ასე გამომივიდა - გორის მუნიციპალიტეტში ვის არ მივმართე, ვისთან არ მივედი და მხოლოდ ერთ პასუხს ვიღებდი: "საკითხი განხილვის პროცესშია და აყვანილი არის კონტროლზე".

მე გლეხი კაცი ვარ, პროცესებისა არაფერი მესმის, მაგრამ ის ძალიან კარგად ვიცი, რომ თუ კაცი გქვია, ტყუილი ერთ კაცსაც კი არ უნდა უთხრა, არათუ მთელ შენს ქვეყანას. ეს კაცსაც ღუპავს და ქვეყანასაც. არადა, საკუთარი ყურით ვისმენდი, როგორ გაიძახოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ომით დაზარალებულებს ზარალი აუნაზღაურდებათო. ეს ჩვენმა პრეზიდენტმაც რამდენჯერმე ბრძანა... ნუთუ არ ფიქრობენ, რომ დადგება დრო და ტყუილის მთქმელს მართალსაც არავინ დაუჯერებს?

შოთა გოგლიძე, გორის რაიონი, სოფელი თერგვისი