გადაგვარჩენინეთ საქართველო! - კვირის პალიტრა

გადაგვარჩენინეთ საქართველო!

რაც აქ წერია, ვეჭვობთ, ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის სხვაც ბევრი რამ იყოს, მაგრამ...

მართალია, პრობლემას მატერიალურად ვერ მოგვიგვარებთ, მაგრამ გაახმაურებთ და მამულიშვილურ საქმესაც გააკეთებთ: დარწმუნებული ვარ, თუ ხელისუფლების არა, ხალხის გულში მაინც გაღვივდება იმის მადლი, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდა. თანაც, ეგებ ხელისუფლებაც დაფიქრდეს, რას ჰკრავს ხელს. არსებულმა მდგომარეობამ ბევრი ჩვენგანი დააფიქრა, რით უნდა ეშველოს ქვეყანას. საქმე ჩვენს ყოფნა-არყოფნას ეხება - ქართველობის ნახევარი გადახვეწილია, ნახევარიც, უმეტესწილად, ქალაქშია და ცდილობს, შიმშილით არ მოკვდეს, ანდა უმუშევარია.

სოფელი კი, ის, რაზეც ყოველთვის ჭიპით იყო მიბმული ქართველი კაცი, იცლება. სამაგიეროდ, ჩვენს ადგილზე შემოდიან ჩინელები, ინდოელები... ხელისუფლება მათ ყველა სიკეთეს ჰპირდება, დანარჩენ ადგილებს კი ჩვენი მეზობლები იკავებენ. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ იმასთან შეგუება არ შემიძლია, რომ ჩვენს  ქვეყანაში სხვა მკვიდრდება და ჩვენც ადგილს ვუთმობთ. ვთქვი - ეს ყველა ქართველს გვაწუხებს-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი გაგვიკეთებია. ჰოდა, ერთხელაც შევიკრიბეთ რამდენიმე კაცი, მათ შორის, ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი პირი და შევადგინეთ დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილი: "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს:

ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინებით ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერები (რამდენიმე ადამიანი), მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მობილიზაცია სოფელში დასაბრუნებლად. მათ შორის იმ ნგრევის პირას მისულ სახლებში ჩასახლებით, რაც, საუბედუროდ, ბლომად მოგვეპოვება (შესაბამისად, უნდა მოიძებნოს ამ სახლების შესყიდვის მექანიზმი). გვაქვს რა შეგნებული დღევანდელი ეკონომიკური თუ სოციალური პირობები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არ იქნება განუხორციელებელი იდეა, პირიქით, მას ბევრი გამოეხმაურება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სოფლად ცხოვრების მსურველთა ოჯახებს მოამარაგებთ ტექნიკით, რომელიც საჭიროა მიწის დასამუშავებლად.

მათ შორის აუცილებელია მიკროავტობუსი (თუნდაც ნახმარი) და მინიტრაქტორი. შესაძლოა აღნიშნული არცთუ მცირე თანხას მოითხოვდეს, მაგრამ ის არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი სახელმწიფო ხარჯავს გასართობი სანახაობებისთვის. სანაცვლოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, რაც სანატრელი გაგვიხდა, - ეს ხალხი არა მხოლოდ გაუკაცრიელებულ მიწას მიხედავს და დოვლათს შექმნის, არამედ საზღვრისპირა სოფლებში ფარად აეფარება ქვეყანას. პირადად ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, მზად ვართ, ოჯახებით პირველსავე დაძახებაზე გადავსახლდეთ ნებისმიერ ადგილზე, თუ შრომისა და ცხოვრების ელემენტარული პირობები გვექნება.

აი, ასეთი გახლავთ ეს წერილი, რომელიც რამდენჯერმე გაეგზავნა რეგიონული განვითარების სამინისტროს, საიდანაც მოგვივიდა დაახლოებით ისეთი პასუხი, როგორსაც ოროსანი ბავშვი პასუხობს მასწავლებელს: მასწავლებელო, გაკვეთილი კი საინტერესო იყო, მაგრამ დღეს ვერ მოვამზადე, ხვალ ვიმეცადინებო. ამ სამინისტროდან ერთადერთი ადამიანი გამოგვეხმაურა (გვარს არ დავასახელებ, ვინ იცის, უფროსობის წინ გადახტომა დასწამონ!):

აგაშენათ ღმერთმა, ეს რა კარგი რამ მოგიფიქრებიათ. დრო მოვა და ეს საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისა გახდება, თავად ხელისუფლება დაიწყებს თქვენნაირი ხალხის ძებნასო. ეს იყო და ეს. ამისთვისაც მადლობელი ვართ იმ კაცისა, მაგრამ სანამ დრო მოვა, მანამდე თუ ჩინელმა და ინდოელმა სახლი წამოჭიმა ჩვენს მიწაზე, მერე იმ სახლიდან როგორ უნდა გამოვიყვანოთ?!

პატივისცემით, შალვა ლობჟანიძე, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი