"ამ წიგნებმა ჩემი ცხოვრება საინტერესოდ შეცვალა - კვირის პალიტრა

"ამ წიგნებმა ჩემი ცხოვრება საინტერესოდ შეცვალა

ნათქვამია, რასაც დათესავ, იმას მოიმკიო. აი, ეს გამახსენდა, როცა ქეთი ედიტაშვილსა და მის მეგობრებზე დავფიქრდი. რატომ გამახსენდა? ამას ამ წერილით გაიგებთ.

გამარჯობა "კვირის პალიტრავ"!

არ ვიცი, ეს ამბავი მნიშვნელოვანია თუ არა  და თუ ღირს მისი მოყოლა, მაგრამ მაინც უნდა მოგიყვეთ. ეს თქვენ გეხებათ - ჩვენს გაზეთს, თქვენს გამოშვებულ წიგნებს, რომლებმაც ჩემი ცხოვრების  რთული პერიოდიდან გამომიყვანა.

სამწუხაროდ, სკოლა ისე დავამთავრე, დიდად არ მქონდა შესაძლებლობა, თქვენი გაზეთი მეკითხა. ეს დაახლოებით ერთი წლის წინ შევძელი, როცა თბილისში ჩამოვედი და  სტუდენტი გავხდი... ჩემმა რძალმა შინ "კვირის პალიტრა" მოიტანა. ძალიან კარგად მახსოვს, რა სიამოვნებით წავიკითხე. იქ  ჩემთვის ბევრი საინტერესო თემა აღმოვაჩინე.  მერე  დაიწყეთ ახალი პროექტი - "50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო" და ჩემი ცხოვრება მეტად საინტერესო გახდა.

სამწუხაროდ, ჩემი თაობა კარგ წიგნებს ვერ ყიდულობდა და არც საკუთარი ბიბლიოთეკა გვქონდა. ჩემმა რძალმა წიგნების ყიდვა დაიწყო (ახლა საოცრებას გეტყვით: ჩემი ორი წლის ძმისწული თქვენს გამოცემულ "80 000 კილომეტრი წყალქვეშ" აიღებს და ამბობს, - ჟილ ვერნიმ დაწერა!), მეც მივბაძე. მერე ეს ამბავი თანაკურსელებსაც მოვუყევი. მათ ახლა ყველა ახალი წიგნის ყიდვა ისე უხარიათ, თითქოს განძი შეეძინოთ. ასეც არის.

თანაც, ბევრი ჩვენგანისთვის თითქმის ყველა ნაწარმოები ახალია, ბევრი მწერლის სახელი აქამდე არც კი გაგვეგონა. წიგნების შესაძენი ფული, სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს, მაგრამ ვერც კი ვხვდებით, როგორ რუდუნებით ვაკოწიწებთ. გმადლობთ "კვირის პალიტრავ", არასოდეს დაგვავიწყდება, რაც ჩვენთვის გააკეთეთ.

ქეთი ედიტაშვილი

P.S. დიდი მადლობა ქეთისა და მის მეგობრებს იმ იმედისთვის, რაც მისმა წერილმა მოგვანიჭა, - მიუხედავად დროის სიძნელისა, ჩვენს ახალგაზრდობას სიყვარულის ნიჭიც აქვს, მადლიერებისაც და, რაც მთავარია, ცოდნის შეძენის სურვილიც.