"მე დავინახავ!" - კვირის პალიტრა

"მე დავინახავ!"

ჩვენს ქვეყანაში პრობლემას რა დალევს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი მკითხველების წერილებში იმედიც არის. ამ ახალგაზრდა ქალის წერილის წაკითხვისას კი კიდევ ერთხელ ვიფიქრეთ, - რა დაბრკოლებაც უნდა გაგიჩნდეს, მომავლის იმედი უსათუოდ უნდა გქონდესო.

მინდა სრულიად განსხვავებულ სამყაროზე მოგწეროთ. უსინათლო ბავშვთა სკოლაში ვმუშაობ. ვისაც ამ სკოლასთან შეხება არ ჰქონია, ვერ წარმოიდგენს, რას ნიშნავს უსინათლო ბავშვების გვერდით ყოფნა, როგორ არის მათი ყოველი წუთი იმ შეგნებით განმსჭვალული, რომ ამ სამყაროში ადამიანის შინაგან ბუნებასთან შედარებით დანარჩენი არაფერია; როგორი ნიჭიერები და თანაც, სულით მებრძოლები არიან ჩვენი მოსწავლეები - თავისი ცოდნითა და მიღწევებით  დაჟინებით ცდილობენ ცხოვრების გზაზე გასვლას. გავლენ კიდეც, ზოგიერთი ძალზე ფართო გზაზეც კი, მაგრამ ჩვენც უნდა გავუწოდოთ ხელი. მით უფრო, თავად აქვთ ამის იმედი.

აქ, ჩვენთან, ერთი ულამაზესი გოგონაა, ესმა გუბერიძე. ერთხელ თავისი მოთხრობები მოიტანა, ბევრი არა, მაგრამ რაც იყო, კარგი და განსხვავებული. იცი, ამას რა უნდა უყო-მეთქი? "კვირის პალიტრაში" უნდა დავრეკო, იქნებ  მოეწონოთო. ზოგიერთი წერილობითი საშუალება უსინათლოებისათვის საგანგებოდ ხმოვანდება, რისი სერვისი, სამწუხაროდ, გაზეთებს არა აქვთ. ასე რომ, ვერ ვიტყვი, ესმა "კვირის პალიტრის" წერილებს ეცნობა-მეთქი, უფრო სხვისი ნაამბობით გიცნობთ, - მათ შორის, ალბათ ჩვენგანაც - უსინათლოთა სკოლის თანამშრომლებისაგან. მოკლედ, ვუთხარი, - დარეკვას სჯობს, დედას სთხოვო მიგიყვანოს რედაქციაში, თან გაგიცნობენ-მეთქი. არ ვიცი, რას იზამს, მაგრამ თუ მოვიდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც იმათ შორის იქნებით, ვინც ცხოვრების გზაზე გასვლაში ხელს შეაშველებთ.

პატივისცემით, ირმა

...ერთ მშვენიერ დღეს ესმა მართლაც მოვიდა რედაქციაში, - მართლაც ძალიან ლამაზი და საინტერესო გოგონაა. დავსხედით და ვისაუბრეთ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, ლექსებზე, იმედზე და ბოლოს მისი ჩანაწერებიც ვნახეთ, რომელთა  ნაწყვეტს აქვე შემოგთავაზებთ. მანამდე კი ვიტყვით, რაც ესმას ვუთხარით, - ცხოვრების გზა ყოველთვის როდია ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ რადგან ქვეყანას მოევლინე, რანაირი გზაც უნდა გედოს წინ, უნდა იარო. და რაც უფრო ჯიუტად მიდიხარ, მით მეტი გაქვს სიძნელეების გადალახვისა და წარმატების შანსი.

დანარჩენს კი ქვემოთ შემოგთავაზებთ:

- ესმა, მოთხრობები კომპიუტერში ასე ლამაზად თავად აკრიფე?

- სამწუხაროდ, არა, ვუკარნახე, თუმცა თავადაც შემიძლია აკრეფა, მაგრამ სწრაფი მუშაობისთვის ხელის გაჩვევა მჭირდება. წერა და კითხვა უფრო იოლად შემიძლია, - ჩვენ ჩვენი - ბრაილის შრიფტით ვკითხულობთ.

- თუ მწერლობა გადაწყვიტე, ბევრი უნდა წაიკითხო, მათ უმეტესობას კი ბრაილის შრიფტი არ გააჩნია.

- მაგრამ გააჩნია ხმოვანი ჩანაწერები. ბევრი კლასიკოსის წიგნია გადაწერილი ხმოვან დისკზე და მეც ვისმენ.

- თანამედროვე ტექნოლოგიებს უკვე ბევრი რამ შეუძლიათ, უსინათლოებისთვის კითხვის რაიმე ახალი მეთოდი ხომ არ გაჩნდა?

- კი, გაჩნდა. ეს არის ხელსაწყო, რომელსაც წიგნზე გადაატარებ და ახმოვანებს. მაგრამ მე პირადად რობოტის ხმები არ მომწონს, მირჩევნია, თვითონ წავიკითხო ან ადამიანის გახმოვანებული წიგნები მოვისმინო.

- ვინმე გეუბნება, რომ ძალიან ლამაზი ხარ?

- ზოგჯერ.

- და წარმატებულიც უნდა გახდე. ეს არ არის ადვილი, მაგრამ თუ იმუშავებ, შეძლებ. წერის ნიჭი ნამდვილად გაქვს, მაგრამ წერასაც არა მხოლოდ ნიჭი, არამედ ბევრი მუშაობა სჭირდება და... იმედიც. ამის გჯერა?

- ხან კი, ხან - არა...

- უნდა დაიჯერო, როგორც თუნდაც შენი მოთხრობის გმირმა, ელენემ. მპირდები?

- დიახ.

- მაშინ მოდი, ამ მოთხრობიდან ამონარიდი წავიკითხოთ: "მე არ ვიყავი ბედნიერი იმით, რომ ვხედავდი ცას, მზეს, მთვარეს... მხედველობა ჩვეულებრივი რამ იყო, მიმაჩნდა, რომ მის გარეშე ცხოვრება არც შეიძლებოდა. რომ მცოდნოდა, რაც მელოდა, განა ასე ვიცხოვრებდი! თვალით შევჭამდი ბუნებასა და ადამიანებს, რომ უსინათლობაში წამეღო და არასოდეს დამვიწყებოდა.

ახლა კი ისიც არ მახსოვს, როგორია მწვანე ფერი! და... ელენე ვინ იცის, მერამდენედ ნახულობდა კომპიუტერში მედიცინის სიახლეების საიტს. უცებ ფერი ეცვალა, გულმა ბაგაბუგი დაუწყო. მე დავინახავ! - იყვირა მან, - თვალის ბადურის მიმაგრების ტექნოლოგია შეუქმნიათ. ოპერაცია ძვირია, მაგრამ მოვიცდი, ის უსათუოდ გაიაფდება. მე დავინახავ!..

ადამიანებო, ნურასოდეს დაკარგავთ იმედს, დააფასეთ ის, რაც გაქვთ და მიიღებთ იმას, რაც არ გაქვთ!"