ტყუილად ხომ არ უთქვამთ ჩვენს წინაპრებს "ტყე შეუნახე შვილებსაო" - კვირის პალიტრა

ტყუილად ხომ არ უთქვამთ ჩვენს წინაპრებს "ტყე შეუნახე შვილებსაო"

ხშირად ვწუწუნებთ, ქართველმა კაცმა შრომა დაივიწყაო. ასე არ არის. ჩვენ ნელ-ნელა ვუღებთ ალღოს, როგორ უნდა ვიცხოვროთ და ვიცხოვრებთ კიდეც. ყურადღებას მიაქცევდით ალბათ, არაერთხელ დაგვიწერია, საქართველო უკანასკნელ წლებში თემურ ლენგისა და მურვან ყრუს ნათარეშალზე ნაკლებად არ გახრიოკებულა, მიმხედავი კი არავინ არისო.

მიმხედავიც გამოჩნდა (საქართველოს პატრიარქის მოწოდებით ამ გაზაფხულზე იმდენი ნერგი იყიდება, რაც ალბათ წინა წლებში ერთად არ გაყიდულა) და გადარჩენის ინსტინქტმაც იმძლავრა - ქართველებმა მცენარეთა იმ ჯიშების ძებნა დავიწყეთ, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა უნდა გადაარჩინოს.

ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ როგორც კაცს, ისე ერსაც აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი. ყოველ შემთხვევაში, ქართველებს ისე ვერაფერი შეგვინახავდა. შეუძლებელია, მას ახლაც არ გაეღვიძა. ვერ გეტყვით, ყველა სფეროში, მაგრამ ნელ-ნელა ფეხზე ვდგებით. ჩემს თავზე ვიტყვი: ქალაქელი კაცი ვარ, პროფესიით ინჟინერი და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, უცხოურ საიტებზე ისეთი მცენარეების ძებნას თუ დავიწყებდი, რომლებიც სწრაფად იზრდება და ძვირფას საშენ მასალად გამოდგება.

მაგრამ ეტყობა, ტყეების გადაწვა და გადაჭრა გულში ისე მომხვდა, რომ თავისთავად მივედი ამ აზრამდე და მარნეულში, ასე ვთქვათ, მომავლის ხის სანერგე გავაკეთე. აი, სწორედ ასე ეძახიან პავლოვნიას. გამაოგნებელი რამ არის, ძალიან სწრაფად იზრდება. ერთ წელიწადს რომ დარგავ, მეორე წელიწადს უკვე ულამაზესი სურნელოვანი ყვავილებით და ფოთლებით შემკული ორ-სამ მეტრამდე სიმაღლის ჩრდილოვანი ხე გაქვს და უკვე 6-7 წელიწადში უძვირფასეს მერქანს იძლევა ხის მასალისა და ქაღალდის დასამზადებლად.

მისი ნექტრით იკვებება ფუტკარი, ფოთლებით კი პირუტყვი, - ათწლიანი პლანტაციიდან ნედლი ფოთლების მთლიანი მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 50 ტონაა, ხმელისა - 15 ტონა. მისი ღრმა და განტოტვილი ფესვთა სისტემა ნიადაგს იცავს ჩამორეცხვისგან, აჩერებს მეწყერს, ზრდის ნიადაგის ტენიანობას... და... არც დიდი ჯაფა სჭირდება - საქართველოს ნებისმიერი მიწა ზედგამოჭრილია მის მოსაშენებლად. ერთადერთი - წყლიანი და ჭაობიანი ადგილები არ უყვარს, მაგრამ საქართველოში მისი მოშენება ისეთ ადგილზეც კი დაიწყეს, როგორიც ლანჩხუთია, სადაც რამდენიმე მეტრის ქვემოთ წყალია, მაგალითად, სოფელ შუხუთში. ყველას ხომ არა აქვს ჩვენისთანა მიწა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკოლოგიაც გაგვიუმჯობესდება და სილამაზეც არ მოგვაკლდება.

პატივისცემით, აკაკი ყიფიანი

P.S. გაიხარეთ, ბატონო აკაკი, კარგი ამბის მოწერისათვის. და აქვე დავამატებთ: მარნეული შორს არ არის, - კაცი ნერგის დარგვაზე კარგ საქმეს რას გააკეთებს, ტყუილად ხომ არ უთქვამთ ჩვენს წინაპრებს "ტყე შეუნახე შვილებსაო". მთვარია, ნერგის დარგვა არ დაგვეზაროს, როგორც ჩვენს წინაპრებს არ ეზარებოდათ.