"იქნებ ჩამოხვიდეთ და თავად ნახოთ!" - კვირის პალიტრა

"იქნებ ჩამოხვიდეთ და თავად ნახოთ!"

ხანგრძლივი ტკივილი ზოგჯერ ტკივილის შეგრძნებას ჰკარგავს. ასე დაგვემართა ქართველებს დევნილებთან დაკავშირებით. ვერც კი გავისიგრძეგანეთ, რას ნიშნავს ერთხელ უკვე სახლიდან გამოყრილი ხალხისთვის მეორედაც ჭერის დაკარგვა.

თუმცა სანამ ადამიანი დროებით თავშესაფარში ცხოვრობს, სრულფასოვანი ვერ იქნება. ვინც ეს იცის, საკუთარ ჭერქვეშ შესვლას შვება უნდა მოეგვარა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭერი ნამდვილად ჭერი იქნება და არა ტყუილი. არადა, "საჩვენებელი კორპუსების" გარდა, ჩვენს დევნილებს ტყუილი შერჩათ ხელთ.

ეს წერილი ალბათ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისთვის უნდა მიგვეწერა, მაგრამ არა გვგონია, ამის წამკითხავი იყოს. ამიტომაც გვინდა, ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმაზე, რა ტყუილზეა აგებული ჩვენი ყოფა. ახლა დევნილების გამოსახლება ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგრამ გვერწმუნეთ, არც ჩვენ ვართ კარგ დღეში, ვინც არავის გამოვუსახლებივართ.

მაგალითად, აბაშაში, ტექნიკუმებსა თუ ბაგა-ბაღებში შესახლებულ დევნილებს 2009 წელს დაგვადგნენ თავს და გვითხრეს, - ნუ გეშინიათ, ახლა ევრორემონტს ჩაგიტარებთ და გეშველებათო. სიხარულით ცას მიგვიწვდა ხელი, მაგრამ ისე ეშველა ჩვენს მტერს. მას აქეთ სამი წელიწადი გავიდა და ზოგიერთ შენობაში არც კანალიზაციაა, არც წყალი და არც კარი აქვს ბინებს. იატაკის დაგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. აი, ასე ვართ. იტყვით, აბა, როგორ ცხოვრობთო? გიპასუხებთ:

ისევ ძაღლუმადურად. თუ ვინმე არ დაგვიჯერებს, შეუძლია თავად მობრძანდეს და ნახოს, რა დღეში ვართ. დაჯერებით კი ნამდვილად არ დაგვიჯერებს, რადგან ამას წინათ მინისტრი გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, - აბაშაში ობიექტები სრულ წესრიგშიაო. უწყლობასა და უშუქობაზე მეტად ეს გვემწარა - არ გვეყო, რაც გადავიტანეთ, რომ სახელმწიფო მოხელეები ისევ ჩვენს ხარჯზე იწერენ ქულებს?! არ გამოვა, ბატონებო!

მოვა დრო, ამ ტყუილებისთვის კანონი თუ არა, საკუთარი სინდისი მოგთხოვთ პასუხს, ეს კი ყველაზე ძნელია. ამიტომ, ბატონო მინისტრო, ვიცით, რომ დევნილთა წერილებს არ კითხულობთ, "კვირის პალიტრიდან" ამბავს უსათუოდ მოგიტანთ ვინმე და თუ თქვენ არ შეგიძლიათ აბაშაში ჩამოსვლა, კომისია მაინც გამოგზავნეთ. სხვა თუ არაფერი, ის მაინც გაიხსენეთ, სად წავიდა ჩვენთვის გამოყოფილი სახსრები.

პატივისცემით,  აბაშის რაიონის დევნილები