"მათთვის სამშობლოს ბედი სულერთია" - კვირის პალიტრა

"მათთვის სამშობლოს ბედი სულერთია"

"აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უფროსმა მითხრა, თქვენ გაინტერესებთ ეგ თქვენი აფხაზეთი, თორემ მე იქ ქუდიც რომ შემიგდონ, წამსვლელი არ ვარო!"

"ჯერ თავად აფხაზები შემოვირიგოთ, მერე, აფხაზეთიც დავიბრუნოთ"

დროს ბევრი ძვირფასი რამ მიაქვს. ალბათ ეს გვიჩენს შიშს, რომ ის ფესვები არ გაწყდეს, რაც ჩვენს დაკარგულ მიწასთან გვაკავშირებს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს: იხოცებიან ადამიანები, მაგრამ არ კვდება ერი! თუნდაც ამ ქვეყნიდან წავიდეს თაობა, რომელიც ჩვენს დაკარგულ მიწა-წყალზე ცხოვრობდა ან ეს მიწა ვინმემ კომფორტზე გაცვალოს, ერს არაფერი დაავიწყდება. და თუ ის გადარჩენის ღირსია, ოდესმე თავის მიწასაც დაიბრუნებს.

"პალიტრის ფოსტაში" შორენა ნიკოლეიშვილის ამბავი რომ წავიკითხე (# 16), გამიხარდა,-გოგონას აფხაზეთი თვალით არ უნახავს, მაგრამ მასზე საოცარი წიგნი დაწერა და მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს გააგებინა, რაც მოხდა... ამან გამომაკეთა, თორემ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზოგიერთი წევრის შემხედვარეს გული გატეხილი მქონდა. დავით გურამიშვილი ბრძანებს: "ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო"-რაც სათქმელია, უნდა ითქვას, საერო საქმეების მალვით კარგი არაფერი დაგვმართვია და არც დაგვემართება.

მეც შორენასავით თვალით არ მინახავს აფხაზეთი და მისგან განსხვავებით, წიგნსაც ვერ დავწერ მასზე, მაგრამ დარდი არ მასვენებს. სულ იმას ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რიგითმა ქართველებმა, ისეთი, რომ ჯერ თავად აფხაზები შემოვირიგოთ, მერე, როცა იქნება, აფხაზეთიც დავიბრუნოთ. არსებობს ისეთი მარტივი ხერხი, როგორიც წერილების ხელიდან ხელში გადაცემა ან მისი პროკლამაციებად გავრცელებაა. მოკლედ, მეც დავწერე ასეთი წერილი აფხაზი ხალხის სახელზე და აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში მივიტანე-თქვენ კავშირი გაქვთ სამეგრელოსთან, იქიდან აფხაზეთში თავისუფლად მიდი-მოდიან.

KvirisPalitra.Geიქნებ ეს წერილი ვინმე დარბაისელ კაცს გადასცეთ, რომელიც აფხაზეთში შეიტანს-მეთქი. ველოსიპედს არ ვიგონებ. ამ ხერხს სახალხო დიპლომატიასაც ეძახიან და მისთვის სხვადასხვა დროს ხშირად მიუმართავთ. მერწმუნეთ, უბრალო ხალხის აზრების ურთიერთგაზიარებას დიდი ძალა აქვს. ან იქნებ ვცდები და ჩემი წერილი ანგარიშში ჩასაგდებიც არ იყოს, მაგრამ თავისთავად იმ დამოკიდებულებამ გამაოგნა, რაც აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ვიგრძენი.

მომიტევოს მან, ვინც ამ დაწესებულებაში გულით მუშაობს, მაგრამ იმ კაცზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომელიც ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილედ გამეცნო (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, დღესაც იქ მუშაობს). იმ კაცმა ჯერ ჩემს ნახსენებ წერილს ჩახედა, თავი დამიქნია, მერე თავისი მობილურის ნომერიც მომცა,-ორიოდე კვირის შემდეგ დამირეკეთო. მაგრამ როცა დავრეკე,-ასეთი ნომერი არ არსებობსო, ავტომატმა მიპასუხა. ამჯერად წერილების თემაზე უკვე ამ კაცის უფროსს მოვახსენე ჩემი აზრი. იმანაც თავისი საკონტაქტო ნომერი მომცა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ავტომატის პასუხი მივიღე,-ასეთი ნომერი არ ფიქსირდებაო.

მოთმინება დამეკარგა,-თუ გიჟად ჩამთვალეს, მაშინვე, თუნდაც ზრდილობიანად, რატომ არ მაგრძნობინეს, ამდენი ტყუილი რა საკადრისია-მეთქი და იმ "უფროსს" გულმოსული დავადექი თავზე,-რა ხდება-მეთქი! თქვენი წერილი დამეკარგაო. ახლა კი ვეღარ მოვითმინე და მივახალე,-თუ ერთი წერილისთვის ვერ მოგივლია, ვინ დაგნიშნა განყოფილების უფროსად და ვინ ჩაგაბარა ეს ხალხი, ან რაში გიხდის სახელმწიფო ხელფასს...

თუ ჩემი აზრი არ მოგეწონა, გეთქვა პირდაპირ, წინ და უკან რას დამარბენინებდი, ან არარსებულ ტელეფონის ნომერს რას მაჩეჩებდი-მეთქი! იცით, რა მიპასუხა? თქვენ გაინტერესებთ ეგ თქვენი აფხაზეთი, თორემ მე იქ ქუდიც რომ შემიგდონ, წამსვლელი არ ვარო! წამოვედი გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული. არადა, არ იკითხავთ, რას ვწერდი იმ წერილში აფხაზებს?

თუ რუსებს ასე გააპარპაშებთ, 50 წლის შემდეგ თქვენი ერი აღარ იქნება-მეთქი! ეს, რაღა თქმა უნდა, ჩემსავით სხვასაც უთქვამს, მაგრამ მნიშვნელობა იმას აქვს, ამ სათქმელს აფხაზებამდე როგორ და რანაირად მივიტანთ. მე ამ თემაზე აფხაზეთის მთავრობას ჩემი აზრი შევთავაზე და მათაც ისე გამომისტუმრეს, როგორც მოგიყევით. მინდა, მომავალში სხვას მაინც აღარ შეხვდეს ისეთი ხალხი, ვისთვისაც სამშობლოს ბედი სულერთია და არა მარტო-იქ!

პატივისცემით, ავთანდილ ქურხული"