ცხვარიჭამია შველას ითხოვს! - კვირის პალიტრა

ცხვარიჭამია შველას ითხოვს!

სილამაზეს რომ დაინახავ, მშვენიერიაო, რომ არ თქვა, არ შეიძლება. ჩვენი მიწა-წყალი კი ნამდვილად მშვენიერია,-სალი კლდეებიდან ლურჯ ზღვამდე. მანქანების გამონაბოლქვით სავსე დედაქალაქსაც ისეთი თვალწარმტაცი ადგილები აკრავს, თვალისჩინივით რომ უნდა გაფრთხილება, მაგრამ...

"გახსოვთ ცხვარიჭამია? გემახსოვრებათ... ახლა  კი ნაპარტახალია. არადა, ამ ოციოდე წლის წინ თვალს მოგტაცებდათ ხშირ, შერეულ ტყეში ჩაფლული 4-5-სართულიანი სანატორიუმები, დედათა და ბავშვთა პანსიონატი თუ კერძო სახლები, ზამთარ-ზაფხულ ულამაზესი ბუნებით. ზაფხული გრილი-თბილისთან შედარებით 7-80ც-ით დაბალი ტემპერატურით, ზამთარი-ხანგრძლივი. მაშინ ცხვარიჭამია ზაფხულობით დამსვენებელს ვერ იტევდა, თბილისის სიცხეს გამოქცეული თბილისელები სანთლით დაეძებდნენ თავისუფალ ოთახებს.

მიტოვებული კორპუსები ჩამოიქცა, ეზოები გატყიურდა, გაჩნდა ქვეწარმავლები, მგლები დათარეშობენ. ზამთრობით კერძო სახლები იძარცვება, გამკითხავი კი არავინ არის. ცხვარიჭამია მცხეთის გამგეობას ეკუთვნის, მაგრამ  რაზეც უნდა მიმართო გამგეობის თანამშრომლებს, მათი ნათქვამიდან აზრს ვერ გამოიტან, არც "ჰოს" გეუბნებიან კურორტის აღორძინებაზე და არც "არას".

იქაურობა კი ერთადერთი წყაროს იმედზეა, წყალგაყვანილობა, რომელიც ყველა სახლში შედიოდა, ჟანგმა შეჭამა და აღარ არსებობს. აღარ არის მაღაზიები, კვების ობიექტები, პრესის ჯიხურები, გასართობი ადგილები, ტრანსპორტი... სპორტული მოედნები და სტადიონები ბუჩქნარმა და ბალახმა დაფარა; თიანეთისკენ ცხვარიჭამიის გავლით მიმავალი ავტობუსი კი ისეთი გადატვირთულია, ფეხის ჩასადგმელი ადგილი არ არის... ასე რომ, აქ ხალხიც აღარ ისვენებს,-ჩამოვლენ, დაინახავენ, რა ხდება და უკანმოუხედავად გარბიან.

აი, დღევანდელი რეალობა. ალბათ გული დაგიმძიმეთ ამ ყველაფრით, მაგრამ რა ვქნათ. თქვენს გაზეთს ბევრი კითხულობს და იქნებ ეს წერილიც წაიკითხოს და გულთან მიიტანოს იმან, ვისაც ამ კურორტის შველა შეუძლია. თავადაც იხეიროს, ჩვენც სიცოცხლის ხალისი  დაგვიბრუნოს და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის გააკეთოს სასიკეთო საქმე.

პატივისცემით, ცხვარიჭამიის მუდმივი მცხოვრებლები"

P.S. ისღა დაგვრჩენია, გამშვენიერებული ცხვარიჭამია ოცნებაში წარმოვიდგინოთ. შეუძლებელია, ასეთმა ლამაზმა კუთხემ ერთხელაც თავისკენ არ მიგახედოს...