ჩვენი მერი მასწავლებელი - კვირის პალიტრა

ჩვენი მერი მასწავლებელი

"მერი მასწავლებელმა უკრაინაში 18 ქართველის სამარე იპოვა და ჩვენი სოფლიდან ხალხი წაიყვანა მათ სანახავად"

დღევანდელობამ ფასეულობები გადააფასა, თუმცა არა ყველა. სამშობლოს სიყვარულს უფროსი თაობები უმცროს თაობებში ანდერძივით ტოვებენ. ამ "ანდერძში" ყველა იმას წერს, ვისაც რა შეუძლია. კარდენახელი მერი მასწავლებელი კი თურმე იმას "წერს", რაზეც მისი მოსწავლეები გვიამბობენ...

"ჩვენს სოფელში თქვენი გაზეთი ძალიან უყვართ. ოჯახიდან ოჯახში გადააქვთ... ბოლოს, ვეღარ იცნობთ, ისე გაიცვითება ხოლმე. სხვათა შორის, ამას წინათ ჩვენს სოფელზეც გამოქვეყნდა წერილი. ძალიან გაგვიხარდა, ჩვენებურების სურათები რომ ვნახეთ. ჩვენს სოფელში ბევრი კარგი ადამიანია, თქვენ კი მხოლოდ რამდენიმე კაცს დალაპარაკებიხართ. არა უშავს, ალბათ სხვა დროსაც ჩამოხვალთ.

ახლა კი უნდა მოგწეროთ ჩვენს მასწავლებელზე მერი ხოსიტაშვილზე, ადამიანზე, რომელიც ძალიან გვიყვარს. ამას წინათ გული დავწყვიტეთ,-დავალება მოგვცა, სოფელი უნდა დაგვევლო და მოხუცების ნაამბობი ჩაგვეწერა, მაგრამ დროზე ვერც ერთმა ვერ გავუკეთეთ. რამეს რომ დაგვავალებს და ვერ ვასრულებთ, გვიბრაზდება. ახლაც რომ არ შევუსრულეთ თხოვნა, გვიყურა, გვიყურა და გვითხრა,-ესე იგი, ჩემი სიტყვა აღარ ჭრის, ალბათ უკვე მივაღწიე იმ ასაკს, ჩემი აღარ სჯერათ და დროა, სკოლიდან წავიდეო.

ძალიან ვინანეთ. ალბათ  ვერ დავარწმუნეთ, ან არ მოგვისმინა, გაბრაზებული იყო. გადავწყვიტეთ, ბოდიში გაზეთით მოვუხადოთ. უფრო სწორად, თანაკლასელის დედამ გვირჩია,-ასე გააკეთეთ, ძალიან გაუხარდებაო. ისიც მერი მასწავლებლის ნამოწაფარია და იცნობს მის ხასიათს-უყვარს "კვირის პალიტრა" და გული მოულბებაო. მერი მასწავლებელი ოთხმოცი წლის არის, სამოცი წელიწადია, რაც მასწავლებელია და ყველა კარდენახელი მაგის ნამოწაფარია. სახლში რომ ვიტყვით ხოლმე, მერი მასწავლებელმა ასე და ასე გვითხრაო, გვეუბნებიან,-ეგ კიდევ ბევრ რამეს გასწავლით, კარგად დაუგდეთ ყურიო.

არც გამოდის, რომ არ მოუსმინო, ისეთ საინტერესო ამბებს გვიყვება ხოლმე. რაც ჩვენი სოფლის გარშემო ციხე-ტაძრებია, სულ მერი მასწავლებლის დავალებით გვაქვს მოვლილი და აღწერილი. თუ თქვენი სოფლის ისტორიით არ დაინტერესდებით, არც თქვენი ქვეყნის ისტორია დაგაინტერესებთ და არც სამშობლო გეყვარებათო,-გვეუბნება. ერთ რამეს გეტყვით,-გერმანიასთან ომში ჩვენი სოფლიდან თურმე ბევრი წასულა, დახოცილან და უცხო მიწაზე  დაუკრძალავთ.

მერი მასწავლებელმა მოიძია მათი საფლავები. უკრაინაში 16 ქართველის სამარე იპოვა და ჩვენი სოფლიდან ხალხი წაიყვანა მათ სანახავად. მათ შორის ჩვენი სკოლის მოსწავლეები-დაღუპულთა შვილთაშვილები. თან ჩვენი სოფლის მიწა წაიღეს საფლავებზე მოსაყრელად...

აი, ასეთია ჩვენი მერი მასწავლებელი. თუ დაგაინტერესებთ, გარეგნობით როგორია, სურათს გიგზავნით-თონესთან გადავუღეთ, როცა ლავაშები უნდა დაეცხო. ჩვენ მოგვწონს ეს სურათი, იქნებ თქვენც მოგეწონოთ და დაბეჭდოთ".

P.S. ჩვენ კი თქვენ მოგვწონხართ, იმ მასწავლებლის ამაგის დანახვა და სიყვარული რომ შეგიძლიათ, რომელსაც ნამდვილად ჰყვარებიხართ თქვენც და ქვეყანაც. ამიტომაც თხოვნას აუცილებლად შეგისრულებთ. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა მოსწავლეები და თქვენი მერი მასწავლებლისნაირი პედაგოგები.