მთაწმინდელი მაგარი ბიძები - კვირის პალიტრა

მთაწმინდელი მაგარი ბიძები

"თუ გინდათ, თქვენც ნახეთ და მერე დაწერეთ, რა!"

"გამარჯობა, პალიტრა! ეს წერილი ძალიან გთხოვთ გაზეთში გამოაქვეყნოთ.

მოკლედ, ჩვენ ლუკა და გოგი ვართ, მთაწმინდელები, მე-12 კლასში ვსწავლობთ. ჩვენი უბანი ძალიან გვიყვარს. მთაწმინდაზე მაგარი ხალხი ცხოვრობს. ალბათ, ყველა იტყვის, ჩვენთანაც ასეაო, მაგრამ გააჩნია, რა შემთხვევაში. რაც ჩვენმა უბნელებმა გააკეთეს, არა გვგონია, სხვაგანაც გაეკეთებინათ. მთაწმინდაზე კაკაბაძეების ქუჩა ხომ იცით, ყველაზე მაღლა ეგ ქუჩაა. მაგ ქუჩაზე გააშენეს ძალიან მაგარი სკვერი. ვინმე კი არ ეუბნებოდა, გინდა თუ არა გააკეთეთო, თავად მოუნდათ ასე. თავიდან ბაჩუკი ძიამ დაიწყო _ საერთოდ, ყველაფერი მისი დამსახურებაა. გორაზე, ფიჭვებში ერთი ადგილი მოასუფთავა, მერე ქვედა ქუჩებიდან ქვები ყოველდღე აჰქონდა და ტერასებს აკეთებდა. მერე სხვებიც აიყოლია, დიდად არა, მაგრამ ზოგჯერ უბნის ბიჭებიც ვეხმარებოდით ხოლმე. მერე ჩვენი უბნის გოგოებმა ყვავილებიც დარგეს. ერთი სიტყვით, ჯიგარი რამე გამოვიდა. თანაც ჯერ კი არ დამთავრებულა, იქ ყოველდღე რაღაცას აკეთებენ ჩვენი უბნელი ძიები. თუ გინდათ, თქვენც ნახეთ და მერე დაწერეთ, რა!

ლუკა და გოგი".

KvirisPalitra.GeP.S. წერილის წაკითხვის შემდეგ, აბა რა გაგვაჩერებდა და კაკაბაძეების ქუჩაზე მივედით, დავსხედით და დავტკბით აქეთ სკვერის სილამაზით, იქით _ თბილისის მშვენიერი ხედით. ასეთი კარგი რამ როგორ მოიფიქრა თქვენმა ბაჩუკი ძიამ, ან რანაირად აიტანა იმსიმაღლეზე ამდენი ქვა და აგური. კაცი ამისთანა რამეს რომ აშენებდა, მთელი უბანი დაეხმარებოდა, აბა, რა! რანაირად გაულამაზებია იქაურობა! თქვენ ალბათ არ იცით, თითოეული ქვის ასე ლამაზად დაშენებას რამდენი დრო, ძალა და ფიქრი სჭირდება, მაგრამ სილამაზისა და კეთილი საქმის შეფასების უნარი რომ გაქვთ, ნამდვილად კარგი ბიჭები ხართ. მართალია, როცა ჩვენ ვიყავით, სკვერში ვერც თქვენ გნახეთ და ვერც თქვენი უბნელი მაგარი ძიები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მათი შრომის ნაყოფმა ხომ გაგვახარა. ასეა ალბათ ყველა, ვინც ამ სკვერში მოხვდება. თქვენც და თქვენმა მთაწმინდელმა ძიებმაც გაიხარეთ კეთილი საქმისათვის.