გამარჯობა, საქართველო! - კვირის პალიტრა

გამარჯობა, საქართველო!

"გამარჯობა, საქართველოვ! პირველად ჩამოვედი თქვენს ქვეყანაში და მისმა სილამაზემ გამაოგნა. აქ ყველაფერი ძალიან, ძალიან მშვენიერია - თქვენი ხალხი, თქვენი ეკლესიები, თქვენი ქალაქები. აქ ყოველ წუთს ვივსები თქვენი სიყვარულით და სწორედ ამას გწერთ ღია ბარათით.

მინდა, ქართველმა ხალხმა იცოდეს, როგორ შემიყვარდა. ამიტომ გადავწყვიტე, ეს ბარათები რომელიმე ქართული გაზეთისთვის გამეგზავნა. ჩემმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, "კვირის პალიტრა" საქართველოში ყველაზე ცნობილი გაზეთიაო, ამიტომ გთხოვთ, თუ შეგიძლიათ, ერთი ბარათი მაინც დაბეჭდეთ. მიყვარხარ, საქართველოვ!

მარი. საფრანგეთი".

აი, ასეთ ბარათებს გვიგზავნის უცნობი ფრანგი გოგონა რედაქციაში. რა რჯიდა - არაფერი. ისე გააოგნა საქართველომ, გრძნობა გულში ვერ ეტეოდა და სადღაც ხომ უნდა ამოეხეთქა. გამოგიტყდებით და, ჩვენც სიამოვნებით დავცქერით ჩვენი სამშობლოს ულამაზეს ხედებს და გულში, იცით, რას ვფიქრობთ? რა დაგვემართა, ქართველებო, მთელი ქვეყანა რომ დავიაროთ, ხუთ პროცენტსაც არ გვექნება ნანახი ჩვენი მთა და ბარი და უცხოეთის სანახავად კი გავრბივართ. ამიტომ გმადლობთ, მარი, რომ ჩვენი ქვეყნის სილამაზეზე შენ გვიამბობ.