"გვეშველება რამე?!" - კვირის პალიტრა

"გვეშველება რამე?!"

"კასპის რაიონის სოფელ სამთავისიდან გწერთ. 10 წლის წინ, როცა მთელ ქვეყანაში გაზი არ იყო, ჩვენს სოფელში ბუნებრივი აირი ყველა ოჯახს ჰქონდა. მერე, როცა გაზის შეყვანა ბევრგან დაიწყო, ჩვენ გაგვითიშეს. დაგვამშვიდეს, - გაზი ჟონავს, შევაკეთებთ და ისევ ჩაგირთავთო. მაგრამ ისე თქვენც კარგად იყავით და ჩვენც, როგორც ჩართეს. მერე, მე შენ გეტყვი, ტყე გვაქვს, რომ შეშით მაინც გავთბეთ. მოკლედ, ამდენი ხანია, ვწვალობთ და წლევანდელ ზამთარსაც შიშით ველით. იქნებ თქვენ გაგვირკვიოთ, გვეშველება რამე თუ არა.

თქვენი ერთგული მკითხველები - გაიოზ ჯაყელი, შაქრო მჭედელაძე, ომარ მჭედელაძე".

ამ საკითხზე ჩვენ სამთავისის გამგებელს, შაქრო ტეტუნაშვილს ვესაუბრეთ. მან დაგვიდასტურა, რომ კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სამთავისში ნამდვილად ყველას ჰქონდა გაზი.

- ახლა რატომღა აღარ აქვთ?

- გაზი სოფელში მიწისქვეშა მილებით იყო შეყვანილი. ეს მილები ისეა დაზიანებული, რომ მათი შეკეთება შეუძლებელია.

- მაგრამ ეს მოსახლეობისთვის დამამშვიდებელი არგუმენტი ვერ იქნება, მით უფრო, კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრებთათვის.

- სწორედ ამიტომ მივმართეთ უცხოურ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ. ვვარაუდობთ, რომ სამთავისის და მისი მეზობელი სოფლების გაზიფიცირება გაისიდან შესაძლოა დაიწყოს.

აი, ასეთი გახლავთ სამთავისის გამგებლის პასუხი. სამწუხაროდ, წელს სამთავისელებს ისევ ცივი ზამთრის გადატანა მოუწევთ. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება გაისად მაინც არ გაყინავს კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრებ ქართველებს.