"წამოვიდა მზითვი, წამოვიდა..." - კვირის პალიტრა

"წამოვიდა მზითვი, წამოვიდა..."

"კვირის პალიტრას" მკითხველები ისე ემოციურად ეხმაურებიან, კარგი იქნებოდა, ყველას გამოქვეყნება რომ შეგვეძლოს. მაგრამ რადგან ეს ვერ ხერხდება, მხოლოდ იმას ამოვირჩევთ ხოლმე, რომელშიც ჩვენი ერის მაჯისცემა იგრძნობა. ამას წინათ ერთი ასეთი ელექტრონული წერილი გავხსენი და...

მე ლიკა ვარ, 16 წლის. გვარს არ გწერთ, რადგან ვისზეც მინდა გიამბოთ, გაიგებს და ნამდვილად მომკლავს. ხარაგაულში ვცხოვრობ. "კვირის პალიტრას" ყოველთვის ვკითხულობ, თანაც სიამოვნებით. გამოგიტყდებით, კითხვა დიდად არ მიზიდავს, მაგრამ რახან თქვენს გაზეთს ყველა ჩემიანი კითხულობდა, ერთხელ მეც გადავშალე და თვითონაც გამიკვირდა, თავიდან ბოლომდე რომ ჩავიკითხე. ასე რომ, ხარაგაულში ფანები გყავთ.

მაგრამ ყველაზე მაგარი ჩემი მეზობელი მარიამ ბებო გახლავთ. იცით, ახლა რას აკეთებს? გაგიჟდებით! თქვენთან რომ კასპელ ტყუპ ბავშვზე იყო წერილი დაბეჭდილი, ორი თვეა მათთვის საბნებს კერავს, - ღარიბები არიან, მზითვი მე უნდა გავუმზადოო. ვუთხარი, მაგას გაზეთს მივწერ-მეთქი. რა ავადმყოფობა აღარ აწუხებს, ის კი მაინც კერავს და კერავს. მის ტელეფონს გაცნობებთ და ძალიან გთხოვთ, ამაზე დაწერეთ.

ლიკა ...ჩვილების ამბავზე ბევრი ჩვენი მკითხველი ისევ გვეხმიანება, - უღარიბეს ოჯახში დაბადებული, სიკვდილის პირას მისული გოგონები სწორედ მათ გადაარჩინეს "კვირის პალიტრის" წერილის შემდეგ და აუწონავი მადლიც გაიღეს. მაგრამ მარიამ ბებოს ამბავი მაინც რაღაცნაირი იყო, - აბა, იფიქრეთ: ერთი ქალია, - დილით ადგება, ძროხას საძოვარზე გადენის, მერე მივა შინ, სახლს დაალაგებს, ოჯახს სადილს მოუმზადებს, მერე ბოსტანში გადავა სამუშაოდ, მერე პირუტყვიც დაბრუნდება საძოვრიდან, იმათ მიხედავს... მერე ირგვლივ შემორტყმული მთებიდან მოვა ღამეც, დაიძინებს ყველა შინ, ის ამოიღებს ატლასის საბნებს, ჩამოიცვამს სათითეს და კერავს და კერავს სამზითვოს იმ გოგოებისთვის, რომლებიც ასე, 17 წლის შემდეგ იქნებიან გასათხოვრები და თანაც თვალით არ უნახავს. აბა, გული ვის გაუძლებდა, ასეთი ქალისთვის არ დაერეკა? რომელი ხარ, დედა, - გვკითხა იმანაც ზემოიმერული კილოთი.

- "კვირის პალიტრა" ვართ... ტყუპებისთვის მართლა კერავთ საბნებს?

- რავა, ვინ გითხრათ ეგ?!

- ჩიტმა მოგვიტანა ამბავი და ძალიანაც გაგვახარა. უნდა დავწეროთ.

- რას ვშვრები ახლა დასაწერს? დიდი ამბავი, თუ ბოვშებს ორი საბანი გოვუბლანდე.

- გაიხარეთ. ახლა თქვენი გვარიც მითხარით.

- რათ გინდათ ახლა ჩემი გვარი, დედა, ჩემთვის ცდებით?!

- თქვენ ეს მითხარით, როგორ უნდა გაგზავნოთ საბნები ხარაგაულიდან კასპში?

- მაგი მე ვიცი. ერთი კაი ნათლული მყავს და იმის ახლობელი დადის თბილისში. იმისთანა კაი ბიჭია, ქე რო იტყვი, ნეტაი, შენს დედასო. არ მეტყვის უარს საბნების წაღებაზე - სადაც თბილისი, იქაც კასპი.

- კერვას უკვე ამთავრებთ?

- რომ დავამთავრებ, შეგატყობინებთ. ცოტა მიჭირს, - ოსტეოქონდროზმა მუხლებზე დამაკვრევინა თავი, მარა ვაჯობებ და დავამთავრებ მალე.

P.S. აი, ასე დავემშვიდობე ამ ქალბატონს და თქვენ მოგანდობთ იმაზე ფიქრს, ლიკას წერილმა როგორი ადამიანი გვაპოვნინა.

P.P.S ორიოდე დღის წინ, დილის შვიდ საათზე აწკრიალებული ტელეფონი ძილბურანში ხელის ფათურით ავიღე და...

- "კვირის პალიტრა" ხარ, დედა, ხო? წამოვიდა კასპში მზითვი, წამოვიდა!