"შენ ხომ იცი, როგორ გვიყვარხარ!" - კვირის პალიტრა

"შენ ხომ იცი, როგორ გვიყვარხარ!"

ადამიანები სულ ვჩქარობთ. მერე უკან მივიხედავთ და თურმე ისეთი რამ გამოგვრჩენია, რისი გამორჩენაც არ შეიძლებოდა. განა რომელიმე ჩვენგანი იტყვის, რომ დედისთვის ამაგის გადახდა შევძელით? წლები კი გადის... ჰოდა, ამ წერილსაც ვბეჭდავთ  ნიშნად იმის, რომ დედას ხშირად უნდა მოვეფეროთ.

ამ წერილის გმირი, ქალბატონი ნინა შეყილაძე-გველესიანი (ჭიათურა, სოფელი ხრეითი) მრავალგზის მოსაფერებელია, დედა ხომ არის, გმირიც ყოფილა - ცხრა შვილი, ოცი შვილიშვილი და თექვსმეტი შვილთაშვილი გაუზრდია. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი დედები და ისეთი შვილებიც, ამ წერილის ავტორივით ტკბილად რომ შეუძლიათ დედებს მადლობა უთხრან.

თითოეულ ჩვენგანს ჰგონია, რომ მისი დედიკო ყველა დედაზე კარგი, ძლიერი და საყვარელია.. მეც ასე მგონია, - როცა დედას ვუყურებ, მიკვირს, რა მშვიდად ახერხებს ცხოვრების სიმძიმის და სიმკაცრის ატანას და ჩემი გულგატეხილობა-იმედგაცრუების შემრცხვება ხოლმე.

ვერ წარმომიდგენია, უმისოდ რა მეშველებოდა, ვისი თვალებით დავინახავდი სიცოცხლის მშვენიერებას, უკიდეგანო ცის სილაჟვარდეს, ცისარტყელას, მზის ამოსვლას, მთვარის ნათებას და კიდევ რა ვიცი. ცხრა შვილი გაგვზარდა და ყველა, როგორც შეგვიძლია, ისე, ვემსახურებით ჩვენ-ჩვენს ოჯახებს და სათაყვანებელ სამშობლოს.

დიდი ფუფუნებით არ ვცხოვრობთ, სამაგიეროდ, ერთმანეთი გვიყვარს და ერთ დაძახებაზე ერთმანეთის საშველად დავირაზმებით ხოლმე, - ესეც დედამ გვასწავლა. სულ გვეუბნეოდა, - დედმამიშვილობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა, ერთმანეთი ისე უნდა გიყვარდეთ, პირველად დედმამიშვილის სატკივარს უნდა უშველოთ და მერე საკუთარსო. ღმერთის, მოყვასის და სამშობლოს სიყვარულზე დილა რომ გათენდებოდა, იქიდან ჩაგვჩიჩინებდა, - ესეც მიკვირს - ამისთვის როგორ იცლიდა  იმდენი საქმის მქონე.

ალბათ უფალმა დააჯილდოვა ამ ნიჭით როგორც ყველა ჩვენგანს აბერტყავს ხოლმე თავის წყალობის კალთას. ჩვენ კი ან ვიღებთ ამ წყალობას და უშურველად გავცემთ, ან გვავიწყდება, რატომ მოგვეცა.

ჩემს დედას კი სხვისთვის სიკეთის კეთება არასოდეს ჰბეზრდება, იქნებ ამიტომაც ასხივებს ასეთ სიმშვიდეს. ამას შვილებიც კი გრძნობენ - მისი პატარა შვილთაშვილებიდან ყველა ისეთ ასაკშია, ხელში თევზივით რომ სხმარტალებს, მაგრამ ნინა ბებოს კალთაში ანგელოზებივით დამშვიდდებიან ხოლმე.

რომ შეეკითხებიან, - რამდენი შვილიშვილი და შვილთაშვილი გყავსო, ღიმილით პასუხობს, - არ ვითვლიო...

უფალმა ინებოს, ასე "დაუთვლელი" შთამომავალი ყველა ქართველ დედას ჰყოლოდეს. შენ კი, ჩემო დედიკო, იმდენ ხანს გეცოცხლოს და გეხაროს, სანამ ჩვენ, შენს შვილებს გვეყვარები. შენ ხომ იცი, როგორ გვიყვარხარ!

ლამზირა შეყილაძე