"შეუძლებელია ქართულ-რუსული ურთიერთობის გაწყვეტა" - კვირის პალიტრა

"შეუძლებელია ქართულ-რუსული ურთიერთობის გაწყვეტა"

დროს ბევრი რამ მიაქვს და მოაქვს, ხან მტერს გვიმრავლებს, ხან - მოყვარეს. არ იცვლება ერთი - ჩვენ სიცოცხლისთვის ისევ თავგანწირულად ვიბრძვით. ამ ბრძოლაში ღირებულებებისთვის ბრძოლაც შედის.

მას ერთი ნიშანი აქვს, - შესაძლოა, იმ წუთში არა, მაგრამ გავა დრო და აღმოჩნდება, რომ რა ღირებულებაც გადავარჩინეთ, სწორედ ის ხდება ჩვენი სიცოცხლის ერთ-ერთი წყარო. რაც ამ წერილშია, ესეც ეს არის, - მტრები და მოყვრები იცვლებიან, მაგრამ არ იცვლება ჩვენი დამოკიდებულებები მათი სულიერებისადმი.

შესაძლოა, ბევრმა დაივიწყა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თბილისში ისევ არსებობს "რუსკი კლუბი", რომელმაც კაცის თუ ბუნების ჭირვეულობით გაწამებულ თბილისელებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო - დიდი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის დღეები. თანაც არა მხოლოდ თბილისელებს, - ამ დღეებს ბევრი უცხოელი სტუმარი ჩამოჰყვა თბილისში და ამ მსოფლიო შემოქმედის საქართველოში ყოფნის პერიოდი გაახსენა. მათ მართლაც გულწრფელად დააფასეს ჩვენი მიწა-წყლის მადლი, რომელიც, მრავალი რუსი მწერლის მსგავსად, ლევ ტოლსტოისთვისაც შთაგონების წყაროდ იქცა. თბილისს მწერლის შვილთაშვილი - ვლადიმირ ტოლსტოიც ეწვია. ის ამჟამად ტოლსტოის მუზეუმის პრეზიდენტი გახლავთ.

იქნებ ვინმემ თქვას, - დიდი ამბავიო! მაგრამ როცა ადამიანებს დროება გონებას ვერ უბნელებს და სულში სინათლე რჩებათ, ნამდვილად დიდი ამბავი მგონია - ამაზე დგას სამყაროს კეთილ-ბოროტის ჭიდილიც.

ახლა კი ცოტაოდენი ლევ ტოლსტოიზეც უნდა ვთქვა, რადგან ახალმა თაობებმა ცოტა რამ იციან მასზე. ეს იყო მწერალი, რომლის როლი ფასდაუდებელია მსოფლიო ლიტერატურაში. მან ბრწყინვალე მხატვრული ტილოები შექმნა. როგორც გენიოსთა უმრავლესობა, ექსტრაორდინარულიც გახლდათ - საკუთარი თავისგან გაქცევა, გაუჩინარება გადაწყვიტა.

მწერლის ექსტრაორდინარული ხასიათი მისი გმირების ბედზე აისახება, სულიერი მოუსვენრობის გამო მიღებული ტრავმების აღწერით საკუთარი მომავალიც იწინასწარმეტყველა, თავისი განცდები საყვარელ ლიტერატურულ გმირებს განაცდევინა, მათში საკუთარ თავს ხედავდა. ლევ ტოლსტოის უნივერსალური განსაწავლულობა სოკრატესას უტოლდება.

მასთან აახლოებს უბრალოებისკენ ლტოლვა, სამართლიანობის გრძნობა, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული. აბა, ის რა კონფერენცია იქნებოდა, მსგავს ამბებზე არ ელაპარაკათ. მთელი წლის მანძილზეც კი იშვიათად მოისმენ ისეთ სულიერ ჭეშმარიტებებს, როგორსაც ამ კონფერენციის რამდენიმე დღის მანძილზე ვისმენდით. საგულისხმო დიალოგი გაიმართა კავკასიის ომში მწერლისა და მისი ძმის მონაწილეობის შესახებ.

საინტერესო ექსკურსიები ჩატარდა გორელოვკაში, მცხეთაში. ძალიან ბევრი ყვავილი იყო იმ დღეებში იმ სახლში, სადაც მწერალი ცხოვრობდა - დავით აღმაშენებლის გამზირზე, ასევე ლევ ტოლსტოის სახელობის საჯარო სკოლაში.

სხვათა შორის, კონფერენციის სტუმრებს შორის კინორეჟისორი გიორგი შენგელაია იყო, რომელმაც უამბო სტუმრებს, თუ რატომ ვერ გადაიღო ფილმი "ჰაჯი-მურატი".

რაც მთავარია, ლევ ტოლსტოის დღეებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეუძლებელია მრავალსაუკუნოვანი ქართულ-რუსული ურთიერთობის გაწყვეტა, ის სიყვარული და სითბო, რომელიც საერთო ტრადიციებმა დაამკვიდრა, რომელიც არსებობდა და იარსებებს ორივე ერის მწერლობაში, უთუოდ აღდგება.

ცისანა გიგაური