"გამარკვიეთ, მადლიერების ნაცვლად რას გვერჩიან" - კვირის პალიტრა

"გამარკვიეთ, მადლიერების ნაცვლად რას გვერჩიან"

უსამართლობა ყოველთვის იყო და იქნება, რადგან სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაც მარადიულია, მაგრამ ზოგიერთი უსამართლობას აპარპაშებს, ზოგიერთი კი თავგამეტებით ებრძვის.

როცა ჩვენნაირ დროში იბადები, უსამართლობასთან ბრძოლა გმირობაა. გულწრფელად ვისურვებთ, ამ წერილის ადრესატებმა - ფოთის მერიის წარმომადგენლებმა ეს გმირობა გამოიჩინონ.

არ გეგონოთ, როგორც თქვენ გიგზავნით წერილს, ისე დავდიოდე წერილებით ვინმესთან დახმარების სათხოვნელად. თითზე გადასახვევი ძაფი არ მომითხოვია ფოთის მერიისთვის იმის მიუხედავად, რომ უფროსი შვილი ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, ხოლო მეუღლე ინვალიდია. კაცი, რომელმაც საქართველოს სასაზღვრო ჯარში 26 წელი იმსახურა და რუსული არმიის გასვლის დღიდან იყო საქართველოს სასაზღვრო ფლოტის პირველი გემის კაპიტანი (რობერტ ფიფია), აფხაზეთის ომის ვეტერანი და რუსეთ-საქართველოს 8 აგვისტოს ომის მონაწილე, საბრძოლო ტრავმებმა ლოგინს მიაჯაჭვა.

ჩუმად ვიტვირთე ოჯახის რჩენა - ჩვენს ავტოფარეხში (საჯარო რეესტრში კანონიერად დარეგისტრირებული) მეორადი საქონლის მაღაზია გავხსენი. ასე რომ, ავად თუ კარგად ქმარ-შვილი შიმშილით არ მომიკლავს, ახლა კი ამას ფოთის მერია აკეთებს - მათი ბრძანებით, ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო და მეც მომადგნენ. თანაც იმასაც არ მეუბნებიან, რატომ უნდა დაინგრეს კანონის ყველა წესის დაცვით აშენებული ავტოფარეხი.

გთხოვთ,  დამეხმაროთ და გამარკვიოთ, მადლიერების ნაცვლად რას გვერჩიან, რატომ გვისპობენ საარსებო წყაროს?

ა. კვირტია, ფოთი

P.S. სიმართლე გითხრათ, როცა ასეთ წერილებს კითხულობ, აღშფოთება გიპყრობს. ჩვენც ასე დაგვემართა. მერე კი ვცადეთ ფოთის მერიასთან დაკავშირება, მაგრამ აბა, რა მოგახსენოთ, - ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, ყურმოსაჭრელ კაცს რომ ჰკითხეს, ყური საით გაქვსო და მან მკლავი ისე წაიღო, ორივე ყური დაიფარა. სიმართლე ისევ თბილისის მერიაში გავარკვიეთ, ზოგადად, ამ პრობლემის დამარეგულირებელი კანონით.

თურმე ავტოფარეხი სულაც სასახლედ რომ გქონდეს გამართული, მაინც დროებით ნაგებობად ითვლება და არა საკუთრებად. დროებით ნაგებობას კი, სახელმწიფო საკუთრებაა და, რაც მოეპრიანება, იმას უზამს. სხვა საკითხია, როგორია ის სახელმწიფო, რომელიც ასეთ კანონებს იღებს.

ჩვენ კი თბილისის მერიაში შინაურულად გვითხრეს, იქნებ მაგ ქალბატონმა ფოთის მერიის წარმომადგენლებს თავისი გაჭირვება პირადად უამბოს, მაშინ ალბათ მისი გარაჟი გადარჩებაო. ჩვენ კი ამ ხალხს იმას ვეუბნებით, რაც დასაწყისში ვთქვით, - ვინც დიდ უსამართლობაში უსამართლობასთან ბრძოლას იწყებს, ნამდვილი გმირია. ამქვეყნად მოსვლა მარტო ამისთვისაც კი ღირს.