"ჩვენი სამშობლო გაგვამთლიანებინეთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენი სამშობლო გაგვამთლიანებინეთ"

"საბერძნეთის შორეული კუნძულიდან, კრეტიდან მოგესალმებით. გულისფანცქალით ველოდებით ყოველი ორშაბათის გათენებას, რომ თქვენი გაზეთი წავიკითხოთ

და ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი დაკეტილი სახლების კარები შევაღოთ. რის ვაი-ვაგლახით მოვაგვარეთ საქმე და ათენიდან, მეგობრებისა და ნაცნობების, კერძოდ, ემიგრანტული გაზეთის, "ელადის" რედაქტორის, ქალბატონ ანა ყურშავიშვილის დახმარებით, ჟურნალ-გაზეთებს ვიღებთ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონში. მათ რეალიზებას თავისი ინიციატივით და უდიდესი შრომით "ინტელ-ექსპრესბანკის" თანამშრომელი ინგა გურული ეწეოდა. საუბედუროდ, ეს ბანკი დაიკეტა. ამიტომ "კვირის პალიტრის" მხოლოდ იმ ნომრების მიღება მოვასწარით, რომელსაც საქართველოს რუკის პირველი და მეორე ნაწილები ახლდა. ათენში დროულად ვეღარ შევუკვეთეთ გაზეთის ის ნომერი, რომელშიც ამ რუკის მესამე ნაწილია და ძალიან დაგვწყდა გული, აღარ ვიცოდით, რა გვეღონა. ბოლოს, მე ვითავე კარდაკარ სიარული და გაზეთების დარიგება, მაგრამ ბევრი ცდისა და ძებნის მიუხედავად, საქართველო დაგვრჩა გასამთლიანებელი (ღმერთმა ამისგან დაგვიფაროს!). ამიტომაც გაწუხებთ. გთხოვთ, როგორმე მოგვაწოდოთ ხუთი ცალი საქართველოს რუკის მესამე ნაწილი და ჩვენი სამშობლო გაგვამთლიანებინოთ.

პატივისცემით, კუნძულ კრეტის ქართველთა სათვისტომოს

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი

მანანა ხელაშვილი".

P.S. ქალბატონო მანანა, ამ სურვილს როგორ არ შეგისრულებთ, მართალია, "კვირის პალიტრის" რუკები საქართველოშიც დეფიციტი გახდა, მაგრამ მაინც გიშოვეთ და გიგზავნით, - არა მხოლოდ მესამე ნაწილს, არამედ მთლიანი რუკის რამდენიმე კომპლექტსაც, - გვინდა, სხვა ქართველებიც გავახაროთ. თან საქართველოს გამთლიანების იმედს გამოვატანთ. აუცილებლად გამთლიანდება ჩვენი სამშობლო, მხოლოდ იმიტომ კი არა, ჩვენ და თქვენ რომ გვინდა, ჩვენი ისტორიაა ასეთი - რამდენჯერაც დავეცით, იმდენჯერ წამოვდექით. ოღონდ უნდა ვიცოცხლოთ და ძლიერები ვიყოთ. თქვენც იცოცხლეთ და გაძლიერდით. და აუცილებლად მალე დაბრუნდით.