"სოფელს სკოლა არ უნდა ეღირსოს?!" - კვირის პალიტრა

"სოფელს სკოლა არ უნდა ეღირსოს?!"

ჩვენი შვილები დღესაც საუკუნის წინ აშენებულ სკოლაში სწავლობენ

რას არ გაიგებს კაცი! ჩვენ კი გვგონია, თუ ცივილიზებულ ეპოქასთან ერთად ფეხაწყობილად მივაბიჯებთ, ჰა და ჰა, სადაც არის, დავეწევით. ამასობაში კი "ყურის ძირას", სამეგრელოს ერთ-ერთ სკოლაში თავი შუა საუკუნეებში გვგონია.

მინდა ჩემი სოფლის შესახებ გიამბოთ: აფხაზეთიდან მობრუნებული თამარ მეფე თავისი ამალით სამეგრელოს მოადგა. ცხენისწყალი ადიდებული დაუხვდა და ამალას უბრძანა, სანამ მდინარე არ დაცხრებოდა, იქვე დაბანაკებულიყვნენ. ეს რომ მახლობელი სოფლის, ბეგეითის მცხოვრებთ შეუტყვიათ, მეფისთვის ისე უმასპინძლიათ, აღფრთოვანებულ თამარს უხვად დაუჯილდოებია ისინი, სოფლისთვის სახელი გადაურქმევია, გულუხეთი (გულუხვი) უწოდებია და ეკლესიაც აუშენებია, რომლის ნანგრევებიც დღემდეა შემორჩენილი. გულუხეთი ზღვის დონიდან 50 მ სიმაღლეზე მდებარეობს. XX საუკუნის დასაწყისში აქ 150-მდე კომლი იყო. უმრავლესობა სოფლის მეურნეობას მისდევდა. სოფელი მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე, დაახლოებით 3 კმ-ზე იყო გაშლილი. ის საისტორიო წყაროებში უკვე 1751 წლიდან მოიხსენიება.

დღეს ეს პატარა სოფელი 6 კმ-ით არის დაშორებული აბაშის რაიონულ ცენტრს. ეს არც ისე ცოტაა გულუხეთიდან  სკოლაში ფეხით სასიარულოდ. ამიტომაც ჯერ კიდევ 1908 წელს სოფლის დაწყებითი სკოლისთვის ხის შენობა აუგიათ. ხედავთ, რა დროა გასული? საუკუნეზე მეტი. საუკუნეში უამრავი რამ იცვლება, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ  ამ სკოლაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. მაშინდელ ოროთახიან შენობაში ორკომპლექტიანი კლასები იყო, ერთში I-II კლასები, მეორეში - III-IV კლასები, ციცქნა სამასწავლებლოში ბიბლიოთეკაც იყო განთავსებული. ასეა დღესაც. სკოლის შენობაც ისევ ისე სასაფლაოს ღობესთან დგას. პენსიონერი კაცი, სულ უფრო ხშირად ვიხსენებ, როგორ გვექცა ეს სასაფლაო ამ სკოლის მოსწავლეებს კოშმარად.

სასაფლაოსთან 10-15 მეტრში სკოლის აგება დანაშაულია, მაგრამ მერე რა, განა რამე შეიცვალა? რისი მოწმენიც ჩვენ ვიყავით, დღევანდელი მოწაფეებიც იმას უსმენენ და უყურებენ - მგლოვიარე ჭირისუფალთა გაუთავებელ მოთქმას. გარდა ამისა, სასაფლაოდან სულ რაღაც 15-20 მეტრის მოშორებით იყო არტეზიული ჭა, საიდანაც მოსწავლეები სასმელი წყლით ვსარგებლობდით, ჭის წყალს ზემოდან გადაკრული ჰქონდა უფერო აპკი, რომელსაც ბავშვები მკვდრის ზეთს ვეძახდით, ყორეზე დახოხავდა უამრავი მოწითალო ხოჭო, ე.წ. მკვდარიჭამია.

მოკლედ, ასე იყო 100 წლის წინ, ასე იყო ჩემს დროს და ასეა დღესაც. საბედნიეროდ, ამ სოფელში სიცოცხლე ისევ არის, ბავშვები ისევ ცხოვრობენ, ისევ ისე დადიან სკოლაში, მაგრამ კარგს ვერაფერს ხედავენ.

ამ პატარა სოფლიდან სამამულო ომში 75 ახალგაზრდა გაიწვიეს. 49 ვეღარ დაბრუნდა. მათ შორის ილარიონ და მატრონა ფირცხალავების ხუთი ვაჟიდან - ოთხი. დრო გავიდა და ერთ-ერთის, ვალერი ფირცხალავას ვაჟმა, ნაულისმა, გმირულად დაღუპული მამისა და ბიძების პატივსაცემად სოფელს, სასაფლაოს გვერდით, ეკლესია აუშენა. სწორედ ეს ეკლესიაა ამ მრუმე გარემოს სინათლე და იმედი, - იქნებ იქ აღვლენილი ლოცვა-კურთხევის მადლმა მაინც აღირსოს ამ ისტორიულ და გამძლე სოფელს ახალი სკოლა. ნუთუ  ასე ბევრი უნდა ერთი პატარა, კაპიტალური დაწყებითი სკოლის აშენებას? ამის გამკეთებელი ხომ საშვილიშვილო საქმეს გააკეთებს!

პატივისცემით, ამ სოფლის

მკვიდრი ენგულ იობაძე