"ნეტავ, სად წავიდა ჩვენი "ამხანაგი" - კვირის პალიტრა

"ნეტავ, სად წავიდა ჩვენი "ამხანაგი"

დღეს ალბათ იშვიათად შეხვდები ქართველს, რომელსაც გაცნობიერებული არ ჰქონდეს, რა პირობებში უხდებოდათ ბრძოლა მის წინაპრებს თითოეული გოჯი მიწისათვის.

მეტიც: ახლა მხოლოდ მიწისთვის კი არ გვაქვს სისხლი დასაღვრელი, ქართული სიტყვაც დასაცავია - ენა ცოცხალი ორგანიზმია და ცვალებადობაც ცოცხალი ორგანიზმის საარსებო კანონი. მაგრამ ცვალებადობას გააჩნია:

როცა ერთდროულად ერთ კი არა, მრავალმხრივ გემუქრება საფრთხე, პირველ რიგში ენას უნდა ვიფარავდეთ, - ის ჩვენი სულია და თუ სული მოკვდება, მაშინ სხეულის დარჩენას რაღა აზრი აქვს. სული კი მაშინ კვდება, როცა მას ამახინჯებენ, ან აღარიბებენ. ჩვენ ერთსაც ვაკეთებთ და მეორესაც. ვინმეს თუ გიფიქრიათ, რატომ ამოვიღეთ ხმარებიდან მშვენიერი სიტყვა "ამხანაგო"?

იმიტომ, რომ დღევანდელ ახალგაზრდობას და მრავალ მათზე უფროსს "ამხანაგი" სამასხარაოდ აქვთ აგდებული. ჰგონიათ, რომ ის რუსული ენის ერთ-ერთი სიტყვის ნჯდფჰბობ-ის კალკია. არასოდეს დამავიწყდება "კომედი-შოუს" ერთ-ერთი სკეტჩი, როცა მისმა მონაწილეებმა  "ამხანაგს" საიდანაც მიუდგნენ, იმ მხრიდან დასცინეს. მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი, - ეჰ, ბიჭებო... ნეტავ, თქვენ ჭკუა მოგცათ ან იმისთანა კაცი მაინც გამოგიჩნდეთ, რომ ჭკუა დაგარიგოთ-მეთქი. "ამხანაგი" ხომ ძირძველი ქართული ლექსიკური ფონდის შემადგენელი და დამამშვენებელი სიტყვაა. XII საუკუნეში დაწერილ "ვეფხისტყაოსანშიც" კი გვხვდება:

"ორნი კაცნი მიდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,

უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,

ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა,

ეგრე უთხრა: "ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე". ან კიდევ: "ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუმცა ცრემლსა ვერ იწურვებს", ან კიდევ: "ამხანაგობდეს, ლაღობდეს"...

ხედავთ? ხომ ყოფილა ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა ქართულ ენაში! და კიდევ: ავთანდილი ანდერძში როსტევან მეფეს სთხოვს, - ჩემი ქონება ხიდებისა და ხანაგათა სამშენებლოდ გამოიყენეო. აკაკი შანიძე "ხანაგას" ასე ხსნის: "ეს სიტყვა სუფიებისა და დერვიშების ენაში "მონასტერსაც" ნიშნავს, მაგრამ "ვეფხისტყაოსანში" უფრო სასტუმრო უნდა იგულისხმებოდეს. ანუ "ხანაგა" მგზავრებისათვის ღამის გასათევი ადგილი იყო და ვინც ამ "ხანაგაში" ერთად გაათევდა ღამეს, ამხანაგებიც ისინი იყვნენ.

ასე რომ, ეს ძირძველი ქართული სიტყვა ზუსტად ისევე მოსაფრთხილებელია, როგორიც "და", "ძმა", "ბიძაშვილი"... და არა აბუჩად ასაგდები. ამით ხომ საკუთარი ენის გაღარიბებას ვაძლევთ ხმას.

პატივისცემით, მიხეილ რეხვიაშვილი, პროფესორი, დამსახურებული მასწავლებელი, ღირსების ორდენოსანი