"ძროხის ფულით როგორ უნდა ისწავლოო?!" - კვირის პალიტრა

"ძროხის ფულით როგორ უნდა ისწავლოო?!"

თინეიჯერებს რომ ვკითხოთ, - ცხოვრებას იცნობთ თუ არაო, რამდენი თქვენგანი უპასუხებს, არაო? არც ერთი! ასე არ არის? მაშინ დავნაძლევდეთ. მანამდე კი იცოდეთ, რომ ცხოვრება, რომელიც წინ გიდევთ, რამდენადაც მშვენიერია, იმდენად რთულია.

ძალიან გვინდა, ყველა სიძნელიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. ეს კი მაშინ იქნება, როცა შრომას, ქალაქად თუ სოფლად, პატივისცემით მოეკიდებით და ნებისმიერი შრომით ნაშოვნ ფულს დააფასებთ და ამას თქვენს შვილებსაც ასწავლით. მაშინ ალბათ, ქეთიმ რომ მოგვწერა, ისეთი წერილებიც აღარ დაიწერება.

ცოტა ხნის წინ მეტროთი ვმგზავრობდი. გვერდით გოგო და ბიჭი იდგნენ,  - მათი საუბრით მივხვდი, სტუდენტები იყვნენ - უნივერსიტეტზე, ჯგუფელებსა და სწავლაზე საუბრობდნენ. მერე სწავლის გადასახადზე დაიწყეს ლაპარაკი. ბიჭმა უცებ წამოიძახა: - აუ,  რა მაგარი კაიფია, სოფლელები ძროხას რომ ყიდიან და იმით იხდიან გადასახადს. ძროხის ფულით როგორ უნდა ისწავლოო - და სიცილით ჩაბჟირდა. ვერ გადმოგცემთ, რა დამემართა.

ძალიან ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ მივხვდი, რატომ არის სამარცხვინო ძროხას თუ გაყიდი და  ფულს სწავლისთვის მოიხმარ. თუ ძროხას მოიპარავ, ან ვინმეს დააყაჩაღებ, ფულს წაართმევ და ასე გადაიხდი სწავლის ფულს, სამარცხვინო და საშინელება ეს არის. სოფლიდან ჩამოსულ უამრავ სტუდენტს ვიცნობ. ისინი სწორედ გაყიდული ძროხის, ღორის, ქათმის ფულით ცხოვრობენ, სწავლობენ და, სხვათა შორის, ძალიან კარგადაც.

ნამდვილად ცუდი კი ის არის, ფინანსური პრობლემების გამო ბევრი ნიჭიერი ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში რომ ვერ აბარებს, - ყველას არა აქვს საშუალება, რეპეტიტორებს ან თავად უმაღლეს სასწავლებელს ფული გადაუხადოს! თუმცა მადლობა ღმერთს, მათ შორის ზოგიერთს უმართლებს - გრანტს მოიპოვებს და ამ იმედით შინ, დამოუკიდებლად მეცადინეობს და მაინც ახერხებს სწავლას.

მაგრამ საკითხავია: როცა ამდენი წვალების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხები და ახალი სადარდებელი გიჩნდება, სწავლის ფული როგორ გადავიხადოო, მამა რომ გეტყვის, - შვილო, ძროხა გავყიდოთო, შენ რა უნდა უპასუხო, - ვაიმე, მამა, "მიტყდება" ძროხის ფულით სწავლაო?!

ქეთი