სიკეთემ გზა იპოვა?! - კვირის პალიტრა

სიკეთემ გზა იპოვა?!

გულწრფელად ვამბობთ, - როცა მკითხველი მადლობას გვიხდის დახმარებისთვის, ჩვენ მადლობას უფალს ვწირავთ, რომ სიკეთემ თავისი გზა იპოვა.

ხოლო იმ ადამიანებს, ვის გულშიც სიკეთემ გზა გაიკაფა, ისედაც ელით ჯილდო, - მადლი წინ დახვდებათ. ასე რომ, ქალაქ ფოთის მერს, ბატონ ვახტანგ ლემონჯავას გავუმხელთ, რომ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა დაგვირეკა ("კვირის პალიტრა", #19-ში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით "გამარკვიეთ, მადლიერების ნაცვლად რას მერჩიან!") და ქალბატონი ასმათ კვირტიასთვის დახმარებას დაგვპირდა.

ქალბატონი ასმათი გვწერდა, - შვილი ცერებრალური დამბლით მყავს ავად, ქმარი - აფხაზეთის ომში მიღებული ჭრილობებით ლოგინად არის ჩავარდნილი. მიუხედავად ამისა, მთავრობისთვის ერთხელ არ მითხოვია დახმარება, ოჯახს იმით ვარჩენდი, რომ ეზოში, ავტოფარეხში, მეორადი ტანსაცმლის მაღაზია მქონდა გახსნილი. ახლა ფოთში ავტოფარეხების ნგრევა დაიწყო და, მიუხედავად იმისა, რომ ავტოფარეხი  საჯარო რეესტრში კანონიერად მაქვს დამტკიცებული, ალბათ ამასაც დამინგრევენ".

თურმე ნუ იტყვით და, ავტოფარეხი, სულაც რომ კანონით ასჯერ გქონდეს დამტკიცებული,  მაინც დროებით საკუთრებად ითვლება და სახელმწიფოს როცა უნდა, მაშინ დაანგრევს! ამას კი "საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი" ჰქვია. ხოლო როცა სახელმწიფოსთვის სულერთია, როდის ვის ჰკრავს ხელს წასაქცევად, თავადაც წასაქცევად არის განწირული. ჰოდა, როგორ გუნებაზე უნდა დადგე ასეთი ამბების გაგების შემდეგ? ახლა წარმოდგინეთ, როგორ გაგვახარებდა ფოთიდან ბატონი ვახტანგის ზარი.

მან კი გვითხრა, - ავტოფარეხები ამ ქალაქის ერთ-ერთი სიმახინჯეა და შეუძლებელია, სამარადისოდ ასე დარჩეს. თუმცა გვერწმუნეთ, არც ერთ ეზოში ავტოფარეხებს ისე არ დავანგრევთ, თუ ამ ეზოს მოსახლეობის უმეტესობას არ შევუთანხმდით. თუკი ავტოფარეხების მფლობელთა შორის მოიძებნებიან ქალბატონ ასმათის მსგავსი ადამიანები, რომელთა ოჯახის საარსებო წყარო მათი ავტოფარეხია, ნამდვილად არ გავწირავთ და არც ამ ქალბატონს გადავუკეტავთ საარსებო წყაროსო.