მე ის ყველაფერს მავიწყებს... - კვირის პალიტრა

მე ის ყველაფერს მავიწყებს...

ბოლო ათწლეულებში ჩვენს ქვეყანაში ისეთი ცვლილებები მოხდა, ადრე ფიქრადაც რომ ვერ გაივლებდი. მათგან ბევრი შოკის მომგვრელიც არის. მათ შორის ისიც, რომ მესამედი საქართველო უცხოეთშია გაკრეფილი. ერთი კია: ყველაფერს, რაც ხდება, გარკვეულწილად გამართლება აქვს.

თუ ამ თვალით შევხედავთ, იქნებ შოკიც საჭიროა - სასიცოცხლო ძალებს აღვიძებს. დღეს რომ უცხოეთში არაერთი ნიჭიერი ქართველი ხელოვანი გამოჩნდა, ამის დამსახურებაცაა და რაც მეტ არეალს მოიცავს ჩვენი ნიჭი, მით უკეთესი - ქვეყანაც უფრო მიიპყრობს ყურადღებას.

ისე კი, შვეიცარიიდან გამოგზავნილი ამ პატარა წერილით თვალწინ ორნი დაგვიდგნენ: საქართველომონატრებული ბიჭი, ვიოლინოთი ხელში და საქართველომონატრებული გოგონა, - თვალში ცრემლით. ჩვენ კი აქ ველით ორივეს. ერთი საუკუნის წინათაც ხომ უცხოეთში განათლებამიღებულმა ქართველებმა დაგვაყენეს ფეხზე.

"ხშირად ვკითხულობ "კვირის პალიტრას" ინტერნეტით. უცხოეთში მყოფი ქართველების ნოსტალგიაზეც ხშირად წამიკითხავს. გული მეკუმშება, რადგან მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ამიტომ ასეთ გვერდებს ხშირად ვხურავ ხოლმე, ამაზე რომ არ ვიფიქრო. თუმცა მიზეზი რომ არ გვქონდეს, არც აქ ვიქნებოდით. ამიტომაც გვინდა თუ არა, ნოსტალგია უნდა გადავიტანოთ. მე, მაგალითად, ამას შვეიცარიაში მყოფი ქართველი ხელოვანები მატანინებენ, - თუ სადმე გავიგებ, რომელიმე ქართველ მუსიკოსს შვეიცარიაში კონცერტი აქვს, ავადაც რომ ვიყო, მივდივარ.

არ გაგიკვირდეთ, შვეიცარიაში ქართველი მუსიკოსები ცოტანი არ არიან. აქაური მაესტროები, როცა საქართველოში ნიჭიერ ახალგაზრდებს უსმენენ, აქ მოჰყავთ სასწავლებლად. ერთ მევიოლინეზე უნდა მოგწეროთ,  რომელსაც აქ მაესტრო ალექსანდრეს ეძახიან. ნეტავი განახათ, რამდენი ხალხია დარბაზში, როცა ის უკრავს. მაესტრო ალექსანდრე, თბილისელი სანდრო თიგიშვილია. ის... არ ვიცი, რა ვთქვა... რაღაცნაირია, ჯადოქარივით არის... როცა უკრავს, სამყაროდან "გადიხარ". საქართველოში კი, ალბათ, არც იციან, რომ სანდრო არსებობს. იქნებ მის შესახებ დაწეროთ, აქაურ ქართველებს ნამდვილად გაგვახარებთ. მგონი, მისი ამბავი საქართველოშიც გაუხარდებათ.

ნატა კაპანაძე

ჩვენთვის ერთი ქართველის სიხარული იმდენად ძვირფასია, ასეთ კარგ ბიჭს კი არა, უცხოეთში ნებისმიერ ქართველს ხშირად მოვფერებივართ, რომ სამშობლოს სითბო იგრძნოს. ალექსანდრესთანა ბიჭებს კი როგორ შეიძლება არ მოეფერო! ამიტომაც ავიღეთ ტელეფონი და თბილისში, ალექსანდრეს ოჯახში დავრეკეთ. გაუხარდათ, - ალექსანდრე ამ ოჯახის ერთადერთი შვილია და დედამისმა, ქალბატონმა ციალამ, - ალექსანდრე რომ ასეთი  გამხდარიყო, ლამის კონსერვატორიის პირველ კურსზეც უკან დავდევდი, გაკვეთილი არ გაეცდინაო:

- რომელ დედას არ უჭირს შვილის გარეშე ცხოვრება, მაგრამ სხვა უკეთესის შეთავაზება რომ შემეძლოს, ვეტყოდი, - დაბრუნდი-მეთქი, მით უფრო, რომ ეს თვითონაც ძალიან უნდა...

- შვეიცარიაში როგორ მოხვდა?

- საქართველოში მასტერკლასების ჩასატარებლად ჩამოსულმა შვეიცარიელმა პროფესორმა მოუსმინა. პირდაპირ ნიჭიერთა ათწლედიდანვე უნდოდა წაეყვანა, მაგრამ მაშინ პედაგოგმა, ბატონმა გივი ხატიაშვილმა არ გაუშვა. ჯერ კონსერვატორიაში ჩააბარე და მერე წადიო. ჩააბარა. შვეიცარიელმა მაესტრომ კი არ დაივიწყა და პირველი კურსიდან წაიყვანა, უპატრონა კიდეც - იქ სავიოლინო აკადემიაში სწავლობდა.

- სწავლის ფულსაც შვეიცარიელი მაესტრო უხდიდა?

- ეს არ დასჭირვებია. ერთმა კაცმა ერთხელ მოუსმინა და მაესტროს უთხრა, - ამიერიდან ამის სწავლის ფულს მე გადავიხდიო. ის კაცი რვა წელიწადი უხდიდა წელიწადში 15.000 ევროს.

- ვინ იყო ასეთი ღვთისნიერი?

- ქართველია, ჯერ ამერიკაში ცხოვრობდა და ახლა შვეიცარიაშია. სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს გეტყვით - არ უნდა სახელის გამხელა.

- ღმერთმა გაახაროს, მისი წყალობითაც არის, თქვენი შვილის ნიჭმა გზა რომ იპოვა.

- შვილი მე როგორ ვაქო, მაგრამ ცნობით იცნობენ. ალბათ მთლად პატარა საქმე არ არის, როცა ახალგაზრდა კაცი ისეთ მუსიკალურ ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, საერთაშორისო კონკურსზე გრან-პრის ევროპის იმ ქვეყნებს წაართმევს, სადაც მუსიკოსებს ხელისგულზე ატარებენ. ისე კი, ნამდვილად ვიცი, ალექსანდრე ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ აკეთებს, - შემთხვევას არ ტოვებს, თავი საქართველოდან არ წარადგინოს. ასე იცავს სამშობლოს ღირსებას.

ისე, უნდა ვთქვა, - არასოდეს დამავიწყდება, რა გადაატანინეს რუსებმა ამისთვის მოსკოვის აეროპორტში ქართველების დეპორტაციის დროს. იქ პაგანინის საერთაშორისო კონცერტზე იყო მიწვეული და პასპორტში ქართული გვარი რომ უნახეს, პასპორტი გამოართვეს და აეროპორტიდან მთელი დღე-ღამე არ გაუშვეს. ბოლოს, შვეიცარიის საელჩოს ჩარევით დაუბრუნეს უკვე დახეული დოკუმენტი... ისე კი, ალექსანდრეს ყველაზე მეტად თავის ქვეყანაში გამოსვლა ახარებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბედნიერებას მოკლებულია.

P.S. ალექსანდრეს შვეიცარიაში დავუკავშირდით და... საქართველოში რატომ არ ჩამოდიხარ, ჩვენც სიამოვნებით მოგისმენთო, ვუთხარით. მან კი, - საქართველოში კონცერტის ჩატარება მეც ძალიან მინდა. როცა 2009 წელს, ფესტივალზე "აღდგომიდან ამაღლებამდე" დავუკარი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. საბედნიეროდ, ამ ფესტივალზე მიმიწვიეს, სხვა შემთხვევაში, მიწვევის გარეშე, საკუთარი ხარჯებით კონცერტის გამართვა შეუძლებელია. გული მწყდება, საქართველოში ამდენ უცხოელ შოუმენს რომ იწვევენ და კონცერტებს ამართვინებენ, არადა, რამდენი საინტერესო მუსიკოსის მოწვევა შეიძლება, მაგრამ  ალბათ, ასე ურჩევნიათ.