უცხოობაში კვდება არწივიც... - კვირის პალიტრა

უცხოობაში კვდება არწივიც...

სერიოზული არ იქნება, ქართველებმა ვამტკიცოთ, რომ რომელიმე ერზე უკეთესი ვართ, - ჩვენც ისევე ვართ კარგებიც და ცუდებიც, როგორც სხვები. თუმცა, როგორც კაცს, ისე ერს აქვს გამორჩეული თვისებები. ჩვენთვის ასეთი წინაპრებთან სულიერი კავშირია. ჩვენი მცირერიცხოვნობის გამო არც მომავალი გვემეტება დასაკარგად და არც წინაპარი.

ისე, როგორც ყველა ქართველს, მეც წინაპრებზე ხშირად მიფიქრია და სიამაყესთან ერთად, დარდიც შემომწოლია... მრავალი დიდი ქართველის ძვლები ჩალაგდა უცხო მიწაში და დღეს იმ ქვეყნებში მათი მომგონებელი აღარავინაა. მაგრამ ჩვენ ხომ ისევ ცოცხლები ვართ და ასე მგონია, მანამდე ვიცოცხლებთ, სანამ წინაპართა  ხსოვნის შენახვა შეგვეძლება. ამიტომაც გწერთ იმ ქართველზე, რომელსაც უცნაური ბედი ჰქონდა, - პეტრე ბაგრატიონზე. კაცზე, რომელმაც საფლავად სამჯერ გამოიცვალა ის მიწა, რომლის სადიდებლადაც დაეცა. თუმცა არა პატივით, - შეურაცხყოფითაც.

ეს რუსეთის მიწა გახლავთ. ეს მიწა მან 1812 წელს ხელიდან გამოჰგლიჯა იმ კაცს, რომელმაც მანამდე უამრავი ქვეყანა ფეხქვეშ გაიგო. ეს იყო საფრანგეთის იმპერატორი, ნაპოლეონი. ამ ომში (პეტრე ბაგრატიონთან ერთად 1812 წელს სხვა ქართველი გენერლებიც იბრძოდნენ: იაშვილები, ფანჩულიძეები, ვახვახიშვილი...) ბაგრატიონი ჭურვის ნამსხვრევით დაიჭრა, განგრენით გარდაიცვალა და სოფელ სიმაში დაასაფლავეს.

1839 წელს, რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ პირველის ბრძანებით, გენერლის ნეშტი ბოროდინოზე გადაასვენეს, იქ, სადაც ბრძოლა მოიგო. გადასვენებას რუსეთის იმპერატორი  მთელი რუსული არმიით ესწრებოდა.

ასი წელიც არ იყო გასული, რომ 1932 წელს ბოლშევიკებმა  ბაგრატიონი მეფის რუსეთის გენერლად მიიჩნიეს და მისი ობელისკის\თვის დინამიტი არ დაიშურეს... გენერლის ნეშტის ნარჩენები ბოროდინოს ველზე მიმოიფანტა. თუმცა  მაინც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც კარგად იცოდნენ ისტორიის და ისტორიულ გმირთა ფასი. მათ შეაგროვეს გენერლის ნეშტი და უკეთესი დღეების მოლოდინში შეინახეს.

უცნაური კი ის არის, რომ ზუსტად 1937 წელს გენერალი რეაბილიტირებული იქნა,  მაგრამ ნეშტი არავის გახსენებია, - ბეტონის ფილა წარწერით "აქ განისვენებს პეტრე ბაგრატიონი", ცარიელ ადგილზე დადგეს. ბაგრატიონის მესამე დასაფლავება 1987 წლის აგვისტოში მოხდა.  რუსებმა ბაგრატიონის მემორიალი აღადგინეს და მის ქვეშ ნეშტის ნაწილები დაკრძალეს.. ცერემონიალი ერთმა სამხედრო ოცეულმა და ოთხმა ოფიცერმა ჩაატარა. მისი ზოგიერთი მონაწილე ამტკიცებდა, კუბო ცარიელი იყოო, ზოგიერთი კი -  ბაგრატიონის ნეშტის ნაწილები კუბოში პატარა აბრეშუმის პარკით იდოო. მაგრამ  ეს საფლავიც 90-იანი წლების დასაწყისში, რუსმა ნაციონალებმა ორჯერ ააოხრეს.

რა უნდა ვთქვათ - უცხო მიწას შეწირულთა ბედი როდის იყო სახეირო, პეტრე ბაგრატიონისა რომ ყოფილიყო...

ვახტანგ ჭანკოტაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი