"ეროვნულის უარყოფის ტენდენცია სპორტშიც შეიმჩნევა" - კვირის პალიტრა

"ეროვნულის უარყოფის ტენდენცია სპორტშიც შეიმჩნევა"

ათენის ნისლიანი დილაა. 1896 წლის 25 მარტი, აღდგომის მეორე დღე. 60 000 მაყურებელი მოვიდა ათენის მარმარილოს სტადიონზე თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნაზე.

ზუსტად სამ საათზე ყველა ფეხზე წამოდგა. დასჭექა სამხედრო ორკესტრმა. მობრძანდა გენერლის მუნდირით შემოსილი მეფე გეორგიოსი, დედოფალი, პრინცები, პრინცესები და მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი იერარქები.

ოლიმპიადის გახსნა უკიდურესად პოლიტიზებულ თარიღს დაამთხვიეს - ოსმანი კოლონიზატორებისგან საბერძნეთის დახსნის 75-ე წლისთავს! მომენტის სიდიადეს ხაზს უსვამდა მონარქის გენერლის სამოსი და საპატიო ლოჟაში უმაღლესი საეკლესიო პირების ყოფნა, რომელთა მრავალი წინამორბედი, რბილად რომ ვთქვათ, სპორტს მაინცდამაინც არ აფასებდა, მრევლს მისგან შორს დგომას ურჩევდა.

მაგრამ რახან საქმე ეხებოდა ეროვნებით ბერძნებს და სპორტის საშუალებით მათ ურთიერთობას მსოფლიოს დანარჩენ ხალხებთან, მონარქთან ერთად ეკლესიამაც გადაწყვიტა, საკუთარ ხალხს გვერდით დასდგომოდა, თუნდაც საეკლესიო დოგმების დარღვევით. მეფე ფეხზე წამოდგა და ბრძანა: "ოლიმპიადას გახსნილად ვაცხადებ, გაუმარჯოს ბერძენ ხალხს!". შემდგომში კი ყველასთვის ცნობილ ხუთრგოლიან ოლიმპიურ ემბლემაში არა მხოლოდ გეოგრაფიულ-კონტინენტური, არამედ რასობრივი სხვაობაც სამუდამოდ დაფიქსირდა!

ახლა კი გავიხსენოთ, რა ხდება დღეს და ჩვენს სპორტში ეროვნულობასთან დაკავშირებით... ყოველივე ეროვნულის უარყოფის ტენდენცია განსაკუთრებით ფეხბურთში შეიმჩნევა. ნაკრებებზე სულაც რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ, საკლუბო დონეზეც აირია მონასტერი. დაქირავებული სპორტსმენები უცხოელი კონტრაქტორების სათამაშო ფიგურებად იქცნენ, გუნდები კი სათამაშო კოლექტივებად. აქ ურიგო არ იქნებოდა ინგლისელთა მაგალითის მოყვანაც: ერთ თამაშზე "ჩელსი" - ინგლისელ არისტოკრატთა გუნდი მოედანზე რომ გამოვიდა, მის რიგებში არათუ ინგლისელი, ბრიტანეთის არც ერთი მოქალაქე არ იყო! რა ხდება, ჯენტლმენებო?

ეროვნული საწყისი სპორტში კი არ უნდა მიჩუმათდეს, პირიქით, უმთავრესად უნდა იქცეს. რადგან აქსიომაა, რომ ბრაზილიელისთვის კერპი პელეა, ჰოლანდიელისთვის - კრუიფი, ქართველისთვის - მესხი. ვერავითარი "ნატურალიზებული" მათ ვერ შეცვლის, ისევე როგორც ბავშვს ეყვარება მამა და არა კაცი, რომელსაც მისთვის სათამაშოების ყიდვა არ ეზარება და, დედა, რომელიც ყველა ქალთა შორის ერთადერთია.

თუ იარსებებს ერი, ესე იგი, იარსებებს სპორტიც!

ალექსანდრე ტოგონიძე