"რატომ ვიწამლავთ თავს?!" - კვირის პალიტრა

"რატომ ვიწამლავთ თავს?!"

ადამიანი თავისი ბუნებით კომფორტისა და კეთილდღეობისაკენ მიილტვის და იწყობს კიდეც, თან ისე მოხერხებულად, ბევრ რამეში უკვე ხელის განძრევაც აღარ გვჭირდება, მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ, იმას, რასაც კომფორტისაკენ მივყავართ, ვნების მოტანაც შეუძლია - ბუნებას ვშორდებით. ეს კი გვანადგურებს.

გაეროს გამოთვლით, პლანეტის მოსახლეობა 6,7 მლრდ გახდა, მომავალი წლის ბოლოს კი უკვე 7 მლრდ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს რჩენას ბევრად მეტი პროდუქტი დასჭირდება. დედამიწას უჭირს, მოსახლეობას იმდენი პროდუქტი მიაწოდოს, რამდენიც საჭიროა. მეცნიერები ათასგვარ ხერხს მიმართავენ, რომ მიწის ერთ ნაგლეჯზე მოვიდეს გაცილებით მეტი მოსავალი, ვიდრე მოდიოდა. აქამდე ამისთვის არაორგანული სასუქი იყო, დღეს კი გენეტიკური ინჟინერიაც გაჩნდა.

ამან მოიტანა ის, რომ ევროპაც კი სავსეა პლასტმასის სადარი კიტრითა და პომიდვრით. ამ "მარათონს" საქართველო როგორ ჩამორჩებოდა - შემოდის და შემოდის ჩვენთან გენმოდიფიცირებული პროდუქტები, განსაკუთრებით თურქეთიდან. თუნდაც ინკუბატორის წიწილებივით ერთი ზომის კარტოფილი ვის არ მოხვედრია თვალში. ინკუბატორის წიწილებზე გამახსენდა, - უფრო სწორად, იმ საწყალი ქათმების ბარკლებზე, ღამით რომ არ აძინებენ და საფუარს აჭმევენ, იქნებ დღე და ღამე აერიოთ, კვერცხი ორჯერ დაგვიდონ, თანაც მალე გასუქდნენო.

საბერძნეთიდან შემოტანილი ფორთოხალიც ხომ ყველას გვიგემია, - ფორმით ჩვენსას ნამდვილად ჯობია, მაგრამ ჩვენი ფორთოხლის მსგავსი არც გემო აქვს და არც სურნელი. ვაშლზე აღარაფერს ვიტყვი, - გონიერი დედა ჩვენს ბაზრებში გამოჩენილ მსხვილ-მსხვილ თურქულ ვაშლებს შვილს არ აჭმევს, რადგან მათში იმდენი სასუქი და მოდიფიცირებული გენია, კაცმა არ იცის, რა "სიკეთეს" მოუტანს ჩვენს შვილებს.

მაგრამ უფრო ცუდი ის არის, რომ ათასნაირი სასუქით გაჯერებული პროდუქტი უფრო უხვად და  იოლად მოდის, ვიდრე ჩვენებური ქართული და გლეხიც ცდუნებას ვეღარ უძლებს. ერთ ამბავს გიამბობთ: ყოველწლიურად სოფელ ალიდან (ხაშურის რაიონი) თეთრ პინოს ვეზიდებოდი თბილისში და სანიმუშო ღვინოს ვაყენებდი, მაგრამ ბოლო სამი წელია, იქით აღარ ვიხედები. ერთხელაც რთველზე ჩავედი და გავოცდი, ისე კარგად შენახული ვენახი ვნახე. მტევნებში ერთი მარცვალი არ იყო გაფუჭებული.

ვიკითხე: როგორ მოახერხეთ ვენახის ასე შენახვა-მეთქი და... ხაშურში ახალი წამალი შემოიტანეს და ორჯერ შეწამვლაც ჰყოფნისო. აღარაფერი მითქვამს, კრეფა განვაგრძე, მაგრამ, როდესაც იმ უცხო წამლის პარკზე რაც ეწერა, ის წავიკითხე, გული შემიღონდა. ისეთი შხამქიმიკატები იყო ჩამოთვლილი, ჭამა კი არა, მიკარებაც არ არის სასურველი. არადა, ამ ზვრის პატრონს პირადად მე, შაბიამანს და კირს თბილისიდან ვუგზავნიდი, - ვენახს სხვა არაფერი მიაკარო-მეთქი.

ერთი მაგალითიც: ბურგუნდიაში, პატარა, სულ რაღაც 4,5 აკრ მიწაზე გაშენებული ვენახი, ROMANEE CONTI, იმითაა ცნობილი, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ღვინის სამშობლოა.

ეს ღვინო ძალზე მცირე რაოდენობით იწურება და მისი შეძენა ღვინის ყველა კოლექციონერის და დამფასებლის ოცნებაა. არ იკითხავთ ერთი ბოთლის ფასს? 17,5 ათას ევროს აღწევს. სახელგანთქმულ ვენახს ამ ცოტა ხნის წინ განადგურების საფრთხე დაემუქრა, - ბურგუნდიის ხელისუფალთ ერთმა ბოროტმოქმედმა მილიონი ევრო მოსთხოვა. თუ არ მომცემთ, ვენახს შევწამლავო. შანტაჟისტი წერდა, - ორი ძირი ვენახი უკვე შევწამლე და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებო. საქმე ის გახლავთ, რომ ROMANEE CONTI ორგანული ვენახია. ამ ვაზს ნებადართული ქიმიკატებითაც არ ამუშავებენ. საქმეში ჩაერთო პოლიცია. შანტაჟისტი სასაფლაოზე ფულის გადაცემის დროს დააკავა და ციხეშიც მიაბრძანა.

დარწმუნებული ვარ, ლეჩხუმის რეგიონში მდებარე "უსახელოურის" ჯიშის ვენახი, რომელიც საქართველოში უძვირფასეს ჯიშად ითვლება, ბურგუნდიულ ღვინოზე ნაკლები არ არის, სასუქებს  თუ არ გავაფუჭებინებთ.

ვიცი, ამ სტრიქონების წაკითხვისას ზოგიერთი მკითხველი აყვირდება, - სასუქი თუ აღარ ვიხმარეთ, შიმშილი მერე ნახეთო! მე კი მათ გასაგონადაც ვიტყვი: ქვეყანაში იმდენი ნაკელი ნიავდება, მისგან ჭკვიანი კაცი მთელი ჩვენი ქვეყნის სამყოფ ბუნებრივ სასუქს დაამზადებდა. ჩვენს მდინარეებსა და ტყეებსაც უზარმაზარი ბუნებრივი სასუქის მოცემა შეუძლია შლამისა და ჰუმუსის სახით. ეს ბედნიერება სხვა ქვეყანას არ გააჩნია!

ვახტანგ მახათაძე