"სირცხვილია ყამირად გაშვებული სავარგულები" - კვირის პალიტრა

"სირცხვილია ყამირად გაშვებული სავარგულები"

ჩემო რედაქციავ, გლეხკაცის ამ წერილს რომ მიიღებთ, ვიცი, გვერდზე არ გადადებთ, თქვენ ხომ მშვენივრად ხვდებით, რა არის ერთი კაცის სადარდებელი და რა - საზოგადო. ჩემი წერილიც  პირადად ჩემი კი არა, ჩემი სოფლის სადარდებელია.

ჩვენში კი, სამწუხაროდ, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ერთი, თუნდაც ჩემი სოფლის ბედით, ზოგადად, ყველა ქართული სოფლის მდგომარეობაზე იმსჯელებ. სავალალო მდგომარეობაა ქართულ სოფლებში, - ხელისუფლება გაიძახის, სოფლების განვითარებაში 150 მილიონი ჩავდეთო, მაგრამ ვინ რა მოაწყო ამ მილიონებით, იმის ნიშანწყალიც არ ჩანს, ამერიკიდან შემოტანილი სიმინდის შესანახ "ცისტერნებს" თუ არ ჩავთვლით, რომელიც დიდის ამბით აჩვენეს ტელევიზორში.

თუმცა პირადად მე, მათი ფუნქციისა ვერაფერი გავიგე, - ამ ამერიკულ სიმინდს, პრაქტიკულად, არავინ თესავს და ამოდენა ნაგებობებში ამდენი ფულის გადაყრა რაღა საჭირო იყო?! მე თუ მკითხავ, ამ ფულით სოფლისთვის საშველის მოძებნა გაცილებით მარტივად შეიძლებოდა, - მიეცათ გლეხებისთვის იმდენი შეღავათიანი კრედიტი, ერთი ძროხის ყიდვა რომ შეძლონ და საკუთარი ლუკმაპურიც გამოუჩნდებოდათ.

არ გეგონოთ, ამაში მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას ვადანაშაულებდე, - ამათ, რეალურად სოფლისთვის თავი არ შეუწუხებიათ, სულ ეს არის, თორემ სოფლის ტკივილისთვის მიყურადება ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაიწყო. აჭარას დამატებით ის სატკივარიც ჰქონდა, რომ ჩვენი გლეხი რაღაცნაირად გლეხადაც ვერ აღიქმებოდა. მე ქედის რაიონის სოფელ აქუციდან ვარ და ახალგაზრდა კი ვიყავი, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორ თქვა 60-იანი წლების დასაწყისში ჩვენთან რთველის გადასაღებად ჩამოსულმა ერთმა ცნობილმა მსახიობმა, - ისეთი მევენახე მომიყვანეთ, რომ ტიპური ქართველი იყოსო.

ჩხავერის მოვლას გადაგებული ხალხი იქვე იდგა და ერთი ულვაშიანი კაცი სადღაც მოუძებნეს და მოუყვანეს. არადა, იმ კაცმა ყურძნის ჭამის მეტი არაფერი იცოდა. მაგრამ მისი შრომის შეფასების კრიტერიუმი ულვაშები გახლდათ. გავიდა წლები. სოფელში ერთი სწავლული აგრონომი გამოგვიგზავნეს. ის დრო იყო, ვაზი სარზე იკვრებოდა. მან სოფელში ჩამოიარა და საჩვენებლად ორი ძირი ვენახი სარზე ზუსტად ისე მიაბა, როგორც ბაღში ხეხილის ნერგს მიაბამენ ხოლმე. ამის მნახველმა გლეხებმა უხერხულობით პირი გვერდით მიიბრუნეს, - დავუშვათ, ინსტიტუტში არ გასწავლეს, მაგრამ სოფლის სახელმძღვანელოდ რომ მიდიხარ და ვაზის სარზე აკვრის წესიც არ გაინტერესებს, ამაზე გეტყობა, "გულში გჭირს" თუ არა სოფელი.

ამას იმიტომ გწერთ, რომ ასე მგონია, რაც მეტს ააღელვებს სოფლის ბედი, მით უფრო მიხვდება მთელი ქვეყანა სოფლის ფასს და იმაზე  დაიწყებს ფიქრს, რომ ჩვენი ფიზიკური და სულიერი გადარჩენა მხოლოდ საკუთარი მიწის პატრონობით შეიძლება. სირცხვილია ყამირად გაშვებული სავარგულები - სად გვაქვს ამის ფუფუნება! არც ერთი გოჯი არ უნდა დავტოვოთ ისე, რომ მოსავალი არ მოვიყვანოთ. სხვათა შორის, ჩვენთან, მაღალმთიან აჭარაში, ხალხი სწორედ ასე ცხოვრობს, - მიწა ცოტაა, მაგრამ ჩვენებური გლეხი მიწიდან თავს არ იღებს, რათა მის შვილებს ხელი სამათხოვროდ არ ჰქონდეთ გაწვდილი.

აჭარლებს 300 წელიწადი პატრონი რომ არ გვყავდა, ჩვენი მიწა გვპატრონობდა, მან არ მოგვაშორა დედასაქართველოს სიყვარულს. მერე ადგნენ და 1937-ში, ჩემს პატარა სოფელ აქუცაში, 19 კაცი დახვრიტეს - ის ხელისუფლება არ მოსწონდათ, რომელმაც ჩვენი მიწასთან განშორება მოინდომა. ამ ხალხის სისხლმა მდინარე ჭოროხი შეღება.  სისხლით შეღებილი  ეს მიწა ქართული გახლავთ და ვისაც გული გიწუხთ, რომ ის გაპარტახებულია, ნუ დაიგვიანებთ, მისი მოვლა და პატრონობა შიშველი ხელებითაც შეიძლება.

ზურაბ მახაჭაძე, ქედა, სოფელი აქუცა