"ვინმეს ჰგონია, რომ სკოლა გვაქვს?" - კვირის პალიტრა

"ვინმეს ჰგონია, რომ სკოლა გვაქვს?"

ტელევიზიით  ხშირად გინახავთ ახალგარემონტებული სკოლები და გაგხარებიათ კიდეც. მაგრამ არის სოფლები, სადაც დღემდე ნატრობენ სკოლის ნორმალურ შენობას. რედაქციაში რეგიონებიდან ერთიმეორის მიყოლებით მოგვდის წერილები, - სკოლა თავს გვენგრევაო.

1989 წელს ზემო აჭარაში დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ ჩამოგვასახლეს ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულიდან 5 კმ-ში, თამარისის საკრებულოში. მალე დაიწყო ჩვენი ახალი სოფლის მშენებლობა, რომელიც ვერ დასრულდა - საბჭოთა კავშირის დაშლამ შეუშალა ხელი. ცხადია, საშუალო სკოლის მშენებლობაც დაკონსერვდა. შემდეგ ჩვენს სოფელს სახელი გადაერქვა და "ახალი დიოკნისი" ეწოდა. ამასობაში, 1993 წელს, მაშინდელი ხელისუფლების მხარდაჭერით და მოსახლეობის გასახარად, სოფელში ჯერ არასრული, ხოლო შემდეგ საჯარო სკოლა გაგვიხსნეს მშენებარე, კერძო საცხოვრებელ სახლში. საქმე ისე წავიდა, სოფელს წლების განმავლობაში სკოლის გაუქმებით გვაშანტაჟებდნენ. ეს მაშინ, როცა უახლოესი სკოლა ჩვენგან 5 კმ-ითაა დაშორებული.

ჩვენს სოფელში კი დღესაც ცხოვრობს 80 კომლი. ასე რომ, თავად განსაჯეთ - ბევრია თუ არა ჩვენს ქვეყანაში ჩვენნაირი დასახლებული სოფელი. ამის მიუხედავად, დღესაც ჩვენი ბავშვები სრულიად მოუწესრიგებელ სკოლაში სწავლობენ და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულფასოვნად ჩატარების არავითარი პირობა არ არსებობს...

2008 წელს ჩვენი სკოლის მშენებლობა თავიდან დაიგეგმა, მაგრამ უკვე 2011 წელია და ერთი აგურიც არავის მოუტანია. სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ მივმართეთ რაიონის გამგეობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, საიდანაც მიღებული გვაქვს დადებითი პასუხი სკოლის აშენების თაობაზე. სკოლის პროექტი შესყიდული აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მშენებლობისათვის აუცილებელი ყველა პროცედურა გავლილია, მაგრამ...

მარნეულში, არაქართულ რეგიონში, იქ, სადაც ქართველთა და ქართული ენის დეფიციტია, როცა ყოველ საინფორმაციო გამოშვებაში ვხედავთ სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სკოლებს ხსნიან ქვეყნის პრეზიდენტი და განათლების მინისტრი, ჩვენ ძალზე დაჩაგრულად ვგრძნობთ თავს. გეკითხებით, ნუთუ ასე უჭირს ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენი სკოლისთვის  მცირეოდენი სახსრები ვერ გამონახა (საუბარს აღარ გავაგრძელებთ იმაზე, რომ სოფელში არც ერთი ადმინისტრაციული შენობა არ არის). ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მილიონობით ლარი იხარჯება, წინასაარჩევნო დაპირებები კი ქარს მიაქვს.

უკანასკნელად რაიონის გამგეობას მივმართეთ სკოლის მშენებლობის საკითხზე. გამგებელმა პირობა მოგვცა, სკოლას რაიონის ბიუჯეტიდან აგიშენებთ, თუ ზემდგომი ორგანოები ნებას დამრთავენო. არ დართეს ალბათ, თორემ, რომელ ჭკუათამყოფელ გამგებელს არ შეაწუხებს იმის ნახვა, რაც ჩვენს სოფელს სჭირს.

იმედი გვაქვს, თქვენს გაზეთში მაინც წაიკითხავენ ჩვენს წერილს მთავრობიდან და ეს ამბავი მსჯელობის საგნად იქცევა. ბოლოს და ბოლოს, ახლა ხომ 21-ე საუკუნეა?!

სოფელ ახალი დიოკნისის მცხოვრებნი

P.S. ჩვენ დავუკავშირდით მარნეულის გამგებელს, ბატონ ზაზა დეკანოიძეს: - კანონმდებლობით ჩვენ არა გვაქვს განათლების ობიექტების მშენებლობის უფლება, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ განათლების სამინისტროს, თუ რომელი სკოლაა ასაშენებელი. ასეთი რეკომენდაცია აღნიშნულ სამინისტროს არაერთხელ მივეცით ნახსენები სკოლის შესახებ. მათ კი გვიპასუხეს, - ბიუჯეტს განვიხილავთ და შესაძლებლობის შემთხვევაში სკოლას ავაშენებთო.

მოგვიანებით, განათლების სამინისტროდან პასუხი მივიღეთ: - სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახლო მომავალში სოფელ ახალ დიოკნისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაიწყება.

P.P.S. იმედია, განათლების სამინისტრო დანაპირებს ახლა მაინც შეასრულებს.