"ახლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი თაობა ნამდვილ ვარსკვლავებს მოესწრო" - კვირის პალიტრა

"ახლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი თაობა ნამდვილ ვარსკვლავებს მოესწრო"

ქართველებს შოუბიზნესში იმდენი "ვარსკვლავი" ამოგვიკაშკაშდა, ზოგიერთს შიშიც გაუჩნდა, "ნათებამ" თვალი არ მოგვჭრასო. ნამდვილად გვაქვს პოტენციალი, უამრავი ვარსკვლავი გვყავდეს - ჩვენს ცხოვრებაში იყო ასეთი ხანაც. და რახან იყო, უსათუოდ ისევ მოვა, მაგრამ საჭიროა, ნამდვილი ვარსკვლავების ხსოვნას მეტი პატივი მივაგოთ.

საბედნიეროდ, ჩემი თაობა ნამდვილ ვარსკვლავებს მოესწრო. ვერ აგიწერთ, სხვებთან ერთად რა სიამოვნებით ვუყურებ უფროსი თაობის ხელოვანთა ვარსკვლავების გახსნას. მჯერა, მათ მნახველ ახალგაზრდობას შეუძლია ნამდვილი ხელოვნება შეიცნოს. არადა, თუ მომავალი თაობა ნამდვილი სულიერი ღირებულებებით არ გავზარდეთ, ფიქრისაც კი მეშინია, ხელოვნების ფასეულობებს რა ჩაანაცვლებს. მადლობა ღმერთს, რომ ქართველებს ისევ გვყავს ისეთი ხელოვანები, რომლებიც მართლა არიან ვარსკვლავების გახსნის ღირსნი.

მაგრამ მე ერთი რამ მეფიქრება: ნუთუ ვინც ამ ქვეყნიდან წავიდა, პატივის მიგებას არ იმსახურებენ? მათი სახელები დრომ რომ არ დაჩრდილოს, ნუთუ ასე ძნელია, ან რა დიდი თანხა სჭირდება ყველა თეატრის წინ, ერთი მემორიალური დაფის ან სამახსოვრო ქვის აღმართვას, სადაც ჩამოთვლილი იქნება მათი სახელები, ვინც დაიწყო და მრავალი წელი იღვაწა ამა თუ იმ თეატრში? ეს ხომ ის ხალხია, ვის მხრებზეც იდგა ქართული კულტურა, ვინც თავიანთი თავგანწირული (დიახ ასე იყო!) შრომით ხალხს ბედნიერებას ანიჭებდა. ნახეთ, რა სახელებია (თუ ვინმე გამომრჩა, ჩემზე ჭკვიანებმა გაიხსენონ):

ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, უშანგი ჩხეიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, პიერ კობახიძე, იაკობ ტრიპოლსკი, ტარიელ საყვარელიძე, ეროსი მანჯგალაძე, გიორგი გეგეჭკორი, სერგო და ბუხუტი ზაქარიაძეები, კოტე მახარაძე, დავით გამრეკელი, დავით ანდღულაძე, ზურაბ კიკალეიშვილი, ოდისეი დიმიტრიადი, ვახტანგ ფალიაშვილი, პეტრე ამირანაშვილი, შოთა კიკნაძე, ბათუ კრავეიშვილი, არჩილ გომიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, თამარ ჭავჭავაძე, ელენე ყიფშიძე, მედეა ჯაფარიძე, მარინე თბილელი, სალომე ყანჩელი... და ვინ იცის, კიდევ რამდენი, მაგრამ  ერთ დიდ დაფას მათი სახელებით  ყველა თეატრის კედელი დაიტევს!

არა მგონია, ერთადერთი ვიყო, ვისაც ეს სურვილი გასჩენია - ასეთი მოღვაწეების ხსოვნის პატრონობა ხომ მთელი ერის საქმეა, თანაც ეს ხომ საღვთო საქმეც არის.

პატივისცემით, დოდო ახვლედიანი