შეჩერდი, სიცოცხლე ძალიან ლამაზია! - კვირის პალიტრა

შეჩერდი, სიცოცხლე ძალიან ლამაზია!

ცუდია, მაგრამ რეალობაა, - თვითმკვლელობის შემთხვევებმა ახალგაზრდობაში ძალიან იმატა. ამ წერილის ავტორი 19 წლის არის და მისმა თანატოლმა თავი მოიკლა... განა არ დადგა დრო, რომ ახალგაზრდებში ასე გახშირებულმა თვითმკვლელობებმა საზოგადოება სერიოზულად დააფიქროს?

მინდა მოგწეროთ იმაზე, რაც ძალიან ხშირად ხდება ახალგაზრდებში - თვითმკვლელობაზე. თავს იკლავენ ისეთები, რომლებიც გამორჩეულნი არიან გარეგნობით, ოჯახისშვილობით, განათლებით... ახლახან ჩემმა ახლობელმა ოცი წლის ბიჭმა თავი მოიკლა. გარეგნულად თითქოს არაფერი ეტყობოდა. დაეჭვებითაც კი არ დავეჭვებულვართ, რაღაც რომ უჭირდა. წავიდა ისეთ ადგილზე, სადაც ვერავინ დაინახავდა და ვენები გადაისერა. ამის მიზეზი, ვფიქრობ, სასოწარკვეთილებაა.

რატომღაც ფიქრობს, რომ ყველაფერი დასრულდა, წინ აღარაფერია. ანუ იგი, არქიმანდრიტ რაფაელის სიტყვებით რომ ვთქვათ, "გარემომცველ სამყაროში ხედავს არა ღვთის იმედსა და სიბრძნეს, არამედ შავ ქაოსს". მის წარმოსახვაში იმდენად მძიმდება გარემო, რომ ერთადერთ გამოსავალს საკუთარი თავის განადგურებაში ხედავს. მეორე მიზეზი ისაა, რომ თვითმკვლელები სურვილებს  ვერ ისრულებენ, საკუთარ ცხოვრებას ვერ იწყობენ, ეს კი იწვევს საკუთარი თავით უკმაყოფილებას და გაუცნობიერებელი შურისძიების სურვილს ახლობლებზე, მათ რატომღაც თავიანთი უსუსურობის მიზეზად  მიიჩნევენ, და იწყებენ იმაზე ფიქრს, რომ  თავიანთი სიკვდილით გაამწარონ ისინი...

როცა ადამიანი საკუთარ ადგილს ვერ პოულობს, მის სულში დაუსრულებელი ბრძოლა მიდის. ასეთები ცდილობენ, ამ ბრძოლის შესანიღბავად, განსაკუთრებულად მშვიდად გამოიყურებოდნენ. სინამდვილეში კი მათი გული, ტვინი, სხეული, სული... ყველაფერი ისე ბობოქრობს, რომ ამას ვეღარ უძლებენ და თავს იკლავენ.

ზოგადად ეს შემიძლია ვთქვა ახალგაზრდების თვითმკვლელობაზე... იქნებ გვაჩვენოთ რაიმე გზა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად.

ელისო გენგაშვილი

P.S. ჩვენ ისღა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი იქნებოდა, თუ ახალგაზრდებთან თუნდაც სკოლებში, იმუშავებდნენ ფსიქოლოგები - განა ასე ძნელია, რომ ბავშვებს დაანახვო, რა ლამაზია სიცოცხლე. აღარ გავაგრძელებ სიტყვას იმაზე, რომ თუკი ადამიანი ეკლესიურია, ამას არ გააკეთებს, რადგან მას სულიერი მოძღვარი უდგას მხარში.