"სწორედ ეს იყო ის წუთი, როცა სიკვდილზე გავიმარჯვე" - კვირის პალიტრა

"სწორედ ეს იყო ის წუთი, როცა სიკვდილზე გავიმარჯვე"

გიგრძნიათ ოდესმე, რა მადლი აქვს მშობლიურ ენას? შეიძლება არა, რადგან იგი დედის სიყვარულივითაა, - როცა გვერდით გყავს, გგონია, აქ განსაკუთრებული არაფერია.

მაგრამ როგორც კი დედას გვერდით ვეღარ იგრძნობ, ფორიაქობ. ამიტომაც მშობლიური ენის მადლი  უცხოეთში გადახვეწილთ უფრო სდევთ - ალბათ, მშობელ მიწაზე გამოსაბრუნებლად. ამ წერილის ავტორმაც ერთხელ იფიქრა, უკვე ცხოვრების ბოლო დადგაო, მაგრამ დედაენამ უშველა.

...ეს ამბავი ირანში მოხდა.

საბჭოთა მთავრობა სპარსეთში მივლინებით ხშირად მგზავნიდა. ეს მივლინებები ფერეიდანთან და ფერეიდნელ ქართველებთან  იყო დაკავშირებული. თუმცა ამჯერად მათზე კი არა, იმ მწარე დღეზე უნდა მოგითხროთ, როცა სპარსეთში უმძიმესი ტრავმა მივიღე - ხერხემალი გამიტყდა. არავინ იფიქრებდა, ოდესმე ფეხზე თუ დავდგებოდი. გონზე ხანდახან მაინც მოვდიოდი, მივიხედ-მოვიხედავდი, დავინახავდი დაბინდულ გარემოს და ისევ ცნობას ვკარგავდი.

ერთხელ, საოპერაციო მაგიდაზე გონს მოსულს, სპარს ექიმთა ლაპარაკი შემომესმა - ამ საბჭოთა მოქალაქის ოპერაციის გაკეთება არ ღირს, ხერხემალი  ისე აქვს დაზიანებული წელის არეში, შეიძლება ვერ გადაიტანოსო. როგორი გასაგონია? ალბათ ღმერთმა თუ მომცა ძალა, ბოლომდე მეთქვა, რაც მაშინ ვუთხარი, - "ალაჰი ყველაფერს ხედავს და ესმის, ისიც ესმის, რასაც ახლა ამბობთ. მე გურჯი ვარ გურჯისტანიდან, ნუ გამწირავთ, ახლა თქვენ იცით!.." და ეს ვუთხარი მათ მშობლიურ ენაზე - სპარსული კარგად ვიცი.

და... უფალმა ამის შემდეგ იმის ერთი წამიც მომცა, რომ მათთვის შემეხედა, - ენა ვერ იტყვის, რა აღებეჭდათ სახეზე უცხოსაგან მშობლიური ენის გაგონებისას - გაკვირვება, თანაგრძნობა, ნუგეში, თუ ყველაფერი ერთად. მერე კი გონი ისევ დავკარგე.

ხელახლა გამოფხიზლებული უკვე ნაოპერაციები ვიყავი და ის ხალხი მთელი თვე არ მომშორებია. პირველ დღეებში ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა,  დაჭრილი დათვივით ქართულად ვღრიალებდი. ერთხელ რენტგენზე გადასაღებად საკაცით წამიყვანეს. კარი დაკეტილი დაგვხვდა. ექიმებმა  რენტგენოლოგის ძებნა დაიწყეს.

ამაზე უფრო გავმწარდი და ისეთი ღრიალი ავტეხე, დასაბმელს ვგავდი. უცებ ერთი პატარა გოგონა მომიახლოვდა, გვერდით დამიდგა და საწყალობელი თვალები მომაპყრო. ქართველი ხართ, პატრონო? - მკითხა ჩუმად. და უცებ ის ვიგრძენი, რისი აღწერაც შეუძლებელია - საოცარი ძალა და შემწეობა! ვიგრძენი, რომ უცხო მხარეში გვერდით ჩემიანი მედგა და მშობლიურ ენაზე მელაპარაკებოდა, მარტო არ ვიყავი. სწორედ ეს იყო ის წუთი, როცა სიკვდილზე გავიმარჯვე. არაფრით არ მოვკვდები, - ვთქვი გულში, - გვერდით ჩემი საქართველოა.

არც მოვმკვდარვარ. სიკვდილს ამ პატარა ფერეიდნელი ქართველი გოგონას ქართულმა გადამარჩინა, - თურმე  ექთანობის კურსებზე სწავლობდა და პრაქტიკას გადიოდა საავადმყოფოში.

მეორე დღეს ისპაჰანში მცხოვრები უამრავი ქართველი მოსდგომოდა საავადმყოფოს. როგორც მერე შევიტყვე, შესულან საავადმყოფოს მთავარ ექიმთან და უთქვამთ, რომ თუ ამ კაცს რამე დაემართება, მთელ საავადმყოფოს დაგინგრევთო!

აი, ასე დამაყენა ფეხზე ჩემმა ფერეიდნელმა ქართველმა და მშობლიურმა ჯილაგმა!

ნოდარ კოჭლაშვილი