"ქვეყნად არაფერი იკარგება" - კვირის პალიტრა

"ქვეყნად არაფერი იკარგება"

ცნობილია - ქვეყნად არაფერი იკარგება. მეცნიერებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს ბუნების კანონები, რომელთა მიხედვით ნებისმიერი მატერია მარადიულია - მაშინაც კი, როცა რაღაც კვდება, კი არ ქრება, უბრალოდ, ერთი სახეობიდან მეორეში გადადის.

სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება, თორემ არამატერიალური ადამიანის სული და მისი ნამოქმედარი უფრო მარადიულიც არის - ყოველივე, რასაც თითოეული ჩვენგანი სჩადის, უკანვე გვიბრუნდება, ჩვენ თუ არა, ჩვენს შთამომავლობას მაინც. ეს უფლის კანონია და თუკი გვემახსოვრება, ჩვენს სულებსაც არ დააწვება მძიმე ტვირთად. ეს პატარა ამბავი ასეთი მძიმე ტვირთის მნახველმა გოგონამ მოგვწერა. ჩვენ მას მადლობა გვინდა ვუთხრათ, - რაც უფრო ახალგაზრდა დაფიქრდები ასეთ რამეებზე და სხვებსაც დააფიქრებ, ცხოვრება მით უკეთესი იქნება.

რით დავიწყო: იმით ხომ არა, რომ სამშობიაროდან გამოსულ კაცს ჩვილი ეჭირა ხელში და სახეშეშლილი დასცქეროდა, რადგან გოგონა ბრმა იყო? ამით დავიწყებ, რადგან ის სურათი არ მავიწყდება და მუდამ თავს მახსენებს.

...დაახლოებით ათი წლის წინ, ერთი საკმაოდ გავლენიანი ახალგაზრდა კაცი ნასვამი მიუჯდა საჭეს და 18 წლის გოგონა შემოაკვდა. მერე კი გავლენაც და ჯოჯოხეთის მანათობელი ნივთებიც დაუნანებლად გამოიყენა და საზარელი მკვლელობა ხელმოკლე ოჯახში აღზრდილ ახალგაზრდა კაცს ,,შეაწერა", რომელიც 15 წლით გამოკეტეს ციხეში. მოსამართლეს კი არც გარდაცვლილის ბედი აღელვებდა და არც უდანაშაულო ახალგაზრდისა, რადგან მისთვის მთავარი მხოლოდ ის ხელის ჭუჭყი იყო, რომლითაც ამდენი ბოროტება ხდება ამქვეყნად.

ამ კაცისთვის რომ გეკითხათ, ის მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობდა, ჰყავდა საცოლე, დაქორწინებამდე იმდენი ქონება უნდა დაეგროვებინა, რომ მომავალი მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ჰქონოდა. მერე შეირთო სასურველი ქალი ცოლად და ბედნიერი გახდა. ის ბრმა გოგონაც, მე რომ აგიწერეთ, სწორედ ამ "ბედნიერს" ეჭირა საავადმყოფოს წინ და მეც გონებაში  წარუშლელ აჩრდილად შემარჩინა.

ეს "ბედნიერი" ცოლ-ქმარი ალბათ ამიერიდან ხშირად იტყვის, - ღმერთო, რა დავაშავეთო. თუმც თუ დაფიქრდება, იქნებ თავისი გამოტანილი განაჩენიც გაახსენდეს, მაგრამ არა მგონია, თავი დაიდანაშაულოს, - ასე ხდება ხოლმე. ალბათ გაიფიქრებს, მე ხომ არ ვყოფილვარ პირველი, ვინც ასეთი რამ გააკეთა, მაშ, ისინი რატომ არ ისჯებიან, ყველა ხომ საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვისო!  სხვისგანაც ხომ ბევრჯერ გაგვიგონია ასეთი რამ, სამწუხაროდ!.. ასეთი ტკივილებით დასრულებულ მათ ნამოქმედარს მერე ხომ ის საზოგადოებაც განიცდის, ვისაც მათი შეჩერება თავის დროზე შეეძლო და არ შეაჩერა.

ელენე თარგამაძე,

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი