"მისი დახმარებით ბევრ კეთილ საქმეს ვაკეთებთ" - კვირის პალიტრა

"მისი დახმარებით ბევრ კეთილ საქმეს ვაკეთებთ"

დღეს ბევრს მსჯელობენ სკოლაზე. იმ სამყაროში, სადაც ჩვენი მომავალი იზრდება, ყველაფერი რიგზე რომ არ არის, აშკარაა. რასაკვირველია, უმთავრესი ყმაწვილისთვის განათლების მიცემაა, თუმცა ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთობა - კაცმა რომ თქვას, ყველაფერი აქედან მოდის:

მასწავლებლის დამსახურებაა, რომ მოსწავლეს სწავლა უყვარს. სამწუხაროდ, ასეთი მასწავლებლები თითზე ჩამოსათვლელი გვყავს და კარგი იქნება, თუ ასეთ პედაგოგებს გვერდით დავუდგებით, მათთან ერთად გავაკეთებთ საერო საქმეს.

პატივცემულო რედაქციავ, ამ წერილს თბილისის 139-ე სკოლის მოსწავლეები გწერთ. გვინდა, ჩვენს ისტორიის მასწავლებელზე, აზა ლეჟავაზე გიამბოთ და თუ შეიძლება, უსათუოდ დაგვიბეჭდეთ. ალბათ არ დაგვიჯერებთ, როგორ გვიხარია მის გაკვეთილზე შესვლა - ისტორიის გაკვეთილს ისე მოუთმენლად ველით,  ჩვენს მშობლებს უკვირთ კიდეც, - ნეტა, ეს როგორ ხდება, გაგვაგებინაო. ჩვეულებრივად ხდება: აზა მასწავლებლის გაკვეთილი ყოველთვის საინტერესოა, - მხოლოდ წიგნიდან კი არ გველაპარაკება, ყველაფერზე, რაც გვაინტერესებს. თუმცა უფრო მთავარი გაკვეთილის შემდეგ ხდება: აზა მასწავლებელს დავყავართ ყველგან, სადაც შეუძლია.

ანუ, სადაც, მისი თქმით, სამშობლოს სიყვარულს, კაცობასა და სიკეთის კეთებას ვისწავლით - ზუსტად ასე გვეუბნება ხოლმე. ხანდახან გვიკვირს, ნეტავ, ამდენ ხალხს საიდან იცნობსო. ის კი გვეუბნება, მთავარია, კარგის დანახვა გინდოდეს და ყველგან დაინახავო. ადამიანის დახმარებაც მან გვასწავლა. ამაში, სხვათა შორის, თქვენც ეხმარებით - "კვირის პალიტრა". როგორ? აი, ასე: ვთქვათ, აზა მასწავლებელმა "კვირის პალიტრაში" წაიკითხა, რომ სადმე ბავშვებს დახმარება სჭირდებათ, მეორე დღესვე გვეტყვის, - ბავშვებო, მართალია, ჩვენ ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ისეთი ტანსაცმელი მაინც გექნებათ შინ, რომ აღარ გჭირდებათ, გაჭირვებულისთვის ამის მიტანაც დიდი მადლია.

თანაც, წავიდეთ, ვნახოთ, ეგებ კიდევ სხვაგვარადაც შეგიძლიათ თქვენს თანატოლებს ხელი გაუწოდოთო. ჩვენც მივდივართ და მერე ძალიან ბედნიერები ვბრუნდებით, - კარგი საქმეა, ადამიანს რომ დაეხმარები. და განა მარტო ეს, - თქვენ ხომ ძალზე საინტერესო წერილებს ბეჭდავთ საქართველოს ისტორიიდან. წაიკითხავს აზა მასწავლებელი და მივყავართ სტუმრად იმ ისტორიკოსებთან, ვინც თქვენს წერილებში საუბრობს.

კარგად იყავით. თუ აზა მასწავლებელს გაახარებთ, კიდევ ერთხელ გადაგიხდით მადლობას.

139-ე სკოლის მოსწავლეები