"ჩემი თაობა წიგნს მიუბრუნდა" - კვირის პალიტრა

"ჩემი თაობა წიგნს მიუბრუნდა"

ჩვენს დროს ერთი მთავარი სენი სჭირს - ჩვენს თაობას კითხვაც ეზარება და წერაც, უფრო სწორად, ეს მთავარი კი არა, საშინელი სენია. იმაზე ფიქრი, რომ გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ამ ზარმაცების კარში მაგარი "გოლი" გაიტანა, მართლა საამაყოა.

დამიჯერეთ, არასდროს მიმიწერია გაზეთისთვის სტრიქონიც კი! ამიტომ ცოტა არ იყოს, მეუხერხულება ამ წერილს რომ გწერთ. "ორმოცდაათტომეულის" ერთ-ერთი მყიდველთაგანი ვარ და მადლობას გიხდით ამ პროექტისთვის. სამწუხაროდ, პირველი ხუთი წიგნი გამომრჩა, მაგრამ იმედი მაქვს, იმათაც ვიყიდი. ახლა, რაც ვიყიდე, იმას ვკითხულობ. მინდა, ჩემი სურვილიც გაითვალისწინოთ, ამიტომაც გწერთ: დაბეჯითებით ვიცი, სხვა ჩემს ტოლებსაც ძალიან უნდათ, ამ პროექტში უცხოური ბესტსელერიც შევიდეს.

გგონიათ, უფროსებიც არ წაიკითხავენ? "ჯეინ ეარი" ჩემს სამეგობროში ძალიან პოპულარულია, - ამ წიგნს შეუძლია ადამიანს სულიერი ტკივილი დაუამოს, სიხარული, სიყვარული, ერთგულება ასწავლოს. ზოგი ამბობს, ეს რეალური კი არა, ოცნებების წიგნიაო... ამერიკული ფილმების "ჰეფი ენდი" თუ სულ ოცნებაა, რატომ არ უნდა წაიკითხოს კაცმა ისეთი წიგნი, რომელიც მას ოცნებას ასწავლის, რომელიც ხშირად სრულდება კიდეც, თუკი, რაღა თქმა უნდა, გარისკვისა არ ეშინია. თანაც სასოწარკვეთილმა კაცმა თუ ზოგჯერ კარგ რამეზე არ იოცნება, ვეღარც გამოვა ამ მდგომარეობიდან.

ასე რომ, დროდადრო ჯობია ოცნებებით და ფანტაზიით იცხოვრო, ვიდრე მწარე რეალობის კრიტიკოსი და "ნევროზა" გახდე! თქვენც ხომ გინახავთ ისეთი ტიპები, რომლებიც მუდმივად "ჩაშვებულები" არიან! მაგრამ... მგონი, ამით ძალიან გადავუხვიე თემიდან, ამიტომ გთხოვთ: თუ შეიძლება, ხშირად გამოაქვეყნეთ უკვე გამოსული წიგნების სია, რომ ყიდვა არ დამავიწყდეს. მით უფრო, რომ ეს ბევრისთვის აუცილებელი გახდა.

დავით ქოჩიაშვილი, 22 წლის