"გვირჩევნია, წყურვილმა მოგვკლას" - კვირის პალიტრა

"გვირჩევნია, წყურვილმა მოგვკლას"

"ამ სოფელში 1000-ზე მეტი კაცი ვართ და ერთიც აღარ დარჩება, ეს მდგომარეობა კიდევ თუ გაგრძელდა"

ხომ შეიძლება ადამიანს რაიმის შეხედვას კლდიდან გადავარდნა ერჩივნოს. როცა ეს წერილი წავიკითხე, მეც ასე დამემართა, მაგრამ მაინც შევხედე - სხვანაირად არ შეიძლებოდა!

მოგესალმებით, ჩვენო პალიტრავ... თქვენამდე, მცხეთაში  თუ ვინმეს ერთი-ორი კაცი ჰყავდა ჩაბარებული და უფროსი ერქვა, ყველა შევაწუხეთ, მაგრამ ჩვენს უბედურებას ყური არ ათხოვეს. მტერს გაუჭირდა ისე, როგორც ჩვენ გვიჭირს. სოფელი ძალისი გაგიგიათ უთუოდ... რამდენიმე წელიწადია, ჭიებიან სასმელ წყალს ვსვამთ. ისე, ბევრს ურჩევნია, წყურვილით მოკვდეს, ვიდრე ეს წყალი დალიოს და მით უფრო - ჩვილებს დაალევინოს, ამიტომაც ვისაც მანქანა ჰყავს, ვედროებით წყალს ხან საიდან ეზიდებიან, ხან -  საიდან. ახლა თავად განსაჯეთ, რა დღეში ვართ, სტუმარიც კი აღარ მოგვდის. ვის უნდა, წყალი დასალევად დაისხას და შიგ ჭიები იკლაკნებოდნენ!

თანამდებობის პირების კარის ატალახებამ ის შედეგი გამოიღო, რომ რაღაც თანხა გამოგვიყვეს ამ უბედურების მოსაცილებლად. მაგრამ თქვენმა მტერმა მოიცილა  სატკივარი, როგორც ჩვენ მოვიცილეთ ჭიები. ის ფული შარშანდელი თოვლივით გაქრა - ვითომ დაიწყეს ფართიფურთი, მაგრამ ისევ ძველი, ჩაჟანგებული მილების გაწმენდა მოინდომეს - ალბათ ფულის "დასაზოგად". მკვდრის გაცოცხლება ვის გაუგონია, მაინცადმაინც ჩვენს სოფელში რომ გაცოცხლებულიყო გავერანებული წყლის სისტემა! აი, ჭიები კი გადარჩნენ და მოვუშვებთ თუ არა ონკანს, თან მოჰყვებიან. ამაზე მეტი წამება რაღაა კაცისთვის! თქვენ მაინც გვიხსენით ამ უბედურებისაგან, თუ არადა, ამ სოფელში 1000-ზე მეტი კაცი ვართ და ერთიც აღარ დარჩება, ეს მდგომარეობა კიდევ თუ გაგრძელდა.

ჩვენ სოფელ ძალისის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ბიათაშვილს დავუკავშირდით:

- სოფელი ძალისი სასმელ წყალს სათავო ნაგებობიდან იღებს, სადაც წყალი გუბდება. წყალში ჭიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც წელს მდინარე ნარეკვავი ადიდდა და დააზიანა სათავე ნაგებობა, კერძოდ, სადრენაჟე სისტემა. ამჟამად სადრენაჟე სისტემის გაწმენდა მიმდინარეობს.

- სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ შარშანაც ჭიებიან წყალს სვამდა.

- სამწუხაროდ, შარშანაც დააზიანა მდინარემ სასმელი წყლის სათავო ნაგებობა და მაშინაც გავწმინდეთ.

- ბატონო ლევან, ალბათ, თავადაც ხვდებით, რომ ასეთი "სამუშაოები" გაისადაც ზუსტად იმავე შედეგს მოგცემთ...

- ამ პრობლემის სრულყოფილად მოგვარებას გაცილებით დიდი თანხა სჭირდება. ჩვენ მივმართეთ მცხეთის გამგეობას და იმედი გვაქვს, კაპიტალური სამუშაოებისთვის თანხებს გამოგვიყოფს.

...მცხეთის გამგეობაშიც დავრეკეთ, რათა გადაგვემოწმებინა საქმის კურსში იყვნენ თუ არა. მცხეთის გამგებლის მოადგილემ, ბატონმა ზაზა ალიბეგაშვილმა გვითხრა, ძალისის სასმელი წყლის სათავო ნაგებობა იმდენადაა დაზიანებული,  კაპიტალურად შესაკეთებლად 100.000 ლარი მაინც დასჭირდება, რის თხოვნასაც სახელმწიფოსთვის ვაპირებთო.

იმედია ხელისუფლება ძალისელების გაჭირვებას დროულად გამოეხმაურება, თორემ მერე გვიანი იქნება.