XXI საუკუნის ტექნოლოგიური შედევრი - კვირის პალიტრა

XXI საუკუნის ტექნოლოგიური შედევრი

იმედია, პლანეტა გაგრილებას დაიწყებს

ბუნების წესია: როგორც კი "იგრძნობს", რაღაც განადგურებას უქადის, უსათუოდ შექმნის ამ გამანადგურებლის შემაჩერებელს. ეს წესი ყველაფერზე ვრცელდება, მათ შორის, იმაზეც, რასაც ადამიანები საკუთარი თავის გასანადგურებლად ვქმნით.

თითოეული მანქანის გამონაბოლქვი, რომელიც გვერდით ჩაგვივლის,  სისხლში შხამებს აგროვებს. მხოლოდ თბილისში მანქანები ერთ დღეში 1200 ტონა ნავთობპროდუქტს წვავენ, თანაც დიდი რაოდენობით ჟანგბადს შთანთქავენ, რის ნაკლებობას ისედაც კატასტროფულად განვიცდით. არა მხოლოდ ქალაქებს, ავტომობილები სოფლებშიც უკვე ბევრს ჰყავს, რაც იმის მანიშნებელია, რომ არც იქ არის ეკოლოგიურად საქმე მთლად კარგად. კარგა ხანია დაისვა კითხვა, - რა უნდა ქნას კაცობრიობამ ამ აშკარა სიკვდილისგან თავის დასაღწევად? და პასუხიც გაჩნდა. მტკიცედ დამკვიდრდა აზრი, რომ ამ მახრჩობელა გაზებიდან კაცობრიობის და პლანეტის ხსნის ერთადერთი საშუალება არის 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური შედევრი, ელექტრომობილი.

როგორც ამ საქმეში კარგად გარკვეულმა ინჟინერმა, შემიძლია მოგახსენოთ, რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. მსოფლიოს გიგანტურმა საავტომობილო კომპანიებმა როგორც კი იგრძნეს ამ ტექნოლოგიის სარფიანობა, მაშინვე ხელი მოჰკიდეს მის წარმოებას.

უძლიერესი ქვეყნებიდან პირველი, ვინც ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, ისრაელი გახლავთ. ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ისრაელ-საფრანგეთ-იაპონიის სამთა კავშირი შეკრა და გამოაცხადა, - მინდა ჩემმა ქვეყანამ თავი დააღწიოს ნავთობის ტყვეობას და 2015 წლისთვის თელ-ავივი მთლიანად ელექტრომობილებზე გადავიყვანოო. ისრაელში უკვე დაიწყეს უზარმაზარი მზის ენერგიის სადგურების მშენებლობა (ჰიდრორესურსები მას არ გააჩნია).

გერმანელებს დიდი ხანია აშანტაჟებენ ნავთობისა და გაზის შეზღუდვით. "ფოლკსვაგენმა" ქვეყნის კანცლერს უკვე წარუდგინა ცნობილი "გოლფის" ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილი. გერმანიამ უკვე გაუშვა ქუჩებში ელექტრომობილის ტაქსების საპილოტე ეგზემპლარები და მათ "გოლფ ბერლინერ ტაქსი" უწოდა. კანცლერი ანგელა მერკელი გაეცნო ახალ მოდელს და განაცხადა, - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 2020 წლამდე გერმანიის გზებზე მილიონზე მეტმა ელექტრომობილმა იაროსო.

ყველაფერში პირველობის პრეტენზიის მქონე ჩინეთმა კი სუპერელექტრომობილი დაამზადა და მისი ტესტირება ამერიკის გზებზე აქვს განზრახული. გეტყვით, რომ იგი საუკეთესო  პარამეტრების მქონე მანქანაა - 160კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით, 8-წამიანი აჩქარებით, ერთი დამუხტვით 400 კმ-იანი განარბენით! ჩინეთმა ხუთი ქალაქი ამოარჩია:

შანხაი, შენჟენი, ჩანჩუნი, ჰანჯოუ და ჰეფეი, სადაც ელექტრომობილების მყიდველებს, სხვა შეღავათებთან ერთად, 200.00 იუანით (2,800 დოლარი) დააჯილდოებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში "ნასამ" "ბოინგების" ელექტროვერსიების დაპროექტება დაიწყო. უმთავრესი კი ის არის, რომ  პლანეტა დაიწყებს გაგრილებას, ჩვენც შვებით ამოვისუნთქავთ. თანაც, ელექტრომობილებით სარგებლობა ორჯერ იაფი ჯდება, ვიდრე ავტომობილებით.

საკითხავია, ამ დაძრული მატარებლის რომელ ვაგონს შევახტებით. მე მაინც მგონია, რომ ჩინეთს შესწევს უნარი, მის მიმართ კეთილგანწყობილ საქართველოში თუნდაც ლითიუმ-იონური აკუმულატორების ქარხანა ააგოს. მით უმეტეს, მათ ტექნოლოგიების გარეთ გატანა უკვე დაიწყეს.

ახლა კი ერთი წუთით ვიფიქროთ, როგორია კრისტალურად სუფთა ჰაერი, როგორ დადიან ქალაქსა და სოფლად მანქანები საკვამური მილების გარეშე და ყურს მიჩვეული ღმუილის მაგივრად "ღუღუნებენ"!

ვახტანგ მახათაძე, საინჟინრო აკადემია