გულუხეთელი არსენა - კვირის პალიტრა

გულუხეთელი არსენა

დრო სწრაფად იცვლება, ზოგი რამ მიაქვს, ზოგს ტოვებს. რჩება ის, რაც ხალხის გულთან ახლოს არის. ასე დარჩა არსენას სახელიც. ის ხალხმა ნამდვილ რაინდად აღიარა. ჩვენში დღესაც არ იტყვის ბევრი უარს არსენობაზე.

საქართველოში  კიდევ  ყოფილა მეორე არსენა. ხალხშიც ზუსტად ისეთივე სიყვარული დაუტოვებია, როგორიც ოძელაშვილს. ოღონდ მასზე ლექსი არავის დაუწერია და  ვერც ცნობილი გახდა. ახლა მოგიყვებით მის ამბავს. ეს არსენა აბაშის სოფელ გულუხეთიდან ყოფილა. ისე, რა ბედენაა, ოძელაშვილი იქნები თუ კიკაბიძე, მთავარია, ხალხს უყვარდე.

გულუხეთელი არსენას ამბავი გულუხეთში, სუფრასთან მოვისმინე, - ოჯახის უფროსმა პირდაპირ ასე დაიწყო, - ჩვენი არსენა არსენა ოძელაშვილზე ნაკლები კი არ იყოო.

არსენა კიკაბიძე 1880 წელს დაბადებულა. გოლიათი ვაჟკაცი ყოფილა. მისი ცხოვრების მიზანი გაჭირვებულების მხარში დგომა, სამშობლოს სიყვარული ყოფილა. მამაცურად ებრძოდა მამულის მტრებსა თუ ქართველი კაცის ღირსების შემლახველებს.

არსენა კიკაბიძეს ცოლად აზნაურ მიმინოშვილის ქალიშვილი ნინო შეურთავს. შვიდი ვაჟი და ორი ქალი შესძენიათ. მისი ერთ-ერთ ქალიშვილი გორში გათხოვილა. გორში დღესაც ცხოვრობენ მისი შთამომავლები. მათ მიამბეს, - ჩვენს დიდ პაპას დევის ძალა ჰქონდა - ხუთ-ექვს კაცს ისე გაუმკლავდებოდა, დამხმარე არ დასჭირდებოდა, მაგრამ გულში ბოროტებას არასოდეს ჩაიდებდაო.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, არსენას ხელისუფლებისთვის გვერდით დგომა შეუთავაზებია. ამ დროისთვის აღებმიცემობას ეწეოდა თურმე, ჰქონდა რამდენიმე მომცრო გემი და შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებთან ვაჭრობდა, განსაკუთრებით - თურქეთთან. როცა ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, საქართველოდან გასვლაში არსენა დახმარებია. მერე კი რუსი მოხელეების დაუძინებელი მტერიც გამხდარა, უთანასწორო სისხლისმღვრელ შეტაკებაშიც მრავალჯერ ჩაბმულა და ყოველთვის გამარჯვება მოუპოვებია.

საქმე იქამდე მისულა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს არსენა ყელზე დასდგომია და მის გარშემო საბედისწერო წრე დიდის მონდომებით შეუკრავთ. მეგობარი და თანამებრძოლი ბესო გაბუნია დიდხანს ურჩევდა თურმე არსენას, გასცლოდა საქართველოს, მაგრამ ყურად არ უღია - მე ქართველი ვარ და საქართველოში უნდა დავიმარხოო. 1922 წლის 15 დეკემბერს არსენა კიკაბიძისა და მისი თანამზრახველებისთვის რუსებს ფოთში ალყა შემოურტყამთ და ამოუწყვეტიათ.

გულუხეთელებმა ისიც მითხრეს, - ჩვენს არსენას რომ ფოთში თავისი "კუკური" ჰყოლებოდა, ეს არ მოხდებოდაო. "კუკური" კი არსენას ჭკვიანი ცხენი ყოფილა, რომელსაც პატრონი არაერთხელ უხსნია ხიფათისგან.

და კიდევ: აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენების დროს, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, გაგრაში დაიღუპნენ არსენას შვილიშვილები: ამირანი, ნოდარი და მეორე ამირანი. ორივე ამირანი მფრინავი იყო, ნოდარი - უშიშროების სამსახურის ოფიცერი.

აი, ასეთი ყოფილა მეორე არსენა ოძელაშვილი და თავად განსაჯეთ, ღირს თუ არა დრომ ამიერიდან მისი სახელიც შემოინახოს.