"დრო ნამდვილად აღარ ითმენს" - კვირის პალიტრა

"დრო ნამდვილად აღარ ითმენს"

წყალდიდობებმა ძალიან დაგვაზარალა. სამწუხაროდ, წლიდან წლამდე მდგომარეობა უარესდება და ნელ-ნელა გვიპყრობს უიმედობა, რომ ბუნებამ ჩვენთვის მოიცალა და აღარაფერი გვეშველება. წყალდიდობების საშიშროება არასოდეს გვაკლდა, მაგრამ ჯებირებითა და ზღუდეებით მის შეკავებაზეც ვზრუნავდით.

ახლაც ასე რომ იყოს, შეუძლებელია? თუმცა მხოლოდ ფიქრი რას უშველის... ყოველ შემთხვევაში, ასეთ წყალსიმაგრეებზე მომუშავე გამოცდილი ინჟინრის წერილს გთავაზობთ.

წყალდიდობა, დიდი მდინარისაა თუ პაწაწინა ღელისა, ყოველთვის დამანგრეველია. ამიტომაც მისგან დასაცავი ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში უნდა წარმოებდეს და არა მაშინ, როცა მდინარე აწიოკებას უპირებს მოსახლეობას. არადა, იმას რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მტკვარი და ალაზანი, მისი შენაკადებით, დასავლეთ საქართველოში კი რიონი, მაგანა, ჭოროხი და სხვა, რომელთაც 15-20 წელიწადია, გასამაგრებელი სამუშაოები არ ჩასტარებია, ყოველ გაზაფხულზე საფრთხედ იქცევა. რასაკვირველია, ადრე, მდინარეთა გამაგრებისას, წყალდიდობათა საფრთხე სრულიად არ ქრებოდა, მაგრამ ზარალი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე - დღეს.

ამ წერილში, რა თქმა უნდა, დაწვრილებით ვერ მოგახსენებთ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია მდინარეთა სანაპიროების გამაგრებას, მაგრამ რიონისა და დურუჯის მაგალითს გაგაცნობთ და თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები წაიკითხავენ, თავად დაასკვნიან, რა დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია მდინარეთა გამაგრებას და რა უბედურების მომასწავებელია უიმისობა. ამ მოვლენის დასტურად 1922 წლის 11 ნოემბრის გაზეთ "კომუნისტის" წერილს გაგაცნობთ: "26 ოქტომბრის დილის 10 საათზე მივიღეთ ცნობა, რომ ჯუმათის რაიონში მდინარე რიონმა გადმოხეთქა და ფოთისკენ აიღო გეზი... მიუხედავად მიღებული ზომებისა, ქალაქი ორი საათის განმავლობაში გაივსო წყლით... წყალმა ღამის 11 საათზე ორ არშინამდე აიწია, ხოლო 27-ში, დილით, 4 არშინამდე (71 სმ) ავიდა".

ამ უბედურების მნახველმა მაშინდელმა ხელისუფლებამ მოგვიანებით ქალაქ ფოთის დასაცავად, დაიწყო მდინარის გადაგდების სამუშაოები, ფოთიდან მე-7 კილომეტრზე მოეწყო წყალგამყოფი კვანძი და რიონმა კალაპოტი შეიცვალა... ფოთელებიც დამშვიდდნენ, თუმცა სხვა პრობლემები შეიქმნა... რიონი კი არ დამშვიდებულა, დროთა განმავლობაში კაშხლის ქვედა ბიეფი (მდინარის მონაკვეთი ორ მეზობელ კაშხალს ან რაბს შორის) დააზიანა და ბურჯებს, რომელზეც საავტომობილო გზა გადის, საფრთხე დაემუქრა. ღმერთმა ნუ ქნას, ბურჯები სერიოზულად დაზიანდეს...

ასეთ საპასუხისმგებლო ობიექტს გულშემატკივარი, პატრონი არ ჰყავს. 2007 წელს ეს გრანდიოზული ნაგებობა ერთ სამელიორიზაციო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას გადასცა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ხელები დაიბანა. გარდა ამისა, რადგანაც რიონზე გაწმენდით-გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, პროექტით გათვალისწინებული წყლის ხარჯის ნახევარი რიონიდან ზღვაში არ ჩაედინება. ეს კი ძალზე საშიშია. ჩემი აზრით, უბედურების თავიდან ასაცილებლად ასევე აუცილებელია ქალაქის არხის გაწმენდა-გადიდება 800-1000 კუბმ წყლის წამში  გასატარებლად.

არანაკლებ საშიში კერაა ქალაქი ყვარელიც. აქ ყოველ წამს მოსალოდნელია მდინარე დურუჯის აზვირთებულმა ნაკადმა ქალაქის არაერთი ნაგებობა წალეკოს. შენობები ოდესმე თავიდან აშენდება, მაგრამ ხალხი თუ დაიხოცა, ამას აღარაფერი ეშველება.

ამ უბედურებისგან დასაცავად ჯერჯერობით საიმედო საინჟინრო ნაგებობა ალბათ კარგა ხანს ვერ აშენდება, ამიტომაც დურუჯის კალაპოტი ყოველწლიურად უნდა გაიწმინდოს. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმისთვის საგანგებოდ პასუხისმგებელი პირიც კი უნდა დაინიშნოს, თორემ აქაც იგივე დატრიალდება, რაც ცოტა ხნის წინ ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, ახლა კი ლაგოდეხში მოხდა - ადიდებულმა წყალმა წლის სარჩო მთლიანად წალეკა...

დრო ნამდვილად აღარ ითმენს.

ალექსი მიმინოშვილი,

მელიორატორი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ფიზიკის ეროვნული

აკადემიის ნამდვილი წევრი