"ჩემი წინაპრის საქმე საკვირველი" - კვირის პალიტრა

"ჩემი წინაპრის საქმე საკვირველი"

ღმერთმა, სხვა ყველაფერთან ერთად, ერთი დიდი საჩუქარიც მოგვცა, - წინაპართა ნათელი სულები. როცა მათ ამბებს კითხულობ, სურვილი გიჩნდება,  ცოტათი მაინც დაემსგავსო - რაღაც გააკეთო ისეთი, რომ შენც მადლიერებით მოგიგონონ, როგორც ბატონი ოთარ მესხორაძე იგონებს თავის დიდ ბაბუას, იმ დიდი, ქართველთა საამაყო ხრესილის ბრძოლის მონაწილეს...

გუშინდელივით მახსოვს, ქუთაისში, ჩვენი ეზოს ჩრდილქვეშ როგორ შემოვუსხედით ბაბუას და ვეხვეწებოდით, რაიმე ძველი ამბავი გვიამბეო. ჩვენთან იმ დროს ჩვენი მეზობელი მოხუცი ეფროსინე მამიდაც იჯდა და ბაბუას ნაამბობს დროდადრო რაღაცას ჩაურთავდა ხოლმე - ორივე დიდი ბაბუის ამბავს იხსენებდა - ხრესილის ბრძოლაში ქართველთა  თავდადებას და ვაჟკაცობას. თვალებგაბრწყინებულნი ჰყვებოდნენ 1757 წლის იმ ომის ამბებს, რომელშიც მეფე სოლომონ პირველმა თათრებს ისტორიული სირცხვილი აჭამა და კუდით ქვა ასროლინა. თუმცა, ამ ომში, ჩვენდა სამარცხვინოდ, თათრების გარდა, სოლომონ მეფის წინააღმდეგ გამყიდველი ქართველებიც იბრძოდნენ...

გათენდა 14 დეკემბერი. ხრესილის ველზე მტრის ურიცხვი ჯარი იდგა. სოლომონი თათრების ლაშქარში მეწინავე რაზმით შეიჭრა, ფაშას თავი  გააგდებინა და სანამ მტერი გონს მოვიდოდა, საკვირველი გამარჯვება მოიპოვაო, - ჰყვებოდა ღიმილით სახეგანათებული ბაბუა. მაგრამ ბაბუასა და ეფროსინე მამიდასთვის საამაყო იყო ამ ომში კაცია მესხორაძის მოხერხება, რომელიც დღეს ნამდვილად დაუჯერებელი იქნება. თუმცა, მერწმუნეთ, ასე ყოფილა. ბაბუის ნაამბობს ეფროსინე მამიდა დიდი მოწიწებით უკრავდა კვერს. კაცია მესხორაძე კი ეფროსინე მამიდას დიდი ბაბუა გახლდათ.

მოკლედ, როცა თათრების ჯარმა უკან დახევა და გაქცევა დაიწყო, ერთმა ნაწილმა ხრესილის მარჯვენა მხარეს, სოფელ ცუცხვათისაკენ ქნა პირი, ცუცხვათი გაიარა და თავი მაღარას გამოქვაბულს შეაფარა.

მდევარმა ვერაფერი გააწყო გამოქვაბულში გამაგრებულ რაზმთან. ეს კი სოფლის მოსახლეობას კარგს არაფერს უქადდა, - სულ ცოტა ხანში დაიწყებდნენ პირუტყვის მოტაცებას და აქაურთა შევიწროებას. გაიმართა ბჭობა, - გამოქვაბულიდან როგორ გამოეყვანათ თათრები. სოფელში ქუდზე კაცის მხმობელი კაცია მესხორაძე ყოფილა. კაციას ჯამბაზობაც ეხერხებოდა თურმე. ერთი კარგად გაწვრთნილი ვაცი თხა ჰყოლია, რომელიც პატრონის ყველა ბრძანებას უნაკლოდ ასრულებდა - ორ ფეხზეც დადიოდა და ნაირგვარ განსაცვიფრებელ ილეთს აკეთებდა.

შეპირებისამებრ, მეორე დღეს, გამოიყვანა თურმე მაღარას გამოქვაბულის წინ კაციამ თავისი ზარ-ეჟვნებით, ზიზილ-პიპილებით, წითელ-ყვითელი ლენტებით მორთულ-მოკაზმული ვაცი და აათამაშა. სოფლის მებრძოლები გაფრთხილებული ჰყოლია - როდესაც თათრები გამოქვაბულიდან სანახაობის საყურებლად გამოვლენ, მიიპარეთ და გამოქვაბული ჩაკეტეთო.

მართლაც, კაცია და ზარ-ეჟვნებით აჟღარუნებული ვაცი ისეთ თვალსასეირო ილეთებს აკეთებდნენ თურმე, გაოცებული თათრები გარეთ გამოლაგებულან. ამასობაში ქართველთა რაზმი სამალავიდან გამოსულა და ქვაბული ჩაუკეტავთ. თათრები გონს მერეღა მოსულან და მდინარისაკენ დაქანებულან, მაგრამ ქართველები დასდევნებიან.

ზოგს სული იქვე დაუტოვებია, ზოგს კი  ცოცხალ-მკვდარს ახალციხისკენ გაუსწრია. გაქცეულთაგან ერთს დაუძახია, - ისეთი სარტყელი დაგვრჩა გამოქვაბულში, ერთ სახელმწიფოს იყიდისო. რამდენად მართალია ამ სარტყლის ამბავი, არ ვიცი. მაგრამ ჩვენ რომ ხრესილზე გავიმარჯვეთ, ნამდვილად სიმართლეა. ასეთი გამარჯვებები ნუ მოგვაკლოს ღმერთმა. ბაბუა, 1940 წელს 95 წლისა გარდაიცვალა. მე ამ ამბიდან მეხუთე თაობა გახლავართ, 85 წლის ოთარ მესხორაძე. ინებოს უფალმა, ჩემ შემდგომ თაობებს ჩემი წინაპრების მოხერხება და ვაჟკაცობა გამოჰყოლოდეთ.

ოთარ მესხორაძე