გამაგებინე, როგორ დაგირეკო? - კვირის პალიტრა

გამაგებინე, როგორ დაგირეკო?

ჩვენს ცხოვრებაში იმდენი ცვლილება ხდება, ლამის თავს რეტი დაგვესხას. თუმცა ყველაზე მეტად დამაბნეველი სატელეფონო კომუნიკაციების ცვლილებები აღმოჩნდა - ხალხი ტელეფონებით ხელში დადის და დარეკვას ვერ ახერხებს. რედაქციაში უამრავი წერილი მოდის. მოსახლეობა ამ სატელეფონო ლაბირინთში გარკვევას გვთხოვს.

ჩემო ძვირფასებო, ერთი ჩვეულებრივი დიასახლისი გახლავართ და იმედია, არ დამძრახავთ, რომ ტელეფონით დარეკვის ახალ წესებს ვერაფერი გავუგე. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ასე მარტო მე არ ვარ. ზოგი დილიდან წუწუნებს, - ხალხი არ ხართ, გამაგებინეთ, "მაგთიფიქსზე" სახლიდან როგორ დავრეკოო, ზოგს კიდევ მობილურიდან შინ დარეკვა ვერ მოუხერხებია.

მე რას ჩამოვთვლი, ვის რომელ სატელეფონო კომპანიის ოპერატორთან უნდა დაკავშირება, მაგრამ ცხადია, რომ დიდი დაბნეულობაა. პირადად მე უმწეოდ ხან მობილურს მივვარდები შვილებთან დასარეკად, ხან ქალაქის ტელეფონს, მაგრამ იქიდან ავტომატი მელაპარაკება, - ნომერს არასწორად კრებთ, დარეკვის წესი შეიცვალაო. ამიტომაც ძალიან გთხოვთ, ხალხის დახმარება ნუ დაგეზარებათ, ჩვენი მადლი მოისხით და გაზეთში დაბეჭდეთ, სად როგორ დავრეკოთ.

პატივისცემით, ნანული გრძელიშვილი

ჩვენ დავუკავშირდით შესაბამის სამსახურს და აღნიშნული ცვლილებების შესახებ ჩავიწერეთ:

მობილურიდან მობილურზე დარეკვისას ვკრებთ 5-ს, შემდეგ მობილური ოპერატორის კოდს, მაგ.: 77; 99 დაბოლოს მობილური ნომრის ექვსნიშნა რიცხვს.

მობილურიდან ქალაქის ფიქსირებულ ქსელებზე დარეკვისას ვკრებთ გამსვლელ კოდს 8-იანს, შემდეგ ქალაქის კოდს (მაგ.: თბილისისთვის 32), შემდეგ 2-იანს და ბოლოს ქალაქის ნომერს, მაგ.: თბილისში დარეკვისას ვკრებთ 8.32.2 შემდეგ ქალაქის ტელეფონის ნომერს.

ქალაქის ფიქსირებული ქსელებიდან მობილურ ტელეფონზე დარეკვისას ვკრებთ გამსვლელ კოდს 8-იანს, შემდეგ მობილური ოპერატორის ინდექსს, მაგალითად: 77, 99 და ბოლოს, - მობილური ტელეფონის ექვსნიშნა რიცხვს. მაგალითად: 8.5.99.XXXXX...

მობილურიდან უკაბელო "მაგთიფიქსზე" დარეკვისას (ცვლილება ძალაში შევა 27 ივნისიდან) ვკრებთ გამსვლელ კოდს 8, შემდეგ ციფრ 7-ს, შემდეგ, - "მაგთიფიქსის" კოდს 90-ს, შემდეგ კი - "მაგთიფიქსის" ექვსნიშნა რიცხვს. მაგალითად: 8.7. 90. XXXXX. იგივე ოპერაცია ხორციელდება "სილქნეტისთვისაც" კოდით - 8.7.91, შემდეგ ექვსნიშნა რიცხვი, მაგ.: 8.7.91 XXXXX.

უკაბელო "მაგთიფიქსიდან" უკაბელო "სილქნეტზე" დარეკვისას იკრიბება პირველად ციფრი 7, შემდეგ 91 და "სილქნეტის" ექვსნიშნა ნომერი. მაგალითად: 7.91 XXXXX და პირიქით "სილქნეტიდან" "მაგთიფიქსზე" დარეკვისას ვკრებთ 7.90 XXXXX.

"მაგთიფიქსიდან" და "სილქნეტიდან" ქალაქის ფიქსირებულ ნომრებზე დასარეკად ვკრებთ 8, შემდეგ იმ ქალაქის კოდს, რომელსაც ვუკავშირდებით, შემდეგ 2, შემდეგ ქალაქის ტელეფონის ნომერს.

"მაგთიფიქსიდან" და "სილქნეტიდან" მობილურ ოპერატორებზე დასარეკად ვკრებთ გამსვლელ კოდს 8, შემდეგ 5, შემდეგ მობილური ოპერატორის კოდი. მაგალითად 99; 77 (8.55 XXXXX).

ქალაქის ტელეფონებიდან (ფიქსირებული) უკაბელო "მაგთიფიქსსა" და უკაბელო "სილქნეტზე" დარეკვისას ვკრებთ 8, შემდეგ შესაბამისად იკრიბება "მაგთიფიქსის" (790) და "სილქნეტის" (791) კოდი, შემდეგ ამ ოპერატორების ექვსნიშნა ნომერი. მაგალითად, "მაგთიფიქსისა": 8. 790. XXXXX....