"შვილო, ნურაფრის გეშინია" - კვირის პალიტრა

"შვილო, ნურაფრის გეშინია"

ყველაფერი ხდება: შეიძლება გზა ისე აგერიოს, წინ ვერაფერი დაინახო. ისიც შეიძლება, გზას ხედავდე, მაგრამ ნაბიჯი მცდარად გადადგა, ფეხი გადაგიბრუნდეს და წაიქცე. კაცი კი იმას ჰქვია, ვინც წაქცეული ადგება და ბურუსშიც მშვიდობიანად გაიკვლევს სავალს. რაც უნდა ძნელი იყოს ეს, გვერწმუნეთ, ასეთი კაცები არსებობენ.

დედის ამ წერილს კი სწორედ მათთვის ვბეჭდავთ, ვინც უნებურად წაიქცა, მაგრამ თვითონვე უნდა წამოდგეს... სანამ დედის წერილი გიგა გოგიჩაშვილთან ციხეში მივიდოდა, "ჩვენთან გამოიარა".

შვილო, გიგა! გახსოვს, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქარელის გიმნაზიაში სწავლისას, 12 წლისამ, წმინდა გიორგის ხატი როგორ მოქარგე? მაშინ ჩვენი მეუფე ეფრემი იყო შენი მოძღვარი და ხატი იმან გიკურთხა. როდესაც ხატი რუის-ურბნისის ეპარქიის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის წააბრძანეს, ისე განიცადე მასთან განშორება, სიცხეც  კი მოგცა. მერე, როგორ გიხაროდა, როდესაც მეუფე იობმა დავით აღმაშენებლის სახელობის მედალიონები გაჩუქათ გიმნაზიის გამარჯვებულებს... მე გუშინდელ დღესავით მახსოვს ყველაფერი და შენც არ დაგავიწყდებოდა - შენი თვალები ისე ასხივებდა ღვთისა და ადამიანის სიყვარულს. იცი, რაზე ვფიქრობ ხოლმე?

ადამიანის ცხოვრებაში განსაცდელი უბრალოდ არ მოდის... ვიცი, როგორ გიჭირს მანდ ყოფნა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს განსაცდელი რწმენაში გაძლიერებს. თვალს ავახელ თუ არა, შენი ხმა ჩამესმის, - რა ბედნიერებაა, რომ ტაძარში შესვლა შეგიძლიათ, თქვენ ვერ გრძნობთ, ეს რა დიდი სიკეთეა. აუცილებლად იარეთ, უფალს ნუ დაშორდებითო.

შენც უფრო გაძლიერდი უფლის სიყვარულით, შვილო. მართალია, ქსნის ახალი ციხის ეზოში ეკლესია ჯერ არ არის აშენებული, მაგრამ მოძღვრები ხშირად შემოდიან. მადლობა ღმერთს, ვიცი, რამხელა შვებას განიჭებს აღსარება და ზიარება. დაე, ამ ღვთის დიდ საიდუმლოებებთან ზიარებამ ძალა და მადლი შეგმატოს...

20 წელი ციხეში შეგისრულდა. მახსენდება შენი სიტყვები, - ღმერთთან ყველაზე ახლოს ახლა ვარ და რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნებიო. შვილო, უფალი გფარავდეს და შენი მოქარგული წმინდა გიორგის ხატი იყოს შენი მცველი.

დედაშენი ნანა გიორგაშვილი