"ერის სულიერება ჩვენი, უბრალო ხალხის მხრებზეა" - კვირის პალიტრა

"ერის სულიერება ჩვენი, უბრალო ხალხის მხრებზეა"

ჩვენო მკითხველო, დარწმუნებული ვართ, გვაპატიებთ, თუ გულწრფელი სიყვარულისთვის მადლობას ყოველთვის ვერ გიხდით, მაგრამ გჯეროდეთ,  ძალზე გვახარებს, რომ გველით და გიყვარვართ. ეს არის მთავარი - ჩვენი თანაზიარობა სულიერი ღირებულებების, სიცოცხლის, ქვეყნის სიცოცხლის საწინდარია.

ძალიან გვიხარია, როცა ერის სულიერ ღირებულებებზე წერთ. თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის, გაზეთის ყოველი ნომერი ალბათ მხოლოდ გარკვეული დროით ცოცხლობს და მერე ახლის მზადებას იწყებთ, მკითხველს კი მათი წერილები ხშირად გამუდმებით თან სდევს. ერთხელ თქვენს გაზეთში ერთი კეთილშობილი ქალბატონი წერდა, - კარგი იქნებოდა, თითოეულ თეატრთან დიდ თეატრალურ მოღვაწეთა მემორიალი შექმნილიყოო. ეს წერილი ჩამრჩა გულში და მას შემდეგ მის პასუხს გულით დავატარებდი. ახლა დავწერე და გიგზავნით: პატივცემულო ქალბატონო, იცოდეთ, რომ ერის სულიერება თქვენნაირების და ჩვენნაირების - უბრალო ხალხის მხრებზეა, ჩვენ უნდა შევინახოთ ეს ქვეყანა და არა მთავრობებმა.

თქვენი იდეაც საერო იყო და ამიტომაც თქვენგან დამოუკიდებლად ჩვენ, ოზურგეთელებმა, რამდენიმე წლის წინ ჩვენს უძველეს თეატრთან, პარკში, აღვმართეთ მემორიალი  კულტურის იმ დიდებული წარმომადგენლების პატივსაცემად, რომლებმაც უდიდესი ამაგი დასდეს ქართულ ეროვნულ თეატრალურ ხელოვნებას.

ესენი არიან: სესილია თაყაიშვილი, სიკო დოლიძე, ცეცილია და ალექსანდრე წუწუნავები, სანდრო ჟორჟოლიანი, ვიქტორ ნინიძე, გიგოლა თალაკვაძე, ქეთევან ბოჭორიშვილი, ვასო ყუშიტაშვილი, გიორგი როსება, ლადო მალაზონია, გიორგი სალუქვაძე, ლამარა თურმანიძე, რომან ლომინაძე, მიხეილ შავიშვილი და სხვა გამოჩენილი, წუთისოფლიდან მარადისობაში გარდასული მოღვაწენი... ყველა ისინი ჩვენს თეატრშიც მოღვაწეობდნენ. ახლა მემორიალს ამშვენებს ღამით განათებული დიდი ჯვარი.

ამ დიდებული საქმის მოქმედი ოზურგეთელი ბახუტა ოთხმეზური გახლავთ.

მანამდე, სანამ დიდებულ წინაპართა ხსოვნის უნარი არ დაგვეკარგება ქართველებს, არც საქართველო დაიკარგება.

უღრმესი პატივისცემით, არსენ კეჭაყმაძე, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა წევრ-კორესპონდენტი, ასოცირებული პროფესორი