"ყველა იმას შესტირის, ვისი იმედიც აქვს" - კვირის პალიტრა

"ყველა იმას შესტირის, ვისი იმედიც აქვს"

ჩემო მართალო გაზეთო "კვირის პალიტრავ"! იმ მრავალთაგან ერთ-ერთი მეც ვარ, ვისაც ცხოვრებას ულამაზებ. განსაკუთრებით მადლობელი ვართ "პალიტრის ფოსტისა" - ჩვენს პრესაში ჯერ ასე არავის გამოუხატავს უბრალო ხალხის სიხარულიც და ტკივილიც... ახლა, ამ წერილს რომ ვწერ, ვფიქრობ: თუ დახმარებას ვერ შეძლებთ, ხალხს ჩვენს ამბავს მაინც გააგებინებთ და ესეც ხომ დიდი შვება იქნება-მეთქი.

მოგეხსენებათ, რომ წინანდალი ალექსანდრე ჭავჭავაძის სოფელია. სოფლის მშვენება ჭავჭავაძეების ოდესღაც განთქმული სასახლე-მუზეუმი გახლავთ. ამიტომაც მინდა ამ მუზეუმის გამო გამოწვეული გულისტკივილიც გაგანდოთ. იმხელა შემოსავალი ვინ მოგვცა, ჭავჭავაძიანთ ეზოში შესვლაზე ორ-ორი ლარი ვიხადოთ. იმას არ ვამბობ, წინანდლელებმა მუზეუმში შესვლაზე ფული საერთოდ არ უნდა გადავიხადოთ-მეთქი, მაგრამ ხომ შეიძლება ჩვენმა ბავშვებმა ცოტა შეღავათიან ფასად დაათვალიერონ მუზეუმი? მით უფრო, რომ მუზეუმის ამჟამინდელ სტუმართაგან განსხვავებით, ნამდვილად ფეხაკრეფით ივლიან.

ამ სახელგანთქმული სოფლის სხვა პრობლემაზეც მინდა მოგწეროთ: უკვე ყველგან ეღირსნენ კარგ გზებს, ჩვენი სოფლის გზები კი ისეთ სავალალო მდგომარეობაშია,  ტრანსპორტი კი არა, ფეხით სიარული ჭირს. გზას გადაურჩები და სასმელი წყალი შეგიქმნის საფრთხეს, ერთი პატარა წვიმა საკმარისია და ონკანებში  ტალახი მოდის, - ჩვენი წყალი მთიდან ეშვება, ხევს გამოივლის, იქ ტალახი და სიბინძურე ერევა. ათეულობით წელია, ამ დღეში ვართ.

გვაპატიეთ, რომ წინანდლელთა საწუხარიც მოგახვიეთ თავს. მაგრამ ხომ იცით, ყველა იმას შესტირის, ვისი იმედიც აქვს. ჩვენ კი თქვენი იმედი გვაქვს.

უშანგ აღდგომელაშვილი